მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფრენების გადადების გამო უცხოეთიდან შემოსული ჯავშნები სრულად გაუქმდა - სასტუმრო "წესი"

5f27e3d86d545
ინგა მურუსიძე
03.08.20 22:22
1667
რაჭაში 2019 წლის აგვისტოში ახალი სასტუმრო, „წესი“ კერძო ინვესტიციით გაიხსნა. ახლადგახსნილ სასტუმროს 2020 წელს, პანდემიის დროს დახურვა მოუწია, თუმცა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ შემოწმების და ნებართვის მიღების შემდეგ 16 ივლისს გაიხსნა.

როგორც bm.ge-ს „წესის“ დირექტორი, ნუკრი მეტრეველი უყვება, სასტუმროს მენეჯმენტი არ ელოდა, მაგრამ გახსნის დღიდან სტუმრების სიმცირეს არ უჩივის, თუმცა შემოსავლების არარსებობის გამო თანამშრომლების ნაწილის სამსახურიდან გაშვება მოუწიათ.

„ზაფხულში ჩვენ ველოდით სტუმრებს უცხოეთიდან, მათ შორის უკრაინიდან, ისრაელიდან, ჩეხეთიდა და რუსეთიდან. გვქონდა ჯავშნები, ტურისტები თავიდან ფიქრობდნენ, რომ ჩამოვიდოდნენ, თუმცა საერთაშორისო რესიების დაწყების გადაწევამ გამოიწვია ჯავშნების გაუქმება, ბოდიშიც მოიხადეს, რადგან აპირებდნენ ამოსვლას, თუმცა იმის გამო, რომ ფრენების აღდგენა გადაიდო, ჯავშნები გაუქმდა. რაც შეეხება ადგილობრივ სტუმრებს, ჩვენ 16 ივლისს გავიხსენით და მოლოდინი არ გვქონდა დატვირთვის, თუმცა ხალხი სულ გვყავდა.შარშანდელიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ სეზონზე ხალხი გვყავს“, - განაცხადა მეტრეველმა.  

სასტუმროს დირექტორი ამბობს, რომ ერთდროულად 60 სტუმრის მიღება შეუძლიათ და ნომრების ფასები 150 ლარამდე მერყეობს.

„ფასებს რაც შეეხება, 2 კაციანი სტანდარტული ნომერი ჩვენთან ღირს 140 ლარი და მომსახურეობაში შედის საუზმე. საოჯახო ნომერი გვაქვს და მისი ღირებულება 250 ლარია. ერთდროულად 60 სტუმრის მიღება შეგვიძლია. ჩვენ მხოლოდ საინფორმაციო ბუკლეტებით და ინფორმაციით ვეხმარებით სტუმრებს, თუ რა შეუძლიათ ნახონ რაჭაში“, - განაცხადა მეტრეველმა.