14.იანვარი .2021 20:10

„ფქვილის სუბსიდირება საკმარისი აღარ არის“ - მთავრობა სუბსიდიის გაზრდაზე მსჯელობს

„ფქვილის სუბსიდირება საკმარისი აღარ არის“ - მთავრობა სუბსიდიის გაზრდაზე მსჯელობს
views 377
უკან

პურის გაძვირების შესაჩერებლად მთავრობას დიდი ალბათობით დამატებითი ფინანსური რესურსის გამოძებნა მოუწევს. ფქვილის ფასის 4-თვიანი (დეკემბერი-მარტი) სუბსიდირებისთვის მთავრობამ 10 მილიონი ლარი გაითვალისწინა, თუმცა ბოლო პერიოდში წისქვილკომბინატები აქტიურად საუბრობენ, რომ 1 ტომარა ფქვილზე 10 ლარის სუბსიდია საკმარისი აღარ არის და მთავრობას მოქმედი სუბსიდირების მექანიზმის გადახედვა მოუწევს. მათი თქმით, თუ სუბსიდიის ამოქმედებისას 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი 63 ლარი ღირდა, დღეს მისი ფასი 67-68 ლარს შეადგენს.

“10 ლარიანი სუბსიდია არ ყოფნის იმისათვის, რომ წისქვილკომბინატებმა მონაწილეობა მიიღონ ტენდერში და ფიქსირებულ 53 ლარად მოხდეს პურის ქარხნებისთვის ფქვილის მიწოდება , რომ საბოლოო პროდუქტი- პური- არ გაძვირდეს. შესაბამისად, ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მთავრობა, რადგან გამოწვევა არ არის მარტო ხორბალი, რომლის ფასი საკმაოდ გაზრდილია, არამედ გამოწვევა არის აგრეთვე ლარის კურსი, იმიტომ რომ ლარის კურსის ტენდენცია საკმაოდ ბუნდოვანია და კიდევ ერთი გამოწვევა დაემატა ელექტროენერგიის ფასის სახით.

დიდი ალბათობით პროგრამაში შეიცვლება პარამეტრები არსებული სუბსიდირების 10 ლარიდან დაახლოებით 15 ლარამდე გაზრდის შესახებ“-აცხადებს მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სილაგავა.

ფქვილის სუბსიდირების 4 თვიანი პერიოდი ორ ნაწილად იყოფა. ერთი ტენდერი, რომელშიც 8 წისქვილკომბინატი იღებს მონაწილეობას 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე პერიოდს მოიცავს. მეორე ეტაპის ტენდერი კომპანიების ინფორმაციით, სავარაუდოდ, 25 იანვარს უნდა გამოცხადდეს. წისქვილკომბინატებს იმედი აქვთ, რომ მეორე ეტაპზე სუბსიდირების პარამეტრები გადაიხედება.

„მეორე ეტაპზე უკვე გვემატება ისეთი ფაქტორები როგორიცაა ხორბლის გაზრდილი ფასი, ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი, ლარის მერყევი კურსი და შესაბამისად ვფიქრობთ, რომ პურისა და ფქვილის ფასის სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით გადასახედია სუბსიდირების პროგრამის შემდეგი ეტაპის პირობები. გვაქვს მოლოდინი, რომ სუბსიდირების თანხა გაიზრდება, რათა უზრუნველყოფილი იქნას როგორც ფქვილის მწარმოებლების ინტერესი ტენდერისადმი, ისე მომხმარებლების ინტერესი არ გაეზარდოთ პურის ფასი“- აცხადებს გვანცა ქიმაძე, კომპანია „გლობალ მინინგის" დირექტორი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ადასტურებენ, რომ მსჯელობა სუბსიდიის მექანიზმის ცვლილებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა და რა მოცულობის სახსრებს დაამატებს სუბსიდირებისთვის უკვე გამოყოფილ 10 მილიონს, ჯერ უცნობია.

„დღეისთვის, რაზეც მიდის მსჯელობა, ესაა სუბსიდირების გაზრდა. ვნახოთ რა რაოდენობამდე მიიღებს გაზრდის გადაწყვეტილებას მთავრობა, მაგრამ ეს ძალიან მალე იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი. რა გადაწყვეტილებაც, არ უნდა იქნას მიღებული, ეს მოსახლეობის წინაშე ნაკისრ ვალდებულებას, რომ პური არ გაძვირდება, არ ეხება და პური ნამდვილად არ გაძვირდება“-აცხადებს მინისტრის მოადილე გელა ხანიშვილი.

წისქვილკომბინატები ფქვილზე ფასების მორიგ ზრდას არ გამორიცხავენ, რადგან საერთაშორისო ბაზარზე, მათ შორის რუსეთში ხორბალი ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაძვირდა. თუ სექტემბერში 1 ტონა ხორბლის შესასყიდი ფასი 200 დოლარი იყო, დღეს მისი ღირებულება 270 დოლარამდეა გაზრდილი. ხოლო მას შემდეგ, რაც რუსეთი მარცვლეულის იმპორტზე კვოტირებას აამოქმედებს და საბაჟო ტარიფებსაც გაზრდის, მეხორბლეების გათვლებით, 1 ტონა შესასყიდი ხორბლის ღირებულება 300 დოლარამდე გაიზრდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა