მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Frontera მთავრობას მიმართავს: შეაჩერეთ გამიზნულად მცდარი და ზიანის მომტანი პროპაგანდა

5f1fd8cdb64f3
შოთა ტყეშელაშვილი
28.07.20 11:51
1129
ამერიკული ენერგოკომპანია Frontera მორიგ განცხადებას აქვეყნებს. განცხადებაში კომპანია აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღის წინ, როდესაც საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ კომპანიასთან კონტრაქტს არ შეაჩერებდნენ, ამის პარალელურად კომპანიას მიმართეს ცნობით, რომ მთავრობა კვლავ შეეცდება, რომ კომპანიასთან არსებული ხელშეკრულების მოქმედება შეჩერდეს. 

Frontera-ს განცხადება:

„გასულ კვირას, 23 ივლისს, საქართველოს მთავრობამ მედიას მოულოდნელად განუცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, ჩვენთან კონტრაქტი 27 ივლისს არ შეჩერებულიყო, როგორც ამას აპრილიდან იმუქრებიან. მიმდინარე კვირაში იგივე შეტყობინება გაავრცელა შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომ, რათა გარკვეულწილად შექმნლიყო შთაბეჭდილება, რომ დიდსულოვანი გადაწყვეტილება ქონების უკანონოდ ჩამორთმევის შეჩერების შესახებ აშშ-საქართველოს პოზიტიური ურთიერთობების სახელით მიიღეს.

საქართველოს მთავრობამ მედიასა და აშშ-ს ოფიციალურ პირებს სრული ისტორიის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა. პრემიერ – მინისტრის მიერ განცხადების გაკეთებიდან მეორე დღეს, 24 ივლისს, გამოგვიგზავნეს იურიდიული შეტყობინება, სადაც მითითებული იყო, რომ იგი კვლავ შეეცდება ჩვენი ხელშეკრულების გაუქმებას და მხოლოდ "დროებით შეაჩერებს" ამ მიზნის განხორციელების მცდელობებს.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას, რომ შეაჩერონ ეს გამიზნულად მცდარი, ზიანის მომტანი და არაგულწრფელი პროპაგანდა და ამის ნაცვლად, გულწრფელი დიალოგი აწარმოონ საზოგადოებასთან, აშშ-ს ოფიციალურ პირებთან და ჩვენს კომპანიასთან უშუალოდ იმუშაონ, რათა ამ გზით ხელი შეუწყონ პარტნიორობის ჭეშმარიტი სულისკვეთების განვითარებას. გვინდა კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ჩვენი ხელშეკრულების 27 ივლისს ან სხვა დღეს ცალმხრივად გაუქმების არანაირი საფუძველი არასდროს არსებულა. მიმდინარე წლის აპრილიდან საქართველოს მთავრობასთან შეხვედრა არაერთხელ გვითხოვია და ამ თხოვნაზე ან უარი მიგვიღია, ან უგულვებელყოფა.

ახლა, მას შემდეგ, რაც მაღალი თანამდებობის პირები ჩვენს კომპანიასთან შეხვედრის მცდელობის გარეშე აკეთებენ საჯარო განცხადებებს, ჩვენ მშვიდად გვიგზავნიან სრულიად საწინააღმდეგო შეტყობინებას იმისთვის, რომ ჩვენი ბიზნესის დაშინება განაგრძონ. საქართველოს მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ ეს არ არის ნორმალური ქცევა, როდესაც საქმე ეხება აშშ-ის კერძო სექტორის უმსხვილეს ინვესტორთან მუშაობას. ეს ნამდვილად არ არის წამახალისებელი რეკლამა ამერიკის კერძო სექტორის იმ პოტენციური ინვესტორებისთვის, რომლებიც დაშინების ამ სახალხო თეატრს უყურებენ.

სპექტაკლი, რომელიც დასრულდა ცილისმწამებლური მედიაკამპანიით, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი კომპანიის დაცინვას და ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით ყალბი განცხადებების გავრცელებას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაიცვას საარბიტრაჟო სასამართლოს ბოლოდროინდელი განჩინება, პატივი სცეს ჩვენი ხელშეკრულების პირობებს, გამართოს ჩვენთან კონსტრუქციული შეხვედრა და მოგვცეს გარანტია, რომ მუშაობის გაგრძელებას საფრთხეების, დაშინებისა და ახალი პირობების გარეშე შევძლებთ,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული განცხადებით, საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო ამერიკულ ენერგოკომპანია Frontera-ს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს, რაც კომპანიის უკანასკნელ განცხადებას ეხება. ამასთან, სახელმწიფო სააგენტო Frontera-ს არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს. 

"სააგენტო რჩება საერთაშორისო არბიტრაჟისა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების ერთგული და კიდევ ერთხელ მიმართავს კომპანია „ფრონტერას“, შემდგომი ინსინუაციების აღსაკვეთად, გაასაჯაროვოს არბიტრაჟის გადაწყვეტილება. იმ შეთხვევაში, თუ კომპანია, აღმასრულებელი მენეჯმენტის მხრიდან გაკეთებული არაერთი საჯარო განცხადების მიუხედავად, თავად არ გაასაჯაროვებს არბიტრაჟის გადაწყვეტილებას, კომპანიის ზემოხსენებული განცხადებები ჩვენს მიერ ჩაითვლება თანხმობად, რის გამოც სააგენტო იტოვებს უფლებას, თავად გაასაჯაროვოს გადაწყვეტილება," - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.