მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Frontera არ დავობდა $3.5 მილიარდზე - კომპანიის დირექტორი

5e469701d26ea
შოთა ტყეშელაშვილი
14.02.20 18:00
1591
Frontera-ს აღმასრულებელი დირექტორი ზაზა მამულაიშვილი ამბობს, რომ კომპანიას მიმდინარე საარბიტრაჟო დავაში “ნავთობისა და გაზის კორპორაციისგან” $3.5 მილიარდი არასდროს მოუთხოვია. კომპანიის დირექტორის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია “ნავთობისა და გაზის კორპორაციის” 2018 წლის ანგარიშის საფუძველზე გავრცელდა და ის შეცდომაში შემყვანი იყო.

Frontera-სა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის მიმდინარე საარბიტრაჟო დავა არის უმსხვილესი, რომელშიც საქართველოს მთავრობა არის ჩართული. მხოლოდ იურიდიული მომსახურების შეძენა სახელმწიფოს $7.4 მილიონი დოლარი უჯდება. დავის შესახებ არაერთი განცხადება აქვთ გაკეთებული აშშ-ის როგორც სენატის, ასევე კონგრესის წარმომადგენლებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ წერილებში კონგრესმენები საქართველოს მთავრობას კანონის უზენაესობის დაცვისკენ მოუწოდებენ.

კითხვა - ნავთობისა და გაზის კორპორაციის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, თქვენ სააგენტოსგან მიუღებელი შემოსავლის სახით $3.5 მილიარდი აშშ დოლარის კომპენსაციას ითხოვდით. რა მაჩვენებლებზე დაყრდნობით დათვალეთ ეს რიცხვი? ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, თქვენ ამ თანხაზე გქონდათ შეტანილი ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა, თუმცა შემდგომში ამ მოთხოვნაზე უარი თქვით.

პასუხი - "ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, პირველ რიგში ჩვენ არ ვუჩივით სახელმწიფოს, საქმე პირიქით არის. სახელმწიფო გვიჩივის ჩვენ. მე კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ კომპანია სახელმწიფოს არ ედავება $3.5 მილიარდ დოლარზე.

$3.5 მილიარდი დოლარი, ეს გახლავთ ის თანხა, რომელიც პოტენციურად შეგვეძლო მიგვეღო ჩვენ, თუკი სახელმწიფო ხელს არ შეგვიშლიდა, რომ გაგვეგრძელებინა ოპერაციები. მაგრამ ეს არ გახლავთ ის თანხა, ან ის მიუღებელი შემოსავალი, რომელთან დაკავშირებითაც კომპანია ედავება სახელმწიფოს. კომპანია არ ედავება სახელმწიფოს და არც წამოუწყია არანაირი სასამართლო პროცესი მის მიმართ,”- ამბობს ზაზა მამულაიშვილი.

Frontera-ში აცხადებენ, რომ მათ მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება 2013 წლიდან შეიცვალა, რაც მოხდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ აღმოსავლეთ საქართველოში მნიშვნელოვანი მოცულობის ბუნებრივი გაზის მარაგის არსებობის შესახებ დაიწყო განცხადებების კეთება.

საარბიტრაჟო დავაში “ნავთობისა და გაზის კორპორაცია” კომპანიისგან $70-80 მილიონი დოლარის ანაზღაურებას მოითხოვს.

"ძალიან ღრმა იურიდიულ დეტალებში რომ არ შევიდეთ, გეტყვით, რომ მათ უნდათ, რომ შეგვიწყვიტონ ხელშეკრულება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ბევრი წელი კიდევ შეგვიძლია ვიმუშავოთ ადგილზე - რაც არსებული ხელშეკრულებით არის განსაზღვრული.

მათ უნდათ, რომ ვადამდე ადრე შეგვიწყვიტონ ეს ხელშეკრულება და ასევე ითხოვენ ჩვენ მიერ დაახლოებით $80 მილიონი დოლარის გადახდას, თითქოს ჩვენ სახელმწიფოს მიმართ გვაქვს ეს თანხა გადასახდელი, რაც ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს,”- ამბობს ზაზა მამულაიშვილი.