მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფუდბოქსი": "შეკვეთების 60%-ს დღის იმ ნაწილში ვიღებდით, რა დროსაც, ახლა კომენდანტის საათია"

5e9dcb92b1af8
ნუცა ბაზლიძე
20.04.20 23:10
1338
„ფინანსურად, ყველაზე მეტად, სამუშაო დროის შეზღუდვამ შეგვაფერხა. შეკვეთების დაახლოებით 60%-ს დღის იმ ნაწილში ვიღებდით, რა დროსაც, ახლა კომენდანტის საათია“ - ამის შესახებ ონლაინ რესტორან „ფუდბოქსის“ თანადამფუძნებელმა თორნიკე ბუიშვილმა BM.GE-სთან კორონავირუსის გავლენაზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე განმარტებით, კომპანიის ბიზნესმოდელიდან გამომდინარე, რაც მიტანის სერვისზე ორიენტირებულობას გულისხმობს, „ფუდბოქსს“ საქმიანობის პრინციპის მნიშვნელოვნად შეცვლა არ დასჭირდა. ცვლილებები კი, ძირითადად, სანიტარული ზომების გამკაცრებას მოიცავდა.

გარდა უშუალოდ კომპანიის მიტანის სერვისისა, „ფუდბოქსი“ „გლოვოსთან“, „ვოლტსა“ და “Menu.ge“-სთან თანამშრომლობს, ეს კი კომპანიისთვის დამატებითი ფინანსური გამოწვევაა. 

„მარჟა ამ ბიზნესში ძალიან პატარაა, ამას ემატება პარტნიორი საკურიერო კომპანიების წილი, რაც, საბოლოოდ, ფინანსურად დიდ პრობლემებს ქმნის. ისინი რომ არ იყვნენ, ჩვენი ბიზნესიც არ იქნებოდა ამ სახით, მაგრამ ეს მაინც მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც საერთოა ამ სფეროსთვის“, - აღნიშნავს თორნიკე ბუიშვილი.

კომპანიის თანადამფუძნებლის განმარტებით, კომპანია 2019 წლიდან არსებობს და ის ერთ რეალურ სამზარეულოში, უკვე 4 ბრენდის ვირტუალურ რესტორანს აერთიანებს, რომლებიც მომხმარებლებს ერთ სივრცეში დამზადებულ სხვადასხვა სახის პროდუქციას სთავაზობს. რაც შეეხება გეგმებს, კომპანიაში, სამომავლოდ, მეტი ახალი ბრენდის დამატებას, ასევე ცნობადობის გაზრდასა და ხარისხის შენარჩუნებაზე კონცენტრირებას გეგმავენ.