მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფრანგი მილიარდერის მიერ BT-ის წილის შეძენის საკითხს ბრიტანეთის მთავრობა გამოიძიებს

628f7b32819af
გიორგი თოლორდავა
26.05.22 17:20
887
გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელი ორგანო ფრანგი მილიარდერი პატრიკ დრაჰის მიერ კომპანია BT-ის 18%-იანი წილის შეძენის საკითხთან დაკავშირებით შესწავლის პროცესს იწყებს, რომელიც დაადგენს - აქვს თუ არა დრაჰის ერთ-ერთი უძველესი ბრიტანული კომპანიის შეძენის უფლება.

BT ტელეკომუნიკაციების სექტორში წარმოდგენილი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც ლონდონში 1846 წელს დაფუძნდა და მსოფლიოს მასშტაბით 100,000-მდე თანამშრომელს ასაქმებს. 1984 წლამდე BT სახელმწიფოს კუთვნილებაში იყო, თუმცა შემდეგ მისი პრივატიზება მოხდა.

დრაჰი მაროკოში დაბადებული ფრანგულ-ებრაული წარმოშობის ბიზნესმენია, რომელიც ცნობილ სააუქციონო სახლ Sotheby’s-ს ფლობს. Forbes-ის მიერ დრაჰის ქონება 7 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, მისი სიმდიდრის ძირითად წყაროს კი სატელეკომუნიკაციო სექტორში განხორციელებული ინვესტიციები წარმოადგენს.

აღნიშნული საკითხი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ბრიტანეთის ბიზნეს მდივანმა განაცხადა, რომ, შესაძლოა, დრაჰის არამარტო 18%-ის, არამედ კომპანიის 30%-ზე მეტი წილის შეძენა სურდეს, რაც მას BT-ის უმსხვილეს ინვესტორად აქცევს, აქციების შესყიდვის მოვლენას კი - ბრიტანეთისთვის ეროვნული მნიშვნელობის საკითხად.

საგულისხმოა, რომ ეროვნული უსაფრთხოებისა და საინვესტიციო აქტის მიხედვით, მაქსიმალურადაა შეზღუდული მსხვილი ბრიტანული კომპანიების უცხოელ ინვესტორებზე გასხვისება, მარეგულირებლისა და მთავრობის BT-ის გარიგებით დაინტერესება კი სწორედ ამ მოცემულობითაა განპირობებული.

„მთავრობა საკმაოდ მგრძნობიარეა ამ საკითხთან დაკავშირებით, განსაკუთრებით უსაფრთხოების თვალსაზრისით. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი კმაყოფილი დარჩებიან პატრიკ დრაჰის მიერ BT-ის ხელში ჩაგდებით“, - განმარტავს Enders Analysis-ის ექსპერტი კარენ იგენი.