20.იანვარი .2020 19:00

Frontera-სთან იურიდიული დავა "ნავთობისა და გაზის კორპორაციას" $7.4 მილიონი უჯდება

views 679
უკან

"საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" ამერიკულ ენერგოკომპანია Frontera-სთან საარბიტრაჟო დავაში არის ჩართული. კორპორაცია Frontera-სგან სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დაკმაყოფილებას და საქართველოში საკონტრაქტო ტერიტორიის 99%-ის დაბრუნებას მოითხოვს. თავის მხრივ, Frontera-ც უყენებს სახელმწიფოს მოთხოვნებს. 2018 წლის სექტემბერში კომპანიამ არბიტრაჟში შეიტანა განაცხადი, იმ მოთხოვნით, რომ საქართველოს "ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" მას $3.5 მილიარდი დოლარის მოცულობის კომპენსაცია გადაუხადოს. 

აღნიშნული დავის ფარგლებში "ნავთობისა და გაზის კორპორაციის" ინტერესებს ბრიტანულ-ამერიკული იურიდიული კომპანია Hogan Lovells International-ი იცავს. კომპანიასთან სერვისის მიწოდებაზე ხელშეკრულება 2017 წლის 6 ნოემბერს მთავრობის განკარგულების საფუძველზე გაფორმდა და მისი ჯამური საპროგნოზო ღირებულება $7.4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ეს სახელმწიფოს კომპანიის მიერ იურიდიული მომსახურების მიღებისთვის გაფორმებული ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კონტრაქტია. დღევანდელი გაცვლითი კურსით, კონტრაქტის მოცულობა 20 მილიონ ლარს აღემატება. 


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემაში ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, 2017 წელს კონტრაქტის გაფორმების შემდგომ, Hogan Lovells International-ისთვის ფაქტობრივად გადახდილი თანხა  $6,485,594-ს შეადგენს. აღნიშნული თანხის გადახდა 28 ინდივიდუალური გადახდით განხორციელდა. (შესყიდვის კოდი CMR170189525)

თავად Hogan Lovells International-ი 2010 წელს დაფუძნებული იურიდიული კომპანიაა. მისი სათაო ოფისები ლონდონსა და ვაშინგტონში მდებარეობს და ის დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი იურიდიული ფირმაა. კომპანიაში 2,800 იურისტი არის დასაქმებული. 2018 წელს კომპანიის შემოსავალი მომსახურებიდან $2.12 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. 

Hogan Lovells International-თან ნავთობისა და გაზის კორპორაციის გარდა, მიმდინარე კონტრაქტი აქვს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსაც. აღნიშნული შესყიდვის ღირებულება 472,000 ევროს შეადგენს. (შესყიდვის კოდი CMR200002902)

რა ხდება Frontera-სთან დავაში? 

BMG-ისთან საუბარში ნავთობისა და გაზის კორპორაციის მრჩეველმა ვაჟა ხიდაშელმა დაადასტურა, რომ "ფრონტერამ" საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა თავისი სასარჩელო მოთხოვნების გამოხმობის თაობაზე, რომლებიც 3,5 მილიარდი დოლარის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასაც მოიცავს. ნავთობისა და გაზის კორპორაციის შეფასებით, რაც კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებაშიც არის ასახული, „ფრონტერას“ მოთხოვნები სიმართლეს არ შეეფერებოდა, არ იყო და ვერც იქნებოდა სათანადოდ დასაბუთებული და დაკმაყოფილების მცირე შანსები ჰქონდა. საქმის საარბიტრაჟო განხილვა ჰააგის მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარეობს. GOGC-ში გამოთქვამენ იმედს, რომ საქმეზე განაჩენი 2020 წლის პირველ ნახევარში გამოცხადდება. 

"საუბარი არის მხარეებს შორის საარბიტრაჟო დავაზე. საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობს მიუკერძოებელ საარბიტრაჟო ტრიბუნალში, რომელიც პარიტეტულ საწყისებზე ფორმირებულია მხარეების მიერ. შესაბამისად, საარბიტრაჟო დავის კვალიფიცირება ან დევნის ან ექსპროპრეაციის მცდელობად აბსოლუტურად შეუფერებელია. მითუმეტეს, რომ, დავის დაწყების დღიდან, კორპორაცია და სააგენტო თავს იკავებდა და დღესაც იკავებს ცალმხრივი მოქმედებებისაგან, რომლებიც „ფრონტერას“ რაიმე შეფერხებას შეუქმნის საკონტრაქტო ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელების საქმეში. 

