მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გააძვირებს თუ არა პროდუქციას ახალი წესი, რომელიც ბიზნესს ნარჩენების მართვას ავალდებულებს?

5db86151110a7
სალომე მეცხვარიშვილი
02.11.19 18:55
1661
2019 წლის დეკემბრიდან საქართველოში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება შემოდის,რომელიც კერძო სექტორს ავალდებულებს საკუთარ ნარჩენზე თავად იზრუნოს - შეაგროვოს, დაამუშაოს ის. შესაბამისი ცვლილებები “ნარჩენების მართვის კოდექსშია” შესული, რომელიც წესით 1 დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს. მანამდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კანონქვემდებარე აქტები უნდა დაამტკიცოს, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს ვინ, რას და როგორ აკეთებს.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ამ ეტაპზე სპეციფიკურ ნარჩენებს ეხება, ისეთებს, როგორებიცაა: შეფუთვის ნარჩენები (პლასტმასი, ქაღალდი, მუყაო, ხე, ლითონი, მინა), ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, ხმარებიდან ამოღებული საბურავები, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები, გამოყენებული ზეთები, გამოყენებული ბატარეები და აკუმულატორები.

ჩამოთვლილი სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებას სპეციალური ორგანიზაციები - ე.წ. პიაროები უზრუნველყოფენ. ეს იქნება თავად ბიზნესის მიერ შექმნილი ორგანიზაციები, რომლებიც კონკრეტულ სპეციფიკურ ნარჩენს შეაგროვებენ, მაგალითად ცალკე საბურავებს ან შესაფუთ მასალებს. შეგროვილ ნარჩენებს კი ან ადგილზე გადაამუშავებენ ან ექსპორტზე გაუშვებენ რეციკლირებისთვის. პიაროები ავტორიზაციას გარემოს დაცვის სამინისტროში მომავალი წლის სექტემბრამდე გაივლიან.

ახალი ორგანიზაციების დაფინანსება თავად მწარმოებლებს მოუწევთ, კონკრეტული სქემით, რომელსაც კანონქვემდებარე აქტები განსაზღვრავს. შესაბამისად, ახალი რეგულაცია დამატებითი ხარჯი იქნება ბიზნესისთვის, რამაც, შესაძლოა, მათ მიერ წარმოებული პროდუქციის გაძვირებაც გამოიწვიოს.

ორგანიზაცია GEO-ს დამფუძნებელი ხათუნა გოგალაძე ფიქრობს, რომ ელექტრონულ ნარჩენებზე ფასნამატი შეიძლება 3-5%-მდე მერყეობდეს.

“ნარჩენების სეპარირებას, მათ შეგროვებასა და დამუშავებას სჭირდება გარკვეული ხარჯი. ევროპის გამოცდილებიდან გამომდინარე პრაქტიკა არის შემდეგი, რომ თითოეულ პროდუქტს ფასი ემატება, რაც მიდის უშუალოდ ნარჩენების მართვასა და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში”, - ამბობს ხათუნა გოგალაძე.

მისივე თქმით, სხვადასხვა პროდუქციას სხვადასხვა ფასნამატი აქვს და ეს დამოკიდებულია იმაზე, ამ პროდუქტიდან ამოღებული მეორადი ნედლეული რამდენად ღირებულია.

“მაგალითად, მობილური ტელეფონები, სადაც მეტალების სახით საკმაოდ ღირებული რესურსია, მათი ფასნამატი არის დაბალი, მაშინ, როცა ელემენტები, რომლებიდანაც არანაირი რესურსი აღარ ამოდის და საჭიროა მათი გაუნებელყოფა, ამ შემთხვევაში ფასნამატი არის მაღალი. ფასნამატი ელექტრონული პროდუქციის შემთხვევაში უხეში გათვლებით თვითღირებულების 3%-5% შეიძლება იყოს”, - აცხადებს ხათუნა გოგალაძე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალვერდ ჩანქსელიანი კი ამბობს, რომ ფასნამატი ყველა შემთხვევაში არ მოხდება.

“რეალურად, ეს ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს ამ ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების ხარჯებს. ზოგიერთი ნარჩენის შეგროვება და დამუშავება შედარებით ძვირი ჯდება, ზოგიერთის შედარებით იაფი. პირიქით, ზოგიერთი შეგროვებუოლი ნარჩენი ღირებულია, რომელიც შეიძლება გაიყიდოს და შემოსავალიც მიიღოს კომპანიამ. მათ არავინ კარნახობს ამ ფასებს, რეალურად ეს ორგანიზაცია ითვლის ყველა დანახარჯს, ფინანსურ ნაწილს და გამჭირვალედ აცნობს მის ყველა წევრ კომპანიას. კომპანიები კი ამა თუ იმ ნარჩენზე იხდიან კონკრეტულ გადასახადს”, - აცხადებს ჩანქსელიანი.

იმისთვის, რომ სპეციფიკური ნარჩენები ერთად შეგროვდეს, სხვადასხვა სქემა შეიძლება იყოს გამოყენებული, პირველ რიგში კი ნარჩენების განცალკევება უნდა მოხდეს, რისი განხორციელებაც როგორც ბიზნესს და სახელმწიფოს, ასევე მოქალაქეებსაც მოუწევთ.