20.ოქტომბერი .2019 15:17

“ფული, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვაში სახელმწიფო ხარჯავს, არარაციონალურად გამოიყენება”

views 408
უკან

“ფული, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვაში სახელმწიფო ხარჯავს, არარაციონალურად გამოიყენება”- ამის შესახებ პედიატრიული კლინიკა kids co-ს დირექტორმა ივა ყაჭიურმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ სერვისს სახელმწიფო არ უნდა ახორციელდებდეს და ის კერძო სადაზღვევო კომპანიების ოპერირების ქვეშ უნდა იყოს. მიზეზად კი ყაჭიური თანხების არარაციონალურ და არაეფექტურ ხარჯვას ასახელებს.

“საყოველთაო ჯანდაცვის შემოტანამ და დაწყებამ ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, გაზარდა ხელმისაწვდომობა სამედიცინო სერვისებზე, მაგრამ მას მოჰყვა ძალიან ბევრი გვერდითი ეფექტი. ის ფული, რომელსაც სახელმწიფო იხდის და ხარჯავს, ამ მიმართულებით არარაციონალურად გამოიყენება. იმიტომ, რომ პრაქტიკულად ვერ ხდება ფულის დაგროვება ერთ ან რამოდენიმე ხელში და მერე ამ ფულის რეინვესტირება სამედიცინო სექტორში. ეს ფული განიბნა ამ წლების განმავლობაში წავიდა ბევრ ახალ გახსნილ კლინიკაში და დაიკარგა ფაქტობრივად. დარგისთვის ეს ფული დაკარგულია. მე ვფიქრობ, რომ ჯობია სახელმწიფო საერთოდ არ იყოს ამ სერვისების მყიდველი. კერძო სადაზღვევო კომპანიები უნდა ახორციელებდნენ ამას და სახელმწიფო უნდა ყიდულობდეს თავისთვის საჭირო სერვისებს კერძო სადაზღვევო კომპანიებში. ეს კი ბევრად უფრო ხარჯეფექტური იქნებოდა“-ამბობს პედიატრიული კლინიკა kids co-ს დირექტორი ივა ყაჭიური.

ყაჭიურმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების კიდევ ერთ პრობლემაზე ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებს თანხების ჩარიცხვას 5 თვით უგვიანებს, რაც ბევრ კლინიკას დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს.

“რასაც ვაკეთებთ მერე ის დოკუმენტაცია მიდის ჯანდაცვის სამინისტროსთან, მერე იწყება დამუშავება, რომელსაც მიაქვს გარკვეული დრო. მერე ხდება დადასტურება ამ შესრულებული სამუშაოსი. რაღაც ნაწილი დასტურდება, რაღაც ნაწილი არ დასტურდება. მერე ხდება ოქმზე ხელმოწერა, შეთანხმება, ხდება აღიარება გადასახდელი თანხის და მერე ამ თანხის გადმორიცხვა. თუმცა, აი ეს პროცესი არის 5 თვიანი დაგვიანებით დროში გაწელილი. ბევრი პროცედურაა, რასაც დიდი მუშაობა სჭირდება, მაგრამ მეორე მხრივ, რაღაც გზები არის მოსაძებნი ამის გამოსასწორებლად. იმიტომ რომ 5-თვიანი ჩამორჩენა ნებისმიერი კლინიკისთვის ძალიან ბევრია. შეიძლება მხოლოდ რამდენიმე კომპანიამ შეიძლოს სწორად დალაგება ამ პროცესების. დანარჩენს ყველას უჭირს”-აცხადებს პედიატრიული კლინიკა kids co-ს დირექტორი ივა ყაჭიური.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა