27.ივნისი .2022 20:30

გააძვირებს თუ არა ოქროს რუსული ძვირფასი ლითონის იმპორტის აკრძალვა? - GALT&TAGGART-ის შეფასება

გააძვირებს თუ არა ოქროს რუსული ძვირფასი ლითონის იმპორტის აკრძალვა? - GALT&TAGGART-ის შეფასება
views 830
უკან

დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდნენ. ლიდერებმა გადაწყვეტილება გერმანიაში მიმდინარე სამიტზე მიიღეს.

დიდი შვიდეულის ქვეყნების შეთანხმებასთან მიერთებას აპირებს ევროკავშირიც. ცნობისთვის, რუსეთი ოქროს საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია. ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2021 წელს რუსეთიდან ექსპორტზე 17.4 მლრდ დოლარის ოქრო გავიდა.

შესაბამისად, G7-ის გადაწყვეტილებას შეიზღუდოს რუსული ოქროს იმპორტი - გავლენა ექნება ოქროს საერთაშორისო ფასზეც, თუმცა ანალიტიკოსები ფასის დიდ რყევას არ ელიან. როგორც GALT & TAGGART-ში აცხადებენ, ოქროს ფასის მკვეთრი ცვლილება ჯერ კიდევ მარტში დაფიქსირდა, მაშინ როცა რუსეთ-უკრაინის ომი ახალდაწყებული იყო. მათი განმარტებით, 1 უნცია ოქროს ფასმა მაშინ 2050 დოლარსაც კი მიაღწია, დღეს კი მათი თქმით, ფასის დასტაბილურების ნიშნებია.

“მაშინ ფასის ზრდის მიზეზი ომის დაწყებაც იყო. შემდეგ კი ვხედავთ, რომ ოქროს ფასი ნელ-ნელა დაბლა ჩამოდის და ვოლატილობაც უფრო ნაკლებია.

ვფიქრობთ, რომ ოქროს ფასი ყველაზე ცუდ შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს. უბრალოდ ზრდა ძალიან დიდი არ იქნება. შეიძლება 2-5%-მდე გაიზარდოს, ესეც გრძელვადიან პერიოდში. ჯერჯერობით G7-ის ქვეყნების განაცხადს რუსეთში ოქროს იმპორტის აკრძალვაზე მატერიალური გავლენა არ ჰქონია.” - აცხადებს GALT&TAGGART-ის უფროსი ასოცირებული ბროკერი რატი მესხიშვილი.

როდიდან დაწესდება რუსულ ოქროზე შეზღუდვა, ჯერ უცნობია. Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთის ოქროს ინდუსტრია საექსპორტოდ ახალ ბაზრებს უკვე ეძებს, მათ შორის ჩინეთსა და ახლო აღმოსავლეთში ექსპორტის გაზრდის საკითხსაც განიხილავს. აღსანიშნია ისიც, რომ ენერგომატარებლების შემდეგ ოქრო რუსეთის ყველაზე მსხვილი საექსპორტო საქონელია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა