მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკი - 2018 წელს 837 საეჭვო შეტყობინება დაფიქსირდა

5dbbfc4f19841
სალომე მეცხვარიშვილი
01.11.19 13:36
1435
2018 წელს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში 837 საეჭვო ტრანზქციის შესახებ შევიდა შეტყობინება,- ამის შესახებ საუბარია საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიშსა და სამოქმედო გეგმაში, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა.

საეჭვო ტრანზაქციების შესახებ შეტყობინებების უმეტესობა - 583 - კომერციულ ბანკებში ფიქსირდებოდა, მეორე ადგილზე 107 შეტყობინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოა. საეჭვო ტრანზაქციები მოიცავს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების შესაძლო შემთხვევებს.



ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში საეჭვო ტრანზაქციების შეტყობინებების შემცირების მიუხედავად გაიზარდა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოძიების ორგანოებში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა: 83-დან(2014 წელი) 137-მდე(2018 წელი). გაიზარდა საქმეებში გამოყენებული შესყობინებების რაოდენობაც. 2016-2018 წლებში საეჭვო ტრანზაქციების თაობაზე შეტყობინებების საშუალოდ 20-25% მოხვდა გამოძიების ორგანოებში გაგზავნილ საქმეებში.




ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახური შეისწავლის საეჭვო ტრანზაქციების შესახებ ანგარიშვალდებული პირებისგან მიღებულ შეტყობინებებს და თუ მივა დასკვნამდე, რომ ტრანზაქცია უკავშირდება ფულის გათეთრებას, ტერორიზმის დაფინანსებას ან სხვა სახის დანაშაულს, საქმის მასალებს უგზავნის გამოძიების ორგანოებს.

აქვე აღნიშნულია, რომ ფინანსური მონიტრინგის სამსახური ინსტიტუციურად და ფინანსურად დამოუკიდებელი სტრუქტურაა და უფლებამოსილია, მოიპოვოს ნებისმიერი ინფორმაცია ანგარიშვალდებული პირებისგან და საჯარო დაწესებულებებიდან. 2015 წლიდან ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ასევე შეუძლია ანგარიშვალდებულ პირებს მოსთხოვოს 72 საათით საეჭვო ტრანზაქციების შეჩერება ან ანგარიშის დაბლოკვა ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის/აღკვეთის მიზნით.

"ბოლო პერიოდში ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გადაგზავნილი საეჭვო ტრანზაქციების შესახებ შეტყობინებების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა - 2 497-დან(2014წ.) 837 შეტყობინებამდე(2018წ.). შეტყობინებების მაღალი მაჩვენებელი დიდწილად განპირობებული იყო 2011 წლიდან სებ-ის მიერ საფინანსო სექტორზე ზედამხედველობის გააქტიურებით, რასაც შედეგად მოჰყვა ე.წ. თავდაცვითი ანგარიშგება (სანქციებისგან თავის დაზღვევის მიზნით და საფუძვლიანი ეჭვის სტანდარტის დაკმაყოფილების გარეშე საეჭვო ტრანზაქციების თაობაზეც შესტყობინებების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნა) და ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი დაუსაბუთებელი შეტყობინების ზრდა.

საფინანსო სექტორის ძირითად ნაწილში შესაბამისობის კონტროლის სისტემების განვითარების წყალობით, შეტყობინების რაოდენობა თანდათან შემცირდა, ხოლო ხარისხი გაიზარდა. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ზედამხედველი სტრუქტურების ძალისხმევით, საეჭვო ტრანზაქციების შეტყობინება დაიწყეს ონლაინ სამორინეებმა, საგადასახადო მომსახურების პროვაიდერებმა და ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა. ანგარიშვალდებული პირები, საეჭვო ტრანზაქციების გარდა, ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აგზავნიან ავტომატურ შეტყობინებებს გარკვეული ტიპის ტრანზაქციებზე, რომელბიც წინასწარ განსაზღვრულ თანხობრივ ზღვარს აღემატება. 2019 წელიდან ავტომატური შეტყობინებების სახეობები მკვეთრად შემცირდა, რაც ანგარიშვალდებულ პირებს ხარჯების ოპტიმიზაციის და საეჭვო ტრანზაქციების გამოვლენის სისტემების განვითარებაში შემდგომი ინვესტირების საშუალებას აძლევს”,- ნათქვამია ანგარიშში.

რისკების შეფასების ანგარიშის მომზადებას ხელმძღვანელობდა საქართველოს მთავრობასთან მოქმედი საბჭო, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრი თავმჯდომარეობს. საბჭოს ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგელობაში შედიოდა “ყველა კომპეტენტური ორგანოს” წარმომადგენელი(შსს, შემოსავლების სამსახური, პროკურატურა…). სამუშაო ჯგუფის ფუნქცია იყო რისკების შეფასების ანგარიშის პროექტის მომზადება და კომისიისთვის წარდგენა. ჯგუფს ევროპის საბჭოს ექსპერტმაც გაუწია მეთოდოლოგიური დახმარება. შეიქმნა თემატრი ქვეჯგუფები, რომლებიც პრაქტიკოსი ექსპერტებით დაკომპლექტდა.

რისკების შეფასების ანგარიში ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ეროვნულ დონეზე და სექტორების მიხედვით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასება.

ეროვნულ დონეზე ფულის გათეთრების რისკი შეფასდა როგორც საშუალო, ხოლო ტერორიზმის დაფინანსების რისკი - დაბალი. რისკების შეფასება რამდენიმე ეტაპად განხორციელდა.