მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაბედონ და მომეკარონ, ყველგან ვუჩივლებ" - როდემდე არ გადაიხდის გადასახადებს "კავკასია"

5e00cfce48907
ინგა მურუსიძე
23.12.19 18:30
5480
თუ ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში ჩემს ტელევიზიას გულისხმობენ, ძალიან შეშლიათ, - ასე ეხმაურება ტელეკომპანია „კავკასიის“ მფლობელი ნინო ჯანგირაშვილი ფინანსთა სამინისტროს განცხადებას, რომლის მიხედვით, ვანო მაჭავარიანის უწყება ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ მიმდინარე დავალიანება, კიდევ ერთხელ აფრთხილებს და ერთი დღის ვადას აძლევს, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაფარონ.

როგორც ირკვევა, ტელეკომპანია "კავკასიას" გარკვეული დავალიანება აქვს, მაგრამ ნინო ჯანგირაშვილის აცხადებს, რომ გადასახადების გადახდას მხოლოდ ერთი კონკრეტული პირობით დაიწყებს.

„მე არ ვიცი, ვის გულისხმობდა ფინანსთა სამინისტრო; წესით უნდა იგულისხმოს ის ტელევიზიები, ვისაც დავალიანებების სახით მილიონები აქვს დაგროვილი. მე თუ მგულისხმობდა, ძალიან შეშლია. აგვისტოში გამოვაცხადე, რომ ვიდრე არ გაირკვევა იმ 55 მილიონი ლარის ბედი, რა დავალიანებაც აქვთ ტელევიზიებს, იქამდე მე ჩემს დავალიანებას არ გადავიხდი. ახლაც იგივეს ვაცხადებ. ჯერ მითხრან, როდის იხდის „იმედი“ იმ 19 მილიონს, რაც 14 აგვისტოს მდგომარეობით ჰქონდა; მითხრან, რამდენი აქვს „რუსთავი 2“-ს ვალი და როდის იხდის 27 მილიონს, ასევე როდის იხდის „მაესტრო“ 8 მილიონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არა მხოლოდ საკონსტიტუციოში, არამედ ყველგან ვუჩივლებ, სადაც შესაძლებელი იქნება. ეგრე სად არის, იმათ მილიონები დააგროვებინონ და მე ულტიმატუმები წამიყენონ. სანამ „იმედი“, „რუსთავი“ და „მაესტრო“ ბოლო თეთრამდე არ გადაიხდიან დავალიანებებს, იქამდე ბიუჯეტში არაფერს გადავიხდი. რატომ აიღო ჩვენმა ფინანსთა მინისტრმა ათვლის წერტილად 1 ოქტომბერი და არა - მაგალითად 15 ან 17 ნოემბერი. მე არ ვიცი, ეს არის თავის მასხრად აგდება“, - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

მისივე თქმით, თუ ფინანსთა მინისტრს თავმოყვარეობა აქვს და თანამდებობას პატივს სცემს, უნდა დაიბაროს ტელევიზიები და განუმარტოს, რას აპირებენ.

„გვითხრას მინისტრმა, რას აპირებს, რადგან ეს ყველაფერი არის არაკონკურენტუნარიან მდგომარეობაში ჩაყენება, ვინაიდან სხვა ტელევიზიებმა იმ თანხით, რა თანხებიც ბიუჯეტში არ გადაიხადეს, იყიდეს ტექნიკა, წაგვართვეს თანამშრომლები, მათ შორის მეც;  დაიწყეს ახალი პროექტები, რომლითაც გაიზარდეს რეიტინგი, მიიღეს ბაზრის დიდი წილი და მე დეგენერატივით მთელი ეს წლები ვიხდი გადასახადებს. ინკასოს დამადებენ კი არა, დამიბრუნონ მთელი ამ წლების განმავლობაში გადახდილი თანხა იმის პროპორციულად, რასაც ახლა პატიობენ „იმედს“, „რუსთავი 2“-ს და „მაესტროს“. არ მაინტერესებს, ხვალ რას იზამენ. დაადებენ ინკასოს და შეაფერხებენ ტელევიზიის მუშაობას?! ამას დარექმევა თავისი სახელი. ან „იმედს“ გადაახდევინონ ის 19 მილიონი, „რუსთავს“ 27 მილიონი და „მაესტროს“ 8 მილიონი და ან მანამდე არ გამეკარონ, თორემ ვუჩივლებ ყველგან სადაც შესაძლებელია. ჩემს რაღაც სასაცილო თეთრებზეა საუბარი იმათი მილიონების ფონზე“, - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

ცნობისთვის: bm.ge სხვა ტელეკომპანიებთან დაკავშირებასაც ცდილობს. "რუსთავი 2"-სა და "იმედში" (ასევე "მაესტრო" და  GDS) უკვე განაცხადეს, რომ მათ მიმდინარე დავალიანება არ აქვთ და ოქტომბრიდან გადასახადებს იხდიან. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ტელეკომპანიებს "იმედს", "მაესტროს" და "რუსთავი 2-ს" სახელმწიფოს წინაშე 55 მილიონზე დიდი დავალიანება მართებთ, რომლის დაფარვის გეგმა კომპანიებმა წლის ბოლომდე უნდა წარმოადგინონ.