მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფქვილზე საიმპორტო გადასახადი წესდება - ფქვილის იმპორტის დინამიკა წლების მიხედვით

647494df5e840
ვიქტორია მღებრიშვილი
29.05.23 23:00
1023
საქართველოს მთავრობამ რუსული ფქვილის იმპორტზე საიმპორტო გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, დადგენილება მუშავდება და გადასახადის მოცულობა ამ დადგენილებაში გაიწერება. უნდა აღინიშნოს, რომ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებლები, რუსული ხორბლის საექსპორტო ბაჟის დაწესების საპირწონე გადასახადის ამოქმედებას ერთი წელია, რაც ითხოვენ, თუმცა ხელისუფლებაში დღემდე ამის საჭიროებას ვერ ხედავდნენ. დღეს კი ოთარ შემუგიამ განმარტა, რომ დროებითი გადასახადი, ადგილობრივი გადამმუშავებლების სტაბილური მუშაობის მიზნით შემოიღეს, რათა წელს გაზრდილი მოსავლის გადამუშავება და ხორბლის იმპორტი შეძლონ. მაშინ როდესაც დარგის წარმომადგენლები ერთი წელია აცხადებდნენ, რომ მათთვის ხორბლის იმპორტი არარენტაბელური იყო, რის გამოც ხორბლის იმპორტიორთა ნაწილი ფქვილის იმპორტზე გადაეწყო. შედეგად ქვეყანაში წისქვილების ნაწილი გაჩერდა, ფქვილის იმპორტი კი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ხორბლის ფქვილის იმპორტი ზრდის დინამიკით 2021 წლიდან ხასიათდება. სწორედ 2021 წლის 2 ივნისიდან აამოქმედა რუსეთმა ხორბალზე ბაჟი, რითაც ადგილობრივი წარმოების ექსპორტს შეუწყო ხელი.

წლების მიხედვით ფქვილის იმპორტის სტატისტიკას თუ შევხედავთ, საქონლის შემოტანის მაჩვენებელი ასეთია:

2020 წელი - 3 მლნ დოლარი, 10 800 ტონა;
2021 წელი - 12 მლნ დოლარი, 37 576 ტონა;
2022 წელი - 68 მლნ დოლარი, 181 706 ტონა;

წლების განმავლობაში რუსეთი საქართველოსთვის მთავარ საიმპორტო ბაზრად რჩებოდა. 2022 წელს რუსეთის წილი ფქვილის მთლიან იმპორტში 99% იყო. გარდა ამისა მცირე მოცულობით, ფქვილის იმპორტი თურქეთიდან, იტალიიდან, ყაზახეთიდან, ლიეტუვა, უკრაინა, ავსტრია, საფრანგეთი, საბერძნეთი.


რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის ფქვილის იმპორტის მაჩვენებელს, წელს ამ დროისთვის საქართველოში 17.8 მლნ დოლარის ღირებულების 58 037 ტონა. რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით ღირებულებით 8.6%-ით, მოცულობით კი 20.7%-ით მეტია. იმპორტის 98.4% რუსეთზე მოდიოდა. ჯამში ამ პერიოდის განმავლობაში რუსული ფქვილის იმპორტმა 17.2 მლნ დოლარი, 57 163 ტონა შეადგინა.

ფქვილის იმპორტის ზრდის პირობებში 2021 წლიდან ხორბლის იმპორტი კლების ტენდენციას აჩვენებდა. წლების მიხედვით სტატისტიკური მაჩვენებელი ასეთია:

2020 წელი - 107.8 მლნ დოლარი, 490 663 ტონა;
2021 წელი - 93.4 მლნ დოლარი, 366 909 ტონა;
2022 წელი - 64.7 მლნ დოლარი, 184 063 ტონა;

2023 წლის 4 თვის მონაცემებით, ამ ბაზარზე დამოკიდებულება 96.4% იყო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წელს პირველი ოთხი თვის განმავლობაში ქვეყანაში ხორბლის იმპორტი, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით მცირედ 6.3%-ით გაიზარდა. შესაბამისად, ამ პერიოდში 45 580 ტონა ხორბლის შესაძენად საქართველოდან 14.4 მლნ დოლარი გავიდა.

რაც შეეხება რუსეთს, ამ პერიოდში საქართველომ რუსეთიდან 13.8 მლნ დოლარის 44 096 ტონა ხორბალი შეიძინა. ხორბალი და მესლინი რუსეთიდან იმპორტირებული უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფების ხუთეულში მეხუთე ადგილზეა. ამ ბაზრიდან საქონლის იმპორტი კი 4 თვის ჭრილში ღირებულების მიხედვით 17.2%-ითაა გაზრდილი.