სარჩელი ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს სარჩელი ეხებოდა რამდენიმე დარღვევას, რაც ჩვენი მტკიცებით, განახორციელა "ფრონტერამ". ამ დარღვევებს შორისაა საკონტრაქტო ტერიტორიის უდიდესი ნაწილის - 99%-ის დაუბრუნებლობაც. აღნიშნული ვალდებულება "ფრონტერას" დაუდგა 2017 წლის ნოემბერში. გარდა ამისა, არსებობს რიგი სხვა დარღვევებიც, რომლებიც არბიტრაჟის დაწყების მიზეზი გახდა და რომლებიც მათ შორის ეხება პროდუქციის განაწილებას. უფრო ვრცელ ინფორმაციას მოგაწვდით მას შემდეგ, რაც შევიტყობთ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შინაარსს. სადავო თანხა მცირე არ არის. თავს ავარიდებ ამ ეტაპზე მის დასახელებას. რამდენიმე ალტერნატიული მოთხოვნა არის დაყენებული, შესაბამისად, კონკრეტული ციფრების გამჟღავნებისაგან თავს შევიკავებ. 

ჩვენ სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით განხილვა თითქმის დასრულებულია. საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ველით. 

საარბიტრაჟო ტრიბუნალი ფორმირებულია თავად მოსარჩელე მხარეების მიერ, UNCITRAL-ის წესების შესაბამისად. ორგანო, რომელიც განსაზღვრულია ხელშეკრულებით არის ჰააგის მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლო. 

ჩვენ ამ ეტაპზე სრული მასშტაბით მხარს ვუჭერთ იმ სასარჩელო მოთხოვნებს, რომლებიც დაყენებული გვაქვს საარბიტრაჟო სასამართლოსი და ოფტიმისტურად ვართ განწყობილი მათი დაკმაყოფილების პერსპექტივებთან დაკავშირებით", - ამბობს ვაჟა ხიდაშელი. 

Frontera საქართველოში 1997 წელს შემოვიდა. 1997 წელსვე კომპანიამ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან ხელი მოაწერა ნავთობისა და გაზის კვლევა-ძიებისა და მოპოვებით სამუშაოებს აღმოსავლეთ საქართველოში “XII სალიცენზიო ბლოკზე”. 

უფრო კონკრეტულად კი, "ფრონტერას" მოპოვებითი ინფრასტრუქტურა ტარიბანის ველზე, მწარეხევში და სოფელ მირზაანში მდებარეობს (გარე კახეთი). კომპანიას თითოეულ პუნქტში რამდენიმე ჭაბურღილი აქვს განთავსებული. საქართველოს გარდა, კომპანია მოლდოვაშიც საქმიანობს. "ფრონტერა" საქართველოში ორი შპს-ის მეშვეობით შპს „ფრონტერა ისტერნჯორჯიასა” და “ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია”-ს მეშვეობით ოპერირებს. 

სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება მოპოვებული პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ (Profit Sharing Agreement) ჩანაწერს შეიცავს, რაც Frontera-ს სახელმწიფოსადმი პასუხისმგებელს ხდის. 

შევარდნაძის დროს "ფრონტერასთან" გაფორმებული ხელშეკრულების სახელია - “პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ ხელშეკრულება” - რაც მიანიშნებს იმაზე, რომ თავის დროზე აღნიშნული კომპანიის მერ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაც განიხილებოდა. თავად დოკუმენტი კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს და ის საჯარო არაა. 

დღემდე საქართველოში ბუნებრივი აირისა და ნავთობის ადგილობრივი მოპოვება მთლიანი ენერგომოხმარების 1%-ზე ნაკლებს შეადგენს, რაც სათანადო მარაგების არარსებობით/ან მათი დღემდე აღმოუჩენლობით არის განპირობებული. 

Frontera-მ საქართველოში ყველაზე ხმამაღალი განცხადება 2016 წლის პირველ თებერვალს გააკეთა. Frontera-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ნიკანდროსმა Atlantic Council-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სამხრეთ კახეთის რეგიონში არსებული ბუნებრივი აირის მარაგები შესაძლოა 5.3 ტრილიონ კუბურ მეტს შეადგენდეს და რომ საქართველოს ფიქლის ბუნებრივი აირის მოპოვებით ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვება და ექსპორტიორად გახდომა შეეძლო. ამ განცხადებიდან მალევე ლონდონის საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების ღირებულება 17%-ით გაიზარდა, დროის გასვლის შემდეგ კი ნათელი გახდა, რომ კომპანიის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მაშინ ენერგეტიკის სამინისტროსა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, Frontera-მ საკუთარი “აღმოჩენის” ტექნიკური დასაბუთება არ წარადგინა. 

ამასთანავე, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2016 წლის პირველი აგვისტოსთვის Frontera-ს საქართველოს სახელმწიფოსთვის უნდა გადაეხადა $30 მილიონი, რაც შემოსავლის გაყოფის ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. 2016 წლის ივლისში გაირკვა, რომ "ფრონტერამ" ამ გადახდაზე პასუხისმგებელი კომპანიის გაკოტრების საქმის წარმოება დაიწყო. 

