მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გააიაფებს თუ არა მყარი ლარი იმპორტირებულ პროდუქტს? - "ლარის მიმართ ბიზნესის ნდობა დაბალია"

628cf5a32bb36
ელენე გოგბერაშვილი
24.05.22 20:00
1153
სავალუტო ბაზარზე ბოლო პერიოდში ლარი ძირითადად მყარდება. 24 მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.99 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8668 ლარი გახდა.

ბოლო 2 კვირაში ლარი აშშ დოლართან მიმართებით 15 თეთრზე მეტად გამყარდა. ბოლოს ლარი ასეთი მყარი პანდემიამდელ პერიოდში იყო.

ლარის ბოლოდროინდელი გამყარება ინფლაციის შემცირების კუთხით მნიშვნელოვან როლს ასრულებს. რა დროის პერსპექტივაშია მოსალოდნელი მყარმა ლარმა გავლენა მოახდინოს ფასების ფორმირებაზე? ეს კითხვა,  პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოადგილესაც დაუსვეს. გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ თუ გამყარებული კურსი შენარჩუნდა, ამას რა თქმა უნდა გავლენა ექნება ინფლაციაზე. მისი ვარაუდით, ფასებში მყარი ლარი 2-კვირიან პერიოდში უნდა აისახოს.

„კურსის გამყარება იმპორტირებული ინფლაციის შემცირებაში გვეხმარება და თუ გამყარებული კურსი შენარჩუნდა, ეს ინფლაციაზე გავლენას იქონიებს და იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები შემცირდება. თუ ჩვენ ინფლაციის სტრუქტურას შევხედავთ, დავინახავთ, რომ მასში 11-12%-იანი წვლილი ნავთობმა და სურსათმა, რაც იქიდან გამომდინარეა, რომ იმპორტირებულ პროდუქტებზე ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდა.

ვალუტის კურსის მაღალი ტენდენცია მაისში გვაქვს, ვნახოთ როგორც გადაწყვეტილებას მიიღებენ იმპორტიორები, რადგან კურსის გამყარება დღეს პროდუქტს მყისიერად ვერ გააიაფებს, მაგრამ 1-2 კვირის განმავლობაში უნდა იმოქმედოს და ახალი პროდუქტი ბაზარზე შემცირებული ფასით უნდა შემოვიდეს. ამ კუთხით მოლოდინები გვაქვს, თუმცა ფინანსთა სამინისტრო თავის მხრივ ფასის განსაზღვრაში ვერ ჩაერევა. ეს ბერკეტები ჩვენს ქვეყანაში არ გვაქვს. ამას თავად იმპორტიორები წყვეტენ, თუმცა კურსის დასტაბილურება ვფიქრობ, საცალო გაყიდვების ნაწილში მათ ამის შესაძლებლობას მისცემს“, - განაცხადა კაკაურიძემ.

სხვაგვარად ფიქრობენ დისტრიბუტორები. ფასი შესაძლოა შემცირდეს სწრაფად ბრუნვად პროდუქციაზე, თუმცა სხვა შემთხვევაში ლარის გამყარება კომპანიებს ფასების არათუ შემცირების, არამედ ზრდის შეჩერებაში უფრო დაეხმარება.

„ძალიან რთულია იმის თქმა, 2 კვირაში რა პროდუქტი შეიძლება გაიაფდეს, რა თქმა უნდა არის რაღაც სენსიტიური პროდუქტები, რომელზეც შეიძლება ლარის ასეთი დასტაბილურებიდან გამომდინარე ფასი შეცვლილი იყოს, რომელიც არის სწრაფად ბრუნვადი, მაგრამ ასე რომ - 2 კვირაში რაღაც გაიაფდება -  რთული სათქმელია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ სერიოზული ცვლილებებია. საკმაოდ არის ფასები გაზრდილი, როგორც მზა პროდუქტზე, ისე ნედლეულზე, თანაც ყველაზე მთავარია ლოგისტიკა, რომელიც დამოკიდებულია საწვავის ფასზე. ბარელის ფასი კი საკმაოდ მაღალია, საერთაშორისო გადაზიდვები დაახლოებით 70-დან რიგ შემთხვევებში 100-200 პროცენტით არის გაზრდილი.

თუ ლარი განაგრძობს გამყარებას და იმ ნიშნულთან იქნება, რა ნიშნულთანაც დღეს არის, ფასებს იმპორტიორები შეინარჩუნებენ, მუხედავად იმისა, რომ საწვავზე ფასი გაიზარდა და საერთაშორისო ბაზარზე რიგ პროდუქტებზე კვლავ გრძელდება ფასების ზრდა.

ლარის მიმართ ბიზნესის ნდობა დაბალია, რადგან გვინახავს ლარის გამყარება 2 კვირით, ერთი თვით და მერე უფასურდება. ძალიან მტკივნეული პროცესია. ბიზნესი დააკვირდება სიტუაციას. თუ რომელიმე კომპანია საშუალება ექნება აუცილებლად გააიაფებს პროდუქტს. გადაწყვეტილებას იმპორტიორი კომპანიები ინდივიდუალურად მიიღებენ, ვინ რა ფასი დაიჭიროს“- აცხადებს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია.