მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნესი შორს უნდა იყოს პოლიტიკისგან" - ნოდარ გიორგაძე

63de60dec3a76
გიორგი არონია
05.02.23 11:30
1738

“ბიზნესისა და პოლიტიკის ერთმანეთში არევა არ შეიძლება”, - ამის შესახებ მსხვილმა ევროპელმა ინვესტორმა და “ჯინო ჰოლდინგის” დამფუძნებელმა, ნოდარ გიორგაძემ BMG TV-სთან განაცხადა. მისივე თქმით, ყველაზე დიდი დახმარება, რომელიც ხელისუფლებამ შეიძლება ბიზნესს გაუწიოს, ბიზნესის კეთებისთვის შესაძლებლობის მიცემაა.

“ბიზნესი შორს უნდა იყოს პოლიტიკისგან. ბიზნესისა და პოლიტიკის ერთმანეთში არევა არ შეიძლება. თუ გახსოვთ, იყო ასეთი პერიოდი, ბენზინში წყალს რომ ურევდნენ და აღარც ბენზინი რომ იყო და აღარც წყალი, რამაც ათასობით მანქანა და ძრავა დააზიანა. ანალოგიური სიტუაციაა პოლიტიკისა და ბიზნესის შემთხვევაში - არ შეიძლება, ისინი ერთმანეთს შეერიოს. ბიზნესმა ბიზნესის საქმე უნდა აკეთოს, ხოლო პოლიტიკამ - პოლიტიკის. ერთხელ, წლების წინ, პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ერთ დიდ შეკრებაზე, თბილისში, სადაც სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელი ქართველი ბიზნესმენები შეგვკრიბეს, ძალიან მაღალი რანგის მინისტრების მხრიდან დაისვა ასეთი შეკითხვა: რაში შეგვიძლია დაგეხმაროთო? მართლა გინდათ იცოდეთ, რაში დამეხმაროთო, ვკითხე. კი-ო, მიპასუხეს, რაზეც ვუთხარი, ხელი არ შეგვიშალოთ-მეთქი. ხელი მარტო იმაში შეგვიწყვეთ, რაც შეგვიძლია ვაკეთოთ, რადგან ეს უკვე დიდი დახმარებაა”, - ამბობს ნოდარ გიორგაძე.

ინვესტორის აზრით, ბიზნესისთვის განსაკუთრებით დამღუპველია ბიუროკრატია და სწორედ ესაა ის მიმართულება, რომელშიც ხელისუფლებას საკუთარი დადებითი წვლილის შეტანა შეუძლია.

“ძალიან ბევრ ქვეყანაში ბიუროკრატია კლავს ყველაფერს - მომიტანე ქაღალდი, რომ მოგცე ქაღალდი. აი, ეს კატასტროფა და დამღუპველია. სახელმწიფოს მართლა შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს, როგორც საქმის სწრაფად გაკეთებაში, ასევე მის გაფუჭებაში. სლოვაკეთში მუშაობა და საქმის კეთება რატომ მიხარია, იცით? პროექტს რომ ვიწყებ და ხელისუფლებასთან ვათანხმებ, მათ შორის სოფლის ხელმძღვანელობას, რეგიონის ხელმძღვანელობას, რეგიონულ სამინისტროს ვეუბნები, რომ, აი, ამის გაკეთება მინდა და ყველა მეტყვის, რომ კი, პან დოქტორ, ეს ძალიან კარგია და დაიწყე - იქ ყველაფერი დამთავრდა. კი, ზოგჯერ იქაც ვიღაც მაფერხებს, რის მერეც ვურეკავ და ვეკითხები, რამე შეიცვალა-მეთქი, ამ პროექტში რომ მაფერხებთ? მას შემდეგ, მომენტალურად წყდება საკითხები, რადგან სახელმწიფო ინტერესი ყველაფერზე მაღლა უნდა დადგეს, რადგან სახელმწიფო ინტერესი არის ხალხის ინტერესი, ხოლო ხალხის ინტერესი არის ჩვენი შვილების, შვილიშვილების და შთამომავლობის ინტერესი და როგორ შეიძლება ამის გაფუჭება? ამიტომაც მიმაჩნია, რომ თუ ბიზნესი საკუთარ საქმეს გააკეთებს, ხოლო პოლიტიკა - საკუთარს, ყველაფერი დალაგდება”, - განაცხადა ნოდარ გიორგაძემ BMG TV-სთან საუბრისას.

ცნობისთვის: ნოდარ გიორგაძე ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპელი ინდივიდუალური ინვესტორია, რომელსაც, ბოლო ათი წლის განმავლობაში, საქართველოსა და სლოვაკეთში, 240 მილიონი ევრო აქვს ინვესტირებული - აქედან საქართველოზე 87 მილიონი ევრო მოდის. ნოდარ გიორგაძეს ეკუთვნის თბილისის ზღვის მიმდებარედ ასაშენებელი მეგაპროექტი “გრინ სითი”, რომელიც, თავის დროზე, 500 მილიონ ევროდ იყო შეფასებული, მაგრამ ახლა, უკვე 750 მილიონადაა შეფასებული. ინვესტორის თქმით, მომდევნო ხუთ წელიწადში, „ჯინო ჰოლდინგი“ თბილისში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.