მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაბრიჩიძე: „სარესტორნე ბიზნესში ხელფასები მინიმუმ 1,5-ჯერ გაიზარდა“

638dee593720f
თათია ჩაფიჩაძე
06.12.22 09:30
1352
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის კოტე გაბრიჩიძის განცხადებით, სარესტორნე ბიზნესში დასაქმებულთა ანაზღაურება მინიმუმ 1,5-ჯერ გაიზარდა, თუმცა სექტორი კვლავ კადრების დეფიციტს განიცდის.

„საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას გაბრიჩიძემ აღნიშნა, რომ შესაბამისი კადრების მოძიების მიზნით, 9 დეკემბერს სექტორი ტექნიკურ უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმს გამართავს.

როგორც გაბრიჩიძე აღნიშნავს, მაღალი ინფლაციის და შრომის ანაზღაურებაზე გასაცემი ხარჯების ზრდის გამო, მენიუს საბოლოო ღირებულება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზოგ შემთხვევაში ორჯერ არის გაზრდილი.

„კადრების დეფიციტი ისევ პრობლემად რჩება, განსაკუთრებით მთის კურორტებზე. ჩვენი ასოციაცია დასაქმების ეროვნულ ბიუროსთან ერთად 9 დეკემბერს აწყობს დასაქმების ფორუმს ტექნიკურ უნივერსიტეტში. სტუდენტური ნაკადი გვინდა, რომ შემოვიყვანოთ სექტორში. უკვე მეორედ იმართება მსგავსი ვაკანსიების ფესტივალი. პირველზე წარმოდგენილი იყო 47 ოპერატორი, დაახლოებით 500-ზე მეტი მაძიებელი ესწრებოდა, მათი 90% ქართველები იყვნენ.

რატომღაც ჩვენი ბიზნესