მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის“ კანონპროექტი I მოსმენით მიიღეს

627a91c6b0101
BM.GE
10.05.22 22:00
741
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს და 83 ხმით მიიღეს.

კანონპროექტი პარლამენტის წევრებს, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ, ვახტანგ ბაჩიაშვილმა გააცნო. „კანონპროექტი მიზნად ისახავს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი, რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის რეკომენდაციების აღსრულებას, რომელიც ევროსაბჭოს ეგიდით მოქმედებს. ასევე, კონკრეტულად კანონის აღსრულებაში ჩართული უწყებებისათვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის შექმნას, რათა მათ დაარეგულირონ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები“,- განაცხადა მომხსენებელმა.

მომხსენებლის თქმით, პროექტით გათვალისწინებულია რამდენიმე ცვლილება.

„ცვლილება შეეხება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დანაშაულებთან დაკავშირებით მოძიებული შესაძლო დანაშაულების შესახებ დაზვერვის ინფორმაციის მიწოდებას ყველა საგამოძიებო უწყებისათვის ერთიანი სტანდარტით. დღესდღეობით ეს სტანდარტი მოქმედებს ყველა საგამოძიებო უწყებასთან მიმართებაში, გარდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა.

აღნიშნული ცვლილებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსაც, როგორც უწყებას, ვისაც შეხება აქვს საკუთარი დანაშაულის გამოძიების პროცესში შესაძლო ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დანაშაულთან, მიეცემა ინფორმაციის იმავე სტანდარტით მიწოდების შესაძლებლობა“, - განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

პროექტის მიხედვით, საზედამხედველო უწყებებს გაუჩნდებათ მკაფიო სამართლებრივი საფუძველი ელექტრონულად კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის, ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის, აგრეთვე კლიენტის მფლობელობის და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის წესის მისაღებად.

ახალი რედაქციით შეფასების ეროვნული ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის განახლების პერიოდულობა იზრდება 3 წლამდე, აქამდე არსებული ორი წლის ნაცვლად. გაფართოვდება იმ დანაშაულების სიაც, რომლებზეც ინფორმაციის მოთხოვნის უფლებამოსილება ვრცელდება.