“მე არ მესახება ძალიან რეალურად, რომ Outrider Management-ის ამგვარი მოთხოვნა მთავრობამ გაითვალისწინოს,”- ამის შესახებ BMG-სთან საუბარში კომპანია Frontera-ს გენერალური დირექტორი ზაზა მამულაიშვილი აცხადებს. საუბარია ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგის, Outrider Management-ის განაცხადზე, რომ იმ შემთხვევაში თუ მეთორმეტე სალიცენზიო ბლოკზე ნავთობის მოპოვების ახალი ლიცენზია გაიცემა, ახალ ლიცენზიანტს დაეკისროს იმ თანხების გადახდა, რაც Outrider Management-მა კომპანია Frontera-ში განახორციელა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კომპანია Outrider Management-მა საქართველოს მთავრობას მიმართა და მეთორმეტე სალიცენზიო ბლოკზე ნავთობის მოპოვების ნებართვის მათთვის გადაცემა მოითხოვა.
კომპანიის განცხადების თანახმად, საქართველოში, დაახლოებით, 700 მილიონ ბარელამდე ნავთობის მოპოვების შესაძლებლობა არსებობს, თუმცა მას განაწილების საკმაოდ რთული სტრუქტურა აქვს. ამასთან, Outrider Management-ი ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში მარაგების ზუსტი მოცულობის შესწავლას და მოპოვების სამუშაოების შესასრულებლად ქვეყანაში გამოცდილი ოპერატორის შემოყვანას აანონსებს.
განცხადებიდან ცნობილი ხდება, რომ Outrider Management-ი საქართველოს ნავთობის მოპოვების სექტორში ერთ-ერთი ინვესტორი იყო, კერძოდ კი, კომპანია Frontera-ს კუთვნილი ლიცენზიის მაჟორიტარი მეწილე იყო. Outrider-ის ინფორმაციით, Frontera-ში მათ მიერ განხორციელებული ინვესტიცია პრობლემური აღმოჩნდა და კომპანიას მათ წინაშე $35 მილიონიანი დავალიანება ჰქონდა დაგროვილი, რომლის მოპოვებისთვისაც ის სასამართლო დავაში იყო ჩართული.
„Outrider Management-მა, კალიფორნიულმა საინვესტიციო კომპანიამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას უკვე მიმართა იმისთვის, რათა კომპანიას გადაეცეს უფლება მოიპოვოს ნავთობი და ბუნებრივი აირი მეთორმეტე სალიცენზიო ბლოკიდან. აღნიშნულის შედეგად, საქართველო ამ რესურსების მოპოვებით სარგებელს მიიღებს, თავად კომპანია კი შეძლებს უკან დაიბრუნოს ის საინვესტიციო თანხა, რომელიც ლიცენზიის ამჟამინდელ მფლობელ კომპანიაში განახორციელა", - ნათქვამია კომპანია Outrider Management- ის განცხადებაში.
„Outrider-ი იყო Frontera-ს არასამართლიანი ბიზნეს საქმიანობის მსხვერპლი, ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ მოგვეცემა შესაძლებლობა ხორცი შევასხათ იმ რეალურ პოტენციალს, რაც ამ სალიცენზიო ბლოკს გააჩნია; ან თუ ლიცენზია არ იქნება ჩვენ მიერ მიღებული, სურვილი გვაქვს ის ვალდებულება, რაც ამ სალიცენზიო ბლოკის მფლობელ კომპანიას ჩვენ მიმართ ჰქონდა, გადავიდეს იმ კომპანიაზე, რომელიც ამ ლიცენზიას მიიღებს,“ - ნათქვამია სტივენ ჰოუპის წერილში, რომელიც მან სექტემბერში გიორგი გახარიას გაუგზავნა.
Frontera-ს გენერალური დირექტორის, ზაზა მამულაიშვილის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მთავრობამ დააკმაყოფილოს Outrider Management-ის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ Frontera-ში მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციის ამოღების ვალდებულება გადავიდეს ახალ კომპანიაზე, რომელიც ქვეყანაში ნავთობის მოპოვების ლიცენზიას მიიღებს.
