მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფქვილის სუბსიდირება უნდა გაგრძელდეს ან საგადასახადო შეღავათები დაწესდეს“-ლევან სილაგავა

6030a377bf774
ელენე გოგბერაშვილ
20.02.21 19:30
1299

საქართველოსთვის რუსული ხორბალი გაძვირდა. მეზობელმა სახელმწიფომ დაანონსებული რეგულაციები აამოქმედა და იმპორტი შეზღუდა. დაწესდა კვოტები და ახალი საბაჟო ტარიფები. 15 თებერვლიდან რუსეთიდან მხოლოდ 17,5 მილიონ ტონა მარცვლეულის იმპორტია დაშვებული, თითოეულ ტონაზე კი 25 ევროს საბაჟო გადასახადი მოქმედებს, რაც 1 მარტიდან 50 ევრო გახდება.

რუსული რეგულაციები ამით არ მთავრდება, 1 ივლისიდან ქვეყანა ე.წ მცურავი ბაჟის ახალი მექანიზმის ( საერთაშორისო ფასს გამოკლებული $200 და მიღებული სხვაობის 70%) ამოქმედებას განიხილავს, რათა მარცვლეულის იმპორტი ახალი მოსავლის მიღების შემდეგაც გააკონტროლოს.

დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ რუსეთის მხრიდან ამოქმედებულმა და მოსალოდნელმა რეგულაციებმა საერთაშორისო ბაზარზე დაძაბულობა უკვე შექმნა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო თითქმის სრულად იმპორტირებულ ხორბალზეა დამოკიდებული, ფასები შეიცვალა საქართველოშიც.

„გარკვეული რაოდენობის ხორბალი შემოტანილი გვაქვს ბაჟის გარეშე, თუმცა ის, რომ დაანოსნდა ახალი ბაჟი, აჟიოტაჟი მაინც იყო და ხორბლის ფასი მაინც გაიზარდა, თუმცა არა ისე, როგორც 15 თებერვლის შემდეგ, მაგრამ გაზრდილი ფასებია. შესაბამისად ეს მოქმედებს ჩვენს ბაზარზე. თუ შევხედავთ გრძელვადიანად, სექტემბრიდან დღემდე ხორბლის ფასი მომატებულია 100 დოლარით ანუ 200 დოლარი იყო და დღეს 300 დოლარია, შესაბამისად ეს გადასულია ფქვილში, რომლის ფასი 53 ლარი იყო და ახლა 68 ლარის ფარგლებშია“- აცხადებს მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სილაგავა და დასძენს, რომ ფასების მხრივ რთული წელი გველის.

სილაგავა რთულ წელს იმის გამოც პროგნოზირებს, რომ ამერიკაში ხორბლის ნათესების 30% ყინვების გამო საფრთხეშია, ამასთან რუსეთში წელს ანალიტიკოსები მილიონ ნახევარი ტონით ნაკლებ ხორბლის მოსავალს ელოდებიან. აღნიშნული ნეგატიური ფაქტორების გათვალისწინებით იმისთვის, რომ საქართველოში ფასები არ გაიზარდოს, მთავრობას სავარაუდოდ პრევენციული ღონისძიებების გაგრძელება ისევ მოუწევს.

„აქედან გამომდინარე ჩვენ კომუნიკაციაში ვართ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან და ალბათ 1 აპრილის მერეც გარკვეული ღონისძიებებიც იქნება გასატარებელი, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გვინდა, რომ სოციალური პურის ფასი იყოს სტაბილური.

რამოდენიმე სცენარია: პირველი ან უნდა შენარჩუდეს იგივე სუბსიდირების პროგრამა, რადგან ფასი ფქვილის არ იქნება ისეთი, რაც პურის საცხობების მხრიდან არის მოთხოვნილი. სამწუხაროდ ფქვილის ფასი 68 ლარიდან ვერ ჩამოვა 53 ლარზე. აქედან გამომდინარე ან უნდა გაგრძელდეს სუბსიდირების პროგრამა ან უნდა გაკეთდეს საკანონმდებლო ცვლილებები დღგ-ს ან საბაჟო გადასახადების მოხსნის კუთხით, რაც გაძვირების პროპორციული იქნება. ასე გააკეთა აზერბაიჯანმა, რომელმაც დღგ-ს ჯაჭვი გაათავისუფლა, ასე გააკეთა თურქეთმა, როცა საიმპორტო ბაჟი მოხსნა“-აცხადებს სილაგავა.

როგორც ცნობილია, ხორბლის და შემდგომ ფქვილის გაძვირება მთავარ სამომხმარებლო პროდუქტზე, პურზე რომ არ ასახულიყო, ფასების ზრდა მთავრობამ 4 თვის განმავლობაში 10 მილიონიანი სუბსიდირების მექანიზმით გადააზღვია, რომელიც მარტში იწურება. რომ არა სუბსიდია, როგორც მეპურეები ამბობენ, დღეს პური 15-20 თეთრით უფრო ძვირი ეღირება.

როგორც გადააზღვევს ამჯერად მოსალოდნელ ფასების ზრდას მთავრობა, ეს დროში გამოჩნდება.

ფაქტია, იმის გამო, რომ ქვეყანა ხორბლის საკუთარი მოხმარების მხოლოდ 10%-ს აწარმოებს, ფასებზე ამას გავლენა არ აქვს. სამაგიეროდ მზარდია რუსეთიდან განხორციელებული იმპორტი. მხოლოდ გასულ წელს საქართველომ რუსეთიდან 488 ათას ტონაზე მეტი ხორბლის და მესლინის იმპორტი განახორციელა, რაშიც 17,3 მილიონი დოლარი დავხარჯეთ.