ჩრდილოეთ გერმანიაში, აუსბურგში მდებარე უძველესი ქალაქი ფუგერაი, 1520 წელს მდიდარმა ბანკირმა იაკომ ფუგერმა და მისმა ძმებმა იმ ადამიანებისთვის ააშენეს, რომელთაც თავშესაფარი ესაჭიროებოდათ და გადაწყვიტეს, ეს სახლები მათვის 88 ცენტად მიექირავებინათ. ეს ამბავი მე-16 საუკუნეში კი ხდებოდა, თუმცა საინტერესოა იმიტომ, რომ 500 წლის შემდეგაც ფუგერაიში 67 საცხოვრებელ სახლში არსებული 147 ბინის ქირა იგივეა, მაგრამ არა - ყველასთვის. ანუ, წელსაც მსგავსად 1619 წლისა, მათი ქირაობა შეგიძლიათ კვლავ 88 ცენტად წელიწადში. ტრადიცია, ფასები და დამოკიდებულება კი, გერმანიის ამ პატარა ქალაქში დღემდე არ შეცვლილა.
ფუგერაი არის ქალაქი ქალაქში, სადაც ყველაფერია: ეკლესიაც, უძველესი ვენახები და მუზეუმიც. აქვეა არაჩვეულებრივი ფერადი სახლებიც. ცნობილი ფაქტია, რომ ამ ქალაქში იყო დასახლებული ამადეო მოცარტის დიდი ბაბუა.
ფუგერაი ქალაქიდან გამოყოფილია კედელით, რომელსაც 7 ჭიშკარი აქვს. თავდაპირველად აქ 8 შესახვევი და 53 ორსართულიანი სახლი იყო, რომელშიც 106 ოჯახი ცხოვრობდა. ყველა ოჯახს საკუთარი შესასვლელი და განსხვავებული კარი ჰქონდა. ესეც იმაზე იყო გათვლილი რომ ადამიანებს თავი საკუთარ სახლში ეგრძნოთ და არა - თავშესაფრის მაძიებელ მაცხოვრებლად.
ქალაქს ცუდი პერიოდიც ახსოვს და მეორე მსოფლიო ომის დროს დაბომბებისას დასახლება სერიოზულად დაზიანდა; ფაქტობრივად, ნანგრევებად იყო ქცეული, თუმცა მოგვიანებით ისევ ფუგერების ფონდით მოხდა ფუგერაის სრული რეკონსტრუქცია-რესტავრირება და მეტიც, დამატებით 14 ახალი სახლი აშენდა. შესაბამისად, დასახლებაც გაიზარდა.
ამჟამად ყველა სახლი მოდერნიზებულია. შესასვლელ ჭიშკარზე დღემდე შემორჩენილია ფუგერების გერბი და თარიღი "1520". ფუგერების ფონდიც მოქმედია და სწორედ ის იღებს გადაწყვეტილებებს, ვინ იცხოვრებს დასახლებაში.
იმისთვის, რომ ფუგერაიში ბინა მოგაქირაონ, რამდენიმე პირობა უნდა დაკმაყოფილდეს: დამქირავებელი აუცილებლად უნდა იყოს კათოლიკე და მეზობელი ქალაქის აუგსბურგის მკვიდრი, მინიმუმ 2 წლის განმავლობაში და ფონდი უნდა დარწმუნდეს, რომ რეალურად გაჭირვებული ხართ და სახლიც ამიტომაც გჭირდებათ.
ასეთია ფუგერაი. თავისი ადათით და 500 წლოვანი წესებით, სადაც ადამიანებს, არა მარტო საცხოვრებელით ეხმარებიან, არამედ სხვა ყოფითი ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარებაშიც უჭერენ მხარს.
წლების განმავლობაში ძმები ფუგერების მიერ დაარსებული ულამაზესი ფუგერაი არა მხოლოდ სოციალურ საცხოვრისი, არამედ ტურისტების ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობადაც იქცა. თუ გერმანიაში აუსბურგისკენ აღმოჩნდებით, შეიარეთ და დაათვალიერეთ ფუგერაი - ეს სიამოვნება 4 ევრო დაგიჯდებათ.