“მე არ მესახება ძალიან რეალურად, რომ ამგვარი მოთხოვნა მთავრობამ გაითვალისწინოს. ასეთი პრაქტიკა პრაქტიკულად არ არსებობს, რომ თუკი ვთქვათ ახალი ლიცენზია იქნა და ახალი კომპანია შემოვიდა მას ვალდებულება ჰქონდეს, რომ იქნება ეს Outrider-ის თუ სხვა ყოფილი ინვესტორის მიმართ, მან აუცილებლად გადაუხადოს ეს თანხა. ასეთი პრაქტიკა არ არის ხოლმე. მე ვერ წარმომიდგენია, რომ თუკი მთავრობა ტენდერზე გაიტანს ლიცენზიას, იქ ვალდებულებაში ჩადოს, რომ წინა კომპანია ვინც იყო და წინა აქციონერი ვინც იყო, ისინი დაკმაყოფილდნენ. ეს პრაქტიკაში არც არის მიღებული,”- განაცხადა ზაზა მამულაიშვილმა.
ცნობისთვის, ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს ტრიბუნალმა Frontera-ს, ნავთობისა და გაზის სააგენტოსა და ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის მიმდინარე დავაზე გადაწყვეტილება 2020 წლის აპრილში მიიღო. სასამართლოში დავა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მის ფარგლებში სახელმწიფო Frontera-ს მიერ სალიცენზიო მოთხოვნების დარღვევაზე დავობდა.
საარბიტრაჟო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს საჩივარი, რის შედეგადაც Frontera-ს სალიცენზიო ტერიტორიის უკან სახელმწიფოსთვის გადაცემა დაევალა.
ზაზა მამულაიშვილის განცხადებით, Frontera-მ სალიცენზიო ტერიტორიის ფართობის 99% სახელმწიფოს გადასცა. ეს იყო ის ტერიტორია, სადაც ნავთობისა და გაზის მოპოვების სამუშაოები არ ხორციელდებოდა. მამულაიშვილის თქმით, სახელმწიფოს ამ ტერიტორიაზე ახალი ლიცენზიანტის შემოყვანისთვის ახალი ტენდერის გამოცხადება შეუძლია. ხოლო სალიცენზიო ფართობის 1%-ზე, სადაც კომპანია ნავთობსა და ბუნებრივ აირს მოიპოვებდა, ლიცენზია კიდევ 7 წლის განმავლობაში იქნება ძალაში.
“ჩვენ დავიტოვეთ ის ტერიტორიები, სადაც ხდება ნავთობისა და გაზის მოპოვება, დანარჩენი, ამ ტერიტორიების მიღმა რასაც ერქვა “საძიებო ფართობი” ის მთავრობას უნდოდა, რომ დაგვებრუნებინა და დავუბრუნეთ. იქ საძიებო სამუშაოები უნდა ჩატარდეს, ანუ ინვესტიციები უნდა განახორციელონ. იქ ლიცენზია ჩვენი კუთვნილი არ არის,”- BMG-სთან საუბარში განაცხადა ზაზა მამულაიშვილმა.
ამასთანავე, Frontera-ს გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში კახეთში ბუნებრივი აირისა და ნავთობის კვლევა-ძიების სამუშაოებზე ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი არის ინვესტირებული, ხოლო ნავთობის რეალიზებით მიღებული შემოსავალი მხოლოდ $60 მილიონია, შესაბამისად Outrider-იც და სხვა მეწილეებიც მათი ინვესტიციების უკან დაბრუნებას ცდილობენ.
“ამ პროექტში ძებნა-ძიების სახით ჩვენ მიერ ინვესტირებულია თითქმის ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი და დაახლოებით $60 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობი და გაზი არის ჯერჯერობით მოპოვებული. თუმცა, ამ ინვესტიციების შედეგად დადგინდა საბადო, მაგრამ ჯერჯერობით მისი მასშტაბური ათვისება არ დაწყებულა. შესაბამისად კომპანია Outrider Management-საც და სხვა კომპანიებსაც, რომელთაც კაპიტალი აქვთ ჩადებული, უკუგება ჯერ არ მიუღიათ. ამ მხრივ გასაგებია Outrider Management-ის და სხვა აქციონერების და მათ შორის ჩემი სურვილიც, რომ უკუგებით დაგვიბრუნდეს ეს კაპიტალი,”- აცხადებს მამულაიშვილი.
თავად Frontera-ში კი რესტრუქტურიზაცია მიმდინარეობს. საკითხის შესახებ უფრო ვრცლად იხილეთ სტატია.
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