24.ივლისი .2020 11:55

Frontera ეკონომიკის სამინისტროს პასუხობს - კონტრაქტის შეწყვეტის იურიდიული საფუძველი არ არსებობს

views 418
უკან

ამერიკული ენერგოკომპანია Frontera ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პასუხობს. კომპანია აღნიშნავს, რომ სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებული განცხადება იმის თაობაზე, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება Frontera-სთან არ მოშალოს ხელშეკრულება, შეცდომაში შემყვანია და სინამდვილეში მთავრობას არ გააჩნია არანაირი იურიდიული საფუძველი იმისთვის, რათა მათთან კონტრაქტი მოშალოს.

"საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა“-სთან კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა,"- ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს გუშინდელ განცხადებაში. 

Frontera-ს განცხადება - პასუხი ეკონომიკის სამინისტროს:

"საქართველოს მთავრობამ განაგრძო საჯარო დეზინფორმაციული კამპანია ჩვენს კომპანიასთან მისი კონტრაქტის და ბოლო საარბიტრაჟო მოქმედების შედეგების შესახებ, რომელიც მთავრობამ ჩვენს წინააღმდეგ წამოიწყო 2018 წელს. ჩვენ მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას, შეაჩერონ ეს გამიზნული მოტყუების, ზიანის მიყენებისა და არაგულწრფელობის პრაქტიკა და ნაცვლად ამისა, უშუალოდ ჩვენს კომპანიასთან პატიოსანი თანამშრომლობა დაიწყონ, რათა ამ გზით, ხელი შეუწყონ პარტნიორობის ჭეშმარიტი სულისკვეთების განვითარებას.

ხუთშაბათს, წლების განმავლობაში მუქარისა და შევიწროების შემდეგ, ოფიციალურმა პირებმა მოულოდნელად განაცხადეს, რომ ”მთავრობამ გადაწყვიტა, ჩვენთან კონტრაქტი არ გააუქმოს”. ეს განცხადება შეფუთული იყო ცილისმწამებლური განცხადებებით, რაც მხოლოდ ჩვენი კომპანიის სახელის გატეხვასა და ჩვენი საქმიანობის შესახებ ყალბი განცხადებების გავრცელებას ემსახურებოდა. გვინდა, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ არასდროს არსებულა ჩვენი ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების არანაირი სამართლებრივი საფუძველი. საქართველოს მთავრობის მუდმივი ცილისწამება არასწორია და მიზანმიმართულ შევიწროებას წარმოადგენს. ის მიმართულია შეცდომაში შეყვანისკენ და დიდსულოვნებისა და კეთილმოსურნეობის შთაბეჭდილების შექნისკენ, როდესაც, ფაქტობრივად, ეს არის არაგულწრფელი ქცევის გაგრძელება, რომლის მიზანი აშშ-დან პირდაპირ უცხოური ინვესტიციების შემოსვლისთვის ეშმაკურად ხელის შეშლაა.

მიმდინარე წლის აპრილიდან ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ საქართველოს მთავრობასთან შეხვედრა. ყველა ეს მოთხოვნა უარყოფილი ან უგულებელყოფილი იქნა. ახლა, მაღალი თანამდებობის პირები ჩვენს კომპანიასთან კონსტრუქციული შეხვედრის ყოველგვარი მცდელობის გარეშე საჯარო განცხადებას აკეთებენ.

ეს არ არის ნორმალური ქცევა, როდესაც საქმე ეხება აშშ-ის კერძო სექტორის უმსხვილეს ინვესტორთან მუშაობას. ოც წელზე მეტია, ჩვენ საქართველოს ამაყი კორპორაციული მოქალაქე ვართ შეერთებული შტატებიდან. ამ პერიოდის განმავლობაში კახეთის რეგიონში 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განვახორციელეთ, აშშ-დან წამყვანი ტექნოლოგია შემოვიტანეთ; ასობით ქართველი და ამერიკელი დავასაქმეთ და საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის შესაძლებლობა შევქმენით. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ტიპის თამაში ცხადყოფს, რომ ეს აშშ-ს ბიზნესისთვის მისასალმებელ გარემოს არ ჰგავს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაიცვან საარბიტრაჟო სასამართლოს ბოლოდროინდელი განჩინება, პატივი სცეს ჩვენი ხელშეკრულების პირობებს, გამართონ ჩვენთან კონსტრუქციული შეხვედრა და პირობა მოგვცენ, რომ სამუშაოს უსაფრთხოდ, დაშინებისა და ახალი პირობების გარეშე დავუბრუნდებით,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა