მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაამართლა თუ არა covid - ლატარიამ? - ღარიბაშვილი კმაყოფილია, გამყრელიძე - ნაკლებად

616fd3aade382
ინგა მურუსიძე
20.10.21 12:47
664
13 სექტემბრიდან საქართველოში, ვაქცინაციის წახალისების მიზნით, STOPCOVID ლატარია - "აიცერი და მოიგე" დაიწყო. ამ დროისთვის 5 845 ადამიანს 916 000 ლარი აქვს მოგებული. საქართველოს პრემიერ-მინისტრ შეფასებით, ლატარია ეფექტიანია. „მილიონი ლარია დახარჯული, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს მილიონი ლარი მოსახლეობაზე გადანაწილდა. ნამდვილად ეფექტიანია. მე ვფიქრობ, ამან ვაქცინაციაზე იმოქმედა“, - განაცხადა გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაურთან შედარებით, ამირან გამყრელიძე პროგრამის ეფექტიანობით ნაკლებადაა კმაყოფილი.

„ვფიქრობ, ლატარიამ გარკვეულწილად იმუშავა, თუმცა რომ გითხრათ, ძალიან დიდი სტიმული მისცა ვაქცინაციას-მეთქი, ასე არ იყო“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კითხვაზე - თუ ლატარია ეფექტიანი ვერ გამოდგა, კიდევ რატომ უნდა დაიხარჯოს თანხები მის ჩატარებაზე, NCDC-ის დირექტორი ამბობს, რომ ამას ფინანსთა სამინისტრო წყვეტს. ამასთან, ამირან გამყრელიძე თავს იკავებს გააჟღეროს პოზიცია, თუ რას ფიქრობს ის აღნიშნულ საკითხზე. „მე რასაც ვფიქრობ, ამას ტელევიზორში არ ვლაპარაკობ, ამას საკოორდინაციო საბჭოზე ვამბობ“, - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, მედიამ NCDC-ს ხელმძღვანელს ჰკითხა, რა დრო სჭირდება უწყებათშორის საბჭოს იმისთვის, რომ ვაქცინაციის წამახალისებელი სხვა ეფექტიანი მექანიზმი მოიფიქროს.

„კამპანია "ვაქცინაციის მარათონის" სახით უკვე მიმდინარეობს. ასევე მუშავდება ღონისძიებები ვაქცინაციის წახალისებისთვის. სამწუხაროდ, ვაქცინაციის ტემპი დაეცა. ადამიანები, რომლებიც იყვნენ მოტივირებულნი, უკვე მოვიდნენ და აიცრნენ სწორედ იმ საკომუნიკაციო კამპანიის ფონზე, რაც მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ქვეყანაში. მეორე ნაბიჯია მივიდეთ მოქალაქეებამდე და ასეც ვიქცევით, ხოლო მესამე ნაბიჯი არის მანდატორული ვაქცინაცია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის შეფასებით, დაახლოებით, 10 დღის განმავლობაში უნდა დავაკვირდეთ, თუ რა შედეგი ექნება მარათონს და დამატებითი გადაწყვეტილებები ამის შემდეგ უნდა იქნას მიღებული.

„ახალი მასტიმულირებელი გადაწყვეტილებები სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაზეა გათვლილი. მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ამაზე მუშაობა. გარდა ამისა, მხედველობაში მაქვს საჯარო თუ სხვა სექტორი, სადაც უნდა იყოს არა წამახალისებელი, არამედ - სხვა ღონისძიებები.

ქვეყანაში ამკრძალავი ღონისძიებების შემოღება მარტივი არ არის, ბევრი ამას არ ეთანხმება, მაგრამ ეს არის მესამე ეტაპი. ვნახავთ, მარათონი რას მოგვცემს, პირველ-მეორე კვირაში როგორი იქნება მოსახლეობის დამყოლობა. თუ არ იქნება შედეგიანი, მერე მიდიხარ მესამე გზით. 10 დღე მაინც უნდა დავაკვირდეთ ვაქცინაციის მარათონს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.