მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Frontera ეკონომიკის სამინისტროს განცხადებას პასუხობს

5ef34e52b8842
შოთა ტყეშელაშვილი
24.06.20 17:25
943
ამერიკული ენერგოკომპანია Frontera ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, დავით თვალაბეიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. კომპანია აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტრომ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების უგულვებელყოფა უნდა შეწყვიტოს.

"2020 წლის 22 ივნისს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მცდარი საჯარო განცხადება გაავრცელა. მთავრობამ უნდა შეწყვიტოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების უხეში უგულებელყოფა. საქართველოს მთავრობამ ვერ მიაღწია "ფრონტერასთან" საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მეშვეობით ხელშეკრულების გაუქმებას. საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტოს უსასრულო მუქარა იმასთან დაკავშირებით, რომ 27 ივლისს თვითნებურად გააუქმებს კონტრაქტს", – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, "საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს".

"ის, რომ მინისტრის მოადგილე მუდმივად საწინააღმდეგოს ამტკიცებს, არასწორია. მივმართავთ საქართველოს მთავრობას, გაჩერდეს და თავი დაანებოს მუდმივ მუქარას, შევიწროებას, ჩვენი ბიზნესისა და მისი თანამშრომლების დაშინებას. კონტრაქტის თვითნებურად გაუქმება, შეწყვეტა ან ჩვენი კომპანიის ნავთობისა და გაზის ოპერაციებით მითვისების სხვა მცდელობები არის უკანონო, კრიმინალური ექსპროპრიაციის აქტი. ამ კვირაში ეკონომიკის მინისტრმა გაავრცელა მცდარი ინფორმაცია შეერთებული შტატებიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ "2020 წლის პირველ კვარტალში აშშ–ის ინვესტიციები გაიზარდა 34%-ით და აშშ-მა დაიკავა მეორე ადგილი ყველაზე მსხვილ ინვესტორთა შორის". ეს არის სავალალო მცდელობა, დაფარონ ის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლის წინაშე აშშ-ს კერძო სექტორის ინვესტიციები დგას", – აღნიშნულია განცხადებაში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, საარბიტრაჟო დავის შემდეგ სახელმწიფო მზადაა, გამონახოს კომპრომისი, რათა ფრონტერამ საქართველოში საქმიანობის გაგრძელება შეძლოს.

"ორი თვის წინ დასრულდა დავა საერთაშორისო არბიტრაჟში საქართველოსა და კომპანია ფრონტერას შორის და ყველა მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ქართულმა მხარემ დააყენა, პოზიტიური გადაწყვეტილება იქნა მიღებული", – ამბობს მინისტრის მოადგილე.

"ჩვენ მზად ვართ ეს საკითხები გავიაროთ კომპანიასთან და ვეცადოთ, გამოვნახოთ იმგვარი კომპრომისი, რომ შესაძლებელი იყოს კომპანია ფრონტერას მიერ არსებულ საბადოებზე გარკვეული პირობებით მუშაობის გაგრძელება", – აცხადებს დავით თვალაბეიშვილი, – "რა თქმა უნდა, მისი მხრიდან შესაბამისი გარანტიის მიღებით".

ქართულ მხარესა და Frontera-ს შორის დავა საარბიტრაჟო ტრიბუნალში მიმდინარეობდა, სადაც საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო და ნავთობისა და გაზის კორპორაცია ამერიკულ კომპანიას 1997 წლის ხელშეკრულების დარღვევას ედავებოდა. საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ Frontera-მ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების ნაწილი ვერ შეასრულა. სასამართლოს გადაწყვეტილება საჯარო არაა, შესაბამისად საზოგადოებისთვის არაა ცნობილი ზუსტად GOGC-ის რა არგუმენტები გაიზიარა სასამართლომ და რა იყო ამ დავის დეტალები.