მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფქვილის სუბსიდირება, შესაძლოა, აპრილ-მაისშიც საჭირო იყოს - ლევან სილაგავა

603d065d3d9c4
ვიქტორია მღებრიშვილი
03.03.21 09:00
836
ხორბლის ფქვილის სუბსიდირების პროგრამის მიხედვით, 1 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით რეალიზებულ პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე საქართველოს მთავრობამ  პურ-პროდუქტების წარმოებისთვის სუბსიდიის მოცულობა ერთ ტომარაზე (50 კგ.) 15 ლარით განსაზღვრა.

დადგენილების მიხედვით, აღნიშნული პროგრამა 1 აპრილამდე მოქმედებს. „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ პურის ფასის შენარჩუნების მიზნით, სუბსიდირების პროგრამის საჭიროება შესაძლოა აპრილ-მაისშიც იყოს.

„მეპურეების სამიზნე ფასი ტომარა ფქვილზე 53 ლარი აქვთ, რათა პურის ფასი არ გაძვირდეს. დღეს ტომარა ფქვილის საბაზრო ღირებულება 68 ლარია. 1 თვის განმავლობაში, ფქვილის ფასი, თუ ლარი დოლართან მიმართებაში მკვეთრად არ გაუფასურდა, შესაძლოა შემცირების მიმართულებით დაკორექტირდეს, თუმცა 53 ლარამდე ვერ ჩამოვა. ეს ნაკლებად რეალურია. შესაბამისად, თუ მთავრობა პურზე ფასის შენარჩუნებას ამავე მექანიზმის გადაწყვეტს და პურის მწარმოებლების მოთხოვნას გაჰყვება, მაშინ სუბსიდირება აპრილ-მაისშიც უნდა გაგრძელდეს, რადგან თავისუფალი ბაზრის პრინციპით ფქვილი ფასი 53 ლარამდე, ხორბლის ფასიდან გამომდინარე არ დაიწევს.

თუ მთავრობა აღარ გააგრძელებს სუბსიდირებას და თავისუფალ ბაზარზე გაუშვებს ფქვილის ფასს, მაშინ პური 15-20 თეთრით გაძვირდება. როგორც მეპურეები ამბობენ, დღეს რომ სუბსიდირება არ ყოფილიყო, დღესაც გაძვირებული იქნებოდა პური“, - განმარტავს ლევან სილაგავა და დასძენს, რომ სუბსიდირებისას კიდევ რამდენიმე მექანიზმი განიხილება.

„შესაძლოა, თავად პურის ფასის სუბსიდირება მოხდეს და არა - ფქვილის; ასევე, შეიძლება განიხილონ სოციალურად დაუცველებისთვის თითო პურის გადაანგარიშებაზე რა თანხაც გამოვა თვეში, ამ თანხის სუბსიდირება. ამ შემთხვევაში პური ფქვილის ფასიდან გამომდინარე თავისუფალ ბაზარზე გაძვირდება, რაც პურის გაძვირებას გამოიწვევს“.

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” ხელმძღვანელის პროგნოზით, საერთაშორისო ბაზარზე ახალი მოსავლის აღების სეზონის მოახლოებასთან ერთად ხორბალის ღირებულება შესაძლოა შემცირდეს. მისი თქმით, რუსეთის მიერ დაანონსებულმა რეგულაციებმა ბაზარზე თავის დროზე აჟიოტაჟი გამოიწვია, რამაც ხორბლის გაძვირება გამოიწვია.

„რუსეთის მიერ პირველი კვოტირების გამოცხადება, შემდეგ ხორბლის ექსპორტის 25 ევროთი დაბეგვრა, შემდეგ კი, 50 ევროთი, ამან საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასისი რყევა გამოიწვია. მოლოდინების დროსაც იმოქმედა. სხვა დიდ რყევებს მსოფლიო ბაზარზე არ ველოდებით. ამასთან, მაისში ხორბლის ფასის დამაბალანსებელი დადებითი ფაქტორი შეიძლება ახალი მოსავლის მოლოდინები იყოს. ამ პერიოდში ისტოირულად ფასი ან ქვემოთ მოდის, ან სტაბილიზაცია ხდება. რაც უფრო მოახლოვდება ახალი მოსავლის აღების პერიოდი, მით უფრო დაბალანსდება ხორბლის ფასი საერთაშორისო ბაზარზე“, - განმარტა ლევან სილაგავამ.