გასული რამდენიმე წლის განმავლობაში "ფრონტერასა" და გაზისა და ნავთობის კორპორაციას შორის დავა მიმდინარეობდა, თუმცა საჯაროდ აღნიშნული დავის შესახებ განცხადებები არ გაკეთებულა. 

აღნიშნული საჯაროდ მხოლოდ 2019 წლის ზაფხულში - საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ 2018 წლის აუდიტორული ანგარიშგების გამოქვეყნებით გახდა ცნობილი. 

"2018 წლის ივლისში, კომპანიამ და ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტომ (შემდეგში - ნგსს) შეიტანეს სარჩელი ფრონტერა რისორზ ჯორჯია ქორფორეიშენის (შემდეგში - ფრონტერა) წინააღმდეგ. კომპანია და ნგსს, სხვა მოთხოვნებთან ერთად, აყენებენ საკითხს ფრონტერას მიერ წილობრივი განაწილების ხელშეკრულების (პწგხ) გარკვეული პირობების არსებითად დარღვევის თაობაზე, რაც მოიცავს საკონტრაქტო ფართობის დაახლოებით 99%-ის დაბრუნების ვალდებულებას, თუმცა არ შემოიფარგლება ამით. ამის გარდა, კომპანია და ნგსს ითხოვენ ზიანის ანაზღაურებას, მათ შორის ფულად კომპენსაციას, ნავთობის განაწილების და ტერიტორიის დაბრუნების ვალდებულებების დარღვევისთვის და კომპანიის მიერ გადახდილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ანაზღაურებას, რომელიც არ იყო ანაზღაურებული ფრონტერას მიერ. 

კომპანიის და ნგსს-ის აზრით არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ საარბიტრაჟო ტრიბუნალი დაადასტურებს ფრონტერას მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევას. 2018 წლის სექტემბერში "ფრონტერამ" შეიტანა შეგებებული სარჩელი 2012-2027 წლებში მიუღებელი 3,5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის მოგების ანაზღაურების მოთხოვნით, რაც კომპანიას და ნგსს-ის მიერ პწგხ-ს ვითომდა დაშვებულ დარღვევებს უკავშირდება. შეგებებული არ ეყრდნობა რაიმე სახის საექსპერტო გაანგარიშებას. კომპანია და ნგსს მიიჩნევენ, რომ შეგებებული სარჩელი არის უსაფუძვლო და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მისი გაპროტესტება. მიუღებელი მოგების ანაზღაურების თაობაზე სარჩელთან ერთად, ფრონტერამ დააყენა გადასახადებთან (დღგ და აქციზის გადასახადი) დაკავშირებული მოთხოვნა, რომლის ოდენობა 3,5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, და მოითხოვა XII ბლოკის ტერიტორიაზე დაშვების უფლების მოპოვების მიზნით გაწეული 74 ათასი აშშ დოლარის ოდენობის იურიდიული ხარჯების ანაზღაურება. 

მენეჯმენტი დარწმუნებულია, რომ კომპანიას და ნგსს-ს აქვს სრული, ფაქტობრივი და იურიდიული საფუძველი საქმის მოსაგებად, ხოლო ფრონტერას მიერ შეგებებული მოთხოვნების დაკმაყოფილების ალბათობა მცირეა," - ნათქვამია გაზისა და ნავთობის კორპორაციის 2018 წლის ანგარიშში. 

დოკუმენტის მიხედვით, კორპორაციას ამ საქმეში იურიდიულ მომსახურებას კომპანია Hogan Lovells International-ისგან შეიძინა. 

2019 წლის იანვარში Frontera ლონდონის საფონდო ბირჟის ალტერნატიული საინვესტიციო ბაზრიდან (AIM) მოიხსნა. ვაჭრობიდან მოხსნის მიზეზს საფონდო ბირჟაზე Frontera-ს დანიშნული მრჩევლის, კომპანია Cairn Financial Advisors პოზიციიდან გადადგომა წარმოადგენდა, ხოლო ასეთი მრჩევლის არსებობა კი, თავად აღნიშნული ბირჟის მოთხოვნას წარმოადგენდა. მაშინ Cairn Financial Advisors-მა გადადგომის მიზეზი არ დაასახელა. 

იქამდე კომპანიის წლიურ ფინანსურ ანგარიშგებებში სოლიდური ზარალი იყო მითითებული. 

2016 წლის ანგარიშგებაში კომპანიას $3,116,970-ის შემოსავალი (ნავთობისა და გაზის რეალიზაციის შემოსავალი) და $23,606,430-ის სრული ზარალი ჰქონდა მითითებული. "ფრონტერას" ვებგვერდზე გამოქვეყნებული უკანასკნელი ანგარიშგება 2018 წლის შუალედური ანგარიშია. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, კომპანიის მთლიანი შემოსავალი 2018 წლის 6 თვეში $1,832,407, ხოლო სრული ზარალი კი - $6,978,138-ს შეადგენდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა