მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფხაკაძე შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე: ეს უმუშევრობის ზრდას და ხელფასების შემცირებას გამოიწვევს

5dcad70e3349f
დავით ჯალაღონია
12.11.19 20:20
3249
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით მომზადებული შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების დამტკიცება, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეაფერხებს.

ამის შესახებ ფხაკაძემ ჟურნალისტებს ბიზნესასოციაციის წევრ კომპანიებთან შეხვედრაზე განუცხადა, სადაც სწორედ აღნიშნული საკითხი განიხილეს.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილი არის საფრთხის შემცველი, რადგან ისინი არღვევენ ბალანსს დასაქმებულსა და დამსაქმებლებს შორის და ამ ყველაფერმა შეიძლება, ბიზნეს გარემოს ზიანი მიაყენოს. უფრო მეტიც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ცვლილებები უმუშევრობის ზრდას, ხელფასების შემცირებას გამოიწვევს და ასევე, ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის მრავალ ინდუსტრიას. ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ხელს შეუშლის და არ მგონია, ეს ვინმეს ინტერესში შედიოდეს", - განაცხადა ფხაკაძემ და კანონპროექტიდან ბიზნესისთვის განსაკუთრებით კრიტიკული საკითხები გამოყო.

"ერთ-ერთია მაგალითად, ნორმირებული სამუშაო დროის განსაზღვრა, მეორე - ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ლიმიტირება, მესამე - ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება, ასევე პრობლემებია შრომითი ხელშეკრულების გაფორმების, შეწყვეტისა და დადების საკითხში, ისევე როგორც - სტაჟირებასთან დაკავშირებულ საკითხებში.

ჩვენ პერმანენტული კონტაქტები გვაქვს მთავრობასთან და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, მათთან ეს საფრთხეები მივიტანეთ და ვფიქრობ, ძალიან კარგად ესმით. ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, შეჯერებული, დაბალანსებული ხასიათის დოკუმენტი იქნება, რომელიც ქვეყანას არანაირ რისკს არ მოუტანს და პირიქით, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ხელს შეუწყობს", - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

ამ თემაზე BM.GE-მ დიმიტრი ცქიტიშვილი ჩაწერა, რომელიც აღნიშნავს, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს ლიმიტებთან დაკავშირებით საკითხი მხარეებს შორის შეთანხმებული არ არის. დეპუტატი კანონპროექტში არსებული ჩანაწერის შეცვლასაც არ გამორიცხავს.

„ეს საკითხი ჯერჯერობით ღიაა, ვერ ვიტყოდი, რომ პოზიციები დაახლოვდა, თუმცა მაინც შესაძლებელია გარკვეული ფორმულირებების მოძიება, მათ შორის, ვფიქრობ, რომ შეიძლება ხისტი ზედა ზღვარი არ დაწესდეს, მაგრამ ცალსახად გამოიკვეთოს, რომ დასაქმებულის ნება უნდა იყოს, თვითონ გადაწყვიტოს, აქვს თუ არა მუშაობის სურვილი. შუალედური ვერსია შეიძლება აქ იყოს. ახლა ანალიზის პერიოდში ვართ, როდესაც რეკომენდაციებსა და შენიშვნებს ვიზიარებთ. ალბათ, დამატებით კონსულტაციები გვექნება და ვეცდებით, მეტნაკლებად მხარდაჭერილი ფორმულირება მივიღოთ ორივე მხრიდან“, - განმარტა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

კანონპროექტის არსებული ვერსიის მიხედვით ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან დაკავშირებით ჩანაწერი:

მუხლი 24. სამუშაო დროის ხანგრძლივობა

1. ნორმირებული სამუშაო დრო არის ნებისმიერი დროის მონაკვეთი, როდესაც დასაქმებული მუშაობს დამსაქმებლის განკარგულების ქვეშ და ასრულებს თავის საქმიანობას ან მოვალეობებს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო და დასვენების დრო.

2. დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს და დღის განმავლობაში 8 საათს.

3. შვიდდღიანი პერიოდის განმავლობაში სამუშაო დრო, ზეგანაკვეთური სამუშაოს ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.

მუხლი 27. ზეგანაკვეთური სამუშაო

4. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით არანაკლებ შრომის ანაზღაურების ნორმირებული საათობრივი განაკვეთის 125 პროცენტისა. ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება უნდა მოხდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შემდგომ გადასახდელ ყოველთვიურ ანაზღაურებასთან ერთად.