მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Frontera-ს მიერ ნავთობის დაღვრის ასაცილებლად, ნავთობი გადაგვაქვს - ნავთობის და გაზის სააგენტო

61794226d1fa1
შოთა ტყეშელაშვილი
27.10.21 19:40
1235
ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული სსიპ "ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს" უფროსის გიორგი ტატიშვილის განცხადებით, ნავთობის დაღვრის რისკის გამო, მათ კომპანია Frontera-ს კუთვნილი ნავთობის რეზერვუარიდან ნედლი ნავთობის ტრანსპორტირების პროცესი დაიწყეს. ტატიშვილის განცხადებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე მირზაანის ნავთობის საბადოზე მდებარე ჭაბურღილებიდან მოპოვებული ნავთობი გროვდება მირზანიის ნავთობის შემკრებ პუნქტში განლაგებულ მცირე მოცულობის რეზერვუარებში, არსებული მდგომარეობით რეზერვუარები გადავსებულია და არსებობს დაღვრის და ეკოლოგიური კატასტროფის რეალური საფრთხე.

მისი თქმით, გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების რისკების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ კანონმდებლობასთას შესაბამისობით დაიწყო მირზანიის შემკრები პუნქტიდან დედოფლისწყაროს დიდი მოცულობის მქონე რეზერვუარებით დაკომპლექტებულ შემკრებ პუნქტში ნავთობის გადატანის და დასაწყობების პროცესი, რომელიც მიმდინარეობს აღსრულების ეროვნული ბიუროს და მარეგულირებელი ორგანოს თანამშრომლების თანდასწრებით. ამასთანავე, ტატიშვილი აცხადებს, რომ ზაზა მამულაიშვილი, რომელიც “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას” დირექტორია, არაუფლებამოსილი პირია ისაუბროს კომპანიის სახელით.

“გვსურს ხაზი გავუსვათ რამდენიმე გარემოებას: კომპანია „ფრონტერას“ ყოფილი მენეჯერს ზაზა მამულაიშვილს შეწყვეტილი აქვს ყოველგვარი უფლებამოსილება წარმოადგენდეს კომპანია „ფრონტერას“ ან ისაუბროს მისი სახელით, ამავე დროს ტეხასის სასამართლოს (281st Judicial District Court of Harris County, Texas, USA) მიერ გამოცემულია შემეზღუდავი ორდერი, რომელიც უკრძალავს ბატონ მამულაიშვილს და მასთან აფილირებულებს განახორციელოს ნებისმიერი ოპერაცია "ფრონტერას" სახელით. ამასვე ადასტურებს აშშ-ში რეგისტრირებული კომპანია „ფრონტერას“ სათაო ოფისის მიერ გაკეთებული განცხადებებიც. საქართველოში „ფრონტერა“ ყოფილი მენეჯმენტის მიერ არაერთჯერადი, არაკეთილსინდისიერი და უპასუხისმგებლო მოქმედებების თუ უმოქმედობის და მის მიერ მიტოვებული ჭაბურღილებიდან ნავთობის დაღვრის შედეგად საკონტრაქტო ფართობზე დაზიანდა სახელმწიფო ქონება, მკვეთრად გაუარესდა ეკოლოგიური მდგომარეობა, დაირღვა გარემოსდაცვითი, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნები. დღეის მდგომარეობით არსებული გარემოსდაცვითი ზიანი აღემატება 500 000 ლარს,“ - განაცხადა ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა.

თავად ზაზა მამულაიშვილი კი ამ განცხადებას უარყოფს. ის ამბობს, რომ რჩება “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას” გენერალურ დირექტორად, რისი საჯარო რეესტრში გადამოწმებაც ნებისმიერ პირს შეუძლია.

მამულაიშვილის თქმით, “ნავთობისა და გაზის სააგენტოს” უფროსმა არ ისაუბრა მთავარზე - თუ რის გამო შეიქმნა ვითარება, რომ კომპანიის ნავთობის რეზერვუარები გაივსო. საქმე იმაშია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, რასაც კომპანია კატეგორიულად არ ეთანხმება, “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას” ნავთობის რეალიზაციის უფლება შეეზღუდა, რის გამოც კახეთში მოპოვებული ნავთობი რეზერვუარებში დაგროვდა. ამ ნავთობის მოცულობა 10,000 ბარელს შეადგენს.

“ჩვენ რაღაც პერიოდის წინ, ნავთობისა და გაზის კორპორაციამ და ეკონომიკის სამინისტრომ სრულიად უკანონოდ აგვიკრძალეს ნავთობის რეალიზაცია. სასამართლოში გავასაჩივრეთ და იქ არის ახლა პროცესი. ამის გამო, რომ სასამართლოშია ეს საქმე და ვერ ვყიდით ნავთობს, რეზერვუარები აივსო. რადგან გადაივსო ეს რეზერვუარები, მივმართეთ აღსრულების ბიუროს და განვუმარტეთ, რომ გაივსო ეს რეზერვუარები და თუ არ გადავიტანეთ სხვა რეზერვუარებში, შეიძლება მოხდეს დაღვრა. აღმასრულებელმა, რომელმაც ნავთობისა და გაზის კორპორაცია დანიშნა შემნახველად, მოიყვანა ისინი, რათა გადაიტანონ ერთი რეზერვუარიდან მეორეში,”- ამბობს ზაზა მამულაიშვილი.

გიორგი ტატიშვილის მიერ ნავთობის დაღვრის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ასევე პასუხობს ზაზა მამულაიშვილი, რომელიც ამბობს, რომ ჭაბურღული, რომლიდანაც ნავთობის დაღვრა მოხდა, მდებარეობს იმ არეალში, რომელიც Frontera-მ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად სახელმწიფოს გადასცა, შესაბამისად ამჯამად მასზე პასუხისმგებელი სწორედ ნავთობისა და გაზის სააგენტოა.

“ის ტერიტორია, რომელიც დაუბრუნდა სახელმწიფოს, იმ ტერიტორიაზეა ეს ჭაბურღილი, საიდანაც იღვრება ნავთობი და ჩვენ საჯაროდაც გავაკეთეთ განცხადება ადრე, რომ ეს ნავთობი რადგან იღვრება ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება და კაპიტალიც, რომ მოგეხმაროთ და გავწმინდოთ, მაგრამ უარი თქვეს ამაზე და ახლა ჩვენ გარემოსდაცვით ორგანიზაციებთანაც გვქონდა შეხვედრები, რომ მათზე ზეწოლა მოგვეხდინა, რომ რაიმე მოემოქმედებინათ,”- ამბობს მამულაიშვილი.