19.იანვარი .2021 10:15

ფრინველის ხორცის რეგლამენტი ადგილობრივ მწარმოებლებზეც უნდა გავრცელდეს - „ინვეტი“

ფრინველის ხორცის რეგლამენტი ადგილობრივ მწარმოებლებზეც უნდა გავრცელდეს - „ინვეტი“
views 250
უკან

მთავრობამ ფრინველის ხორცის შესახებ რეგლამენტის მოქმედება, რომელიც ძალაში გასული წლის ოქტომბრიდან შევიდა, 1 აპრილამდე შეაჩერა. აღნიშნული რეგლამენტით, იმპორტირებული ფრინველის ხორცს თან უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დოკუმენტი, ხოლო მასში მითითებულ გაყინულ ხორცში, წყლის საერთო რაოდენობა 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

აღსანიშნავია, რომ რეგულაცია ჯერ კიდევ 2020 წლის აპრილში უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ მთავრობის გადაწყვეტილებით, ის ძალაში 20 ოქტომბერს შევიდა. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მაშინ განმარტავდა, რომ რეგლამენტის ამოქმედების გადადება პანდემიას უკავშირდებოდა და იმისთვის გაკეთდა, რომ ბაზარზე ხორცის დეფიციტი არ შექმნილიყო, რაზეც მაშინ ხორცის იმპორტიორები აქტიურად საუბრობდნენ. ამჯერად, დავითაშვილის უწყება რეგლამენტის მოქმედების შეჩერების მიზეზად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიმდინარე განხილვას ასახელებს. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან იკითხება, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული რეგლამენტი, WTO-ს წევრი სახელმწიფოების ექსპორტიორების მოთხოვნის საფუძველზე შეჩერდა.

„ფრინველის ხორცის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის გადავადება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიმდინარე განხილვასთან არის დაკავშირებული. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების თანახმად, მსო-ს წევრი ქვეყნების ექსპორტიორებმა, სავაჭრო ურთიერთობების და ექსპორტთან დაკავშირებული საკითხების ჭრილში მოითხოვეს ფრინველის ხორცის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტთან დაკავშირებული საკითხის ორგანიზაციაში განხილვა, რაც 60-დღიანი ტექნიკური პროცედურაა. უკვე შედგა პარტნიორ ქვეყნებთან მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი, სადაც მათ დეტალურად განემარტათ რეგლამენტის შინაარსი, რაც ვაჭრობის სამართლიანი წესების და კეთილსინდისიერი მწარმოებლის ინტერესების დაცვას გულისხმობს; ამავდროულად, მისი მიზანია, ადგილობრივი მწარმოებლების და იმპორტიორებისთვის თანაბარი პირობების შექმნა“, - განმარტავენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

დავითაშვილის უწყების ეს განმარტება ადგილობრივ მწარმოებლებს უცნაურად ეჩვენებათ. ამბობენ იმასაც, რომ რეგულაციამ ადგილობრივ მწარმოებლებს ამოსუნთქვის საშუალება მისცა, თუმცა თუ სახელმწიფოს სურს, ყველა თანაბარ პირობებში ჩააყენოს, კომპანია "ინვეტის" ხელმძღვანელი ემხრობა, რეგლამენტში გაწერილი წესები ადგილობრივ წარმოებაზეც გავრცელდეს.

„სანამ მივიღებდით ამ რეგლამენტს, ჩვენი ფერმერები ძალიან მძიმე დღეში იყვნენ, იმპორტირებულმა პროდუქციამ სავალალო მდგომარეობა გამოიწვია ბაზარზე. ამ რეგულაციამ დაძაბულობა ცოტათი მოხსნა. უკეთესი მდგომარეობა ახლაც არ არის, რადგან მსყიდველუნარიანობა დაბალია და ამას ისიც დაემატა, რომ ნედლეულზე ფასმა მოიმატა და რეალიზაცია არ არის სახარბიელო. ამ რეგულაციის მოხსნა გამოიწვევს იმას, რომ შემოვა კვლავ დაბალხარისხიანი იმპორტირებული პროდუქცია და ბოლოს მაინც მომხარებელი შევა შეცდომაში.

თუ მსოლფიო სავაჭრო ორგანიზაციაში საკითხის განხილვის არგუმენტი ადგილობრივი წარმოების და იმპორტიორების ერთ პირობებში ჩაყენებაა, მხოლოდ იმპორტირებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი არ უნდა მოხდეს და ადგილობრივი მწარმოებლები კონტროლის გარეშე იყვნენ. უნდა მოხდეს ორივეს კონტროლი და ჩვენ, ფერმერებიც მზად ვართ, ხარისხიანი და კარგი პროდუქცია მოხვდეს ბაზარზე. თანახმა ვართ, ქათმის ხორცში წყლის 5%-ის შემცველობაზე მოთხოვნა გავრცელდეს ადგილობრივ მწარმოებლებზეც და დაცული იყოს მომხმარებლები. ეს სტანდარტი ჩვენ არ მოგვიგონია, ეს საერთაშორისო სტანდარტია, თუმცა რატომ მოხდა, რომ ამან WTO-ს ში გამოიწვია კითხვები, ცოტა გასაკვირია. უცნაურია, რომ ამ სტანდარტის შეჩერება მოხდა გაურკვეველი არგუმენტებით“, - აცხადებს დავით შალამბერიძე.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც რეგლამენტი ამოქმედდა, ქათმის ხორცის იმპორტიორებს ძირითადად პრობლემა ბრაზილიისა და აშშ-ს ბაზრებზე შეექმნათ, რადგან რეგლამენტით მოთხოვნილ შესაბამისობის დოკუმენტს ისინი არ გასცემდენენ და კერძო ლაბორატორიების დაქირავება თავად იმპორტიორებს მოუწიათ. გაიზარდა ხარჯები, რაც პროდუქციაზე გაძვირების მიმართულებით ასახეს.

ვინც მედიასთან ღიად საუბრობს, განმარტავს, რომ ახალ რეგულაციას მოერგნენ, თუმცა მისი ამოქმედების რამდენჯერმე გადადება ბიზნესს არასტაბილურობის განცდას უჩენს.

რა კავშირშია საქართველოს მთავრობის დადგენილების შეჩერებასთან WTO? WTO-ს წევრობა ავალდებულებდა თუ არა საქართველოს მთავრობას „ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340 დადგენილების ძალაში შესვლმდე, ინფორმაცია მიეწოდებინა WTO-სთვის ან WTO-ს წევრმა რომელმა ქვეყნებმა მოითხოვეს, საქართველოს მთავრობის 340-ე დადგენილების შეჩერება საკითხის განხილვამდე და ა.შ. - bm.ge-მ შესაბამისი კითხვები სამინისტროს უკვე გაუგზავნა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა