ფრანგული ფარმაცევტული გიგანტი Sanofi აცხადებს, რომ BionNTech-თან შეთანხმებით კომპანია 125 მილიონი დოზა კოვიდ-ვაქცინის წარმოებას განიხილავს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, კომპანია ვაქცინის წარმოებას ზაფხულში ფრანკფურტში მდებარე საწარმოში დაიწყებს.
„ჩვენ გვიხარია, რომ შევძლებთ დამატებითი დოზა ვაქცინის წარმოებას, რომელიც პოტენციურად მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას შეძლებს“,- განაცხადა Sanofi-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პოლ ჰადსონმა.
პოლ ჰადსონის განცხადებით, Sanofi-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხელი შეუწყოს BioNTech-ს და Pfizer-ს, COVID-19 ვაქცინის წარმოებაში და პრეპარატის გლობალურ მიწოდებაში.
„ჩვენი მთავარი პრიორიტეტია სრულად გამოვიყენოთ ჩვენი ძალისხმევა გლობალურ პანდემიასთან საბრძოლველად. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ამას გავაკეთებთ იმისთვის, რომ განვავითაროთ საკუთარი COVID-19 ვაქცინების კანდიდატები ამ თანამშრომლობის პარალელურად“,- განაცხადა პოლ ჰადსონმა.