მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფულადი გზავნილები რეკორდულ $1.7 მილიარდამდე გაიზარდა - TOP-დონორი ქვეყნები

616990f511823
შოთა ტყეშელაშვილი
15.10.21 18:54
3341
2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით რეკორდულად დიდი თანხა, $1.7 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა - ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, მიღებული გზავნილები წინა წელთან შედარებით 28%-ით მეტია. კონკრეტული თვეების მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა $209.7 მილიონი სექტემბერში გადმოირიცხა, რაც ზოგადად, ერთი თვის განმავლობაში მიღებული გზავნილების მოცულობის რეკორდია და წინა წლის მაჩვენებელს 9%-ით აღემატება.

რაც შეეხება ფულადი გზავნილების წყაროებს - კვლავინდებურად, ყველაზე მეტი ფული რუსეთის ფედერაციიდან შემოდის, საიდანაც მიმდინარე წლის 9 თვეში $301 მილიონი გადმოირიცხა. $282.7 მილიონით მეორე ადგილზეა იტალია, $210 მილიონით მესამეზე - აშშ, მეოთხე ადგილს კი $181.5 მილიონით საბერძნეთი იკავებს. გზავნილების ძირითადი ქვეყნების რეიტინგი საქართველოდან ემიგრაციაში წასული მოსახლეობის განაწილებას ასახავს.

2021 წლის განმავლობაში ფულადი გზავნილების რეიტინგი ქვეყნების მიხედვით ასეთია:

1. რუსეთის ფედერაცია - $301 მილიონი, ზრდა წინა წელთან 18%
2. იტალია - $283 მილიონი, ზრდა წინა წელთან 33%
3. აშშ - $210 მილიონი, ზრდა წინა წელთან 35%
4. საბერძნეთი - $182 მილიონი, ზრდა წინა წელთან 14%
5. ისრაელი - $137 მილიონი, ზრდა წინა წელთან 20%
6. გერმანია - $80 მილიონი, ზრდა წინა წელთან 59%
7. თურქეთი - $79 მილიონი, ზრდა წინა წელთან 2%
8. უკრაინა - $70 მილიონი, ზრდა წინა წელთან 22%
9. აზერბაიჯანი - $64 მილიონი, ზრდა წინა წელთან 72%
10. ესპანეთი - $41 მილიონი, ზრდა წინა წელთან 19%
11. ყაზახეთი - $32 მილიონი, ზრდა წინა წელთან 150%
12. საფრანგეთი - $28 მილიონი, ზრდა წინა წელთან 42%
13. პოლონეთი - $23 მილიონი, ზრდა წინა წელთან 16%
14. კანადა - $17 მილიონი, ზრდა წინა წელთან 30%
15. გაერთიანებული სამეფო - $15 მილიონი, ზრდა წინა წელთან 20%
16. ირლანდია - $15 მილიონი, ზრდა წინა წელთან 55%
17. ყირგიზეთი - $13 მილიონი, ზრდა წინა წელთან 182%
18. კვიპროსი - $12 მილიონი, ზრდა წინა წელთან 22%
19. სომხეთი - $9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 8%
20. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 18%

მსოფლიო ბანკის უკანასკნელი შეფასებით, რომელიც 2019 წლის მონაცემებს ეფუძნება, ფულადი გზავნილები საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 13%-ის ოდენობისაა, რაც მსოფლიოს მასშტაბით 21-ე პოზიციაა და ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ფულად გზავნილებზე უფრო მაღალი დამოკიდებულების მაჩვენებელი მხოლოდ უღარიბეს განვითარებად და საქართველოზე ღარიბ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებშია.

2021 წლის განმავლობაში რეკორდულად გაზრდილი ფულადი გზავნილები სავარაუდოდ, მიმდინარე პერიოდში ლარის გაცვლითი კურსის შედარებითი სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.