22.სექტემბერი .2021 15:07

Freedom House: საქართველო ინტერნეტის თავისუფლებით რეგიონში პირველია, თუმცა პროგრესი სტაგნაციაშია

Freedom House: საქართველო ინტერნეტის თავისუფლებით რეგიონში პირველია, თუმცა პროგრესი სტაგნაციაშია
views 453
უკან

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-მა მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც 2020 წლის ივნისიდან - 2021 წლის მაისის მდგომარეობით ქვეყნებში ციფრული ცენზურისგან თავისუფლების დონეს ზომავს. რეიტინგში საქართველოს ქულა 77-ს შეადგენს და ის წინა წელთან შედარებით ერთი ქულით არის გაზრდილი. ამ მაჩვენებლით საქართველო რეგიონის ყველა წევრ ქვეყანას ასწრებს. ინდექსი რამდენიმე ძირითადი პარამეტრით იზომება, მათ შორისაა, ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობა, ინტერნეტ ცენზურისგან თავისუფლება და ინტერნეტის მომხმარებლის უფლებების დაცვა.

“საქართველო რეგულარულად ატარებს ღია და კონკურენტულ არჩევნებს და მისმა დემოკრატიულმა განვითარებამ 2012-2013 წლებში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ კარგი ტრაექტორია აჩვენა. თუმცა უკანასკნელ წლებში პროგრესი სტაგნაციაშია. ოლიგარქიულ აქტორებს გააჩნიათ მნიშვნელოვანი გავლენა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკასა და გადაწყვეტილებებზე, ხოლო სამართლებრივი სისტემა კი პოლიტიკური ინტერესების გავლენის ქვეშაა", - ნათქვამია ანგარიშში.

ასევე, ანგარიშში წერია, რომ ინტერნეტთან წვდომა საქართველოში იზრდება, თუმცა ინტერნეტის ინფრასტრუქტურის გაფართოების მიზნით მთავრობის მუშაობა “ნელა პროგრესირებს”. საუბარია ასევე მთავრობის ინიციატივაზე რეგიონების ინტერნეტიზაციასთან დაკავშირებით, რა პროცესიც ქვეყანაში დაბალი ტემპით მიმდინარეობს. ანგარიშში ასევე მოხვდა “კავკასუს ონლაინის” საქმეც, სადაც 2020 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული კომუნიკაციების კომისიის მიერ სპეციალური მმართველი არის დანიშნული. ანგარიშში კრიტიკულად არის შეფასებული 2020 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა შედეგადაც კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება გაფართოვდა.

რეიტინგი სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება, ესენია:

● ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა - მაქსიმალური ქულა 25, საქართველოს ქულა 19;
● კონტენტის შეზღუდვა - მაქსიმალური ქულა 35, საქართველოს ქულა 31;
● მომხმარებლის უფლებების შეზღუდვა/შელახვა - მაქსიმალური ქულა 40, საქართველოს ქულა 27.

რეგიონის წევრი ქვეყნების შედეგები ინდექსში ასეთია:

● საქართველო - 77 ქულა;
● სომხეთი - 71 ქულა;
● უკრაინა - 62 ქულა;
● აზერბაიჯანი - 35 ქულა;
● თურქეთი - 34 ქულა
● ყაზახეთი - 33 ქულა
● რუსეთი - 30 ქულა;

Freedom House-ის ანგარიში ეყრდნობა სხვადასხვა არასამთავრობო თუ სახელმწიფო ორგანიზაციის შეფასებებს, მედიაში გამოქვეყნებულ მასალებსა თუ კვლევებს. მათ შორის ანგარიშში წყაროდ არის გამოყენებული bm.ge-ის მიერ მომზადებული სტატიები ქვეყანაში “საყოველთაო ინტერნეტიზაციის” პროგრამის შესახებ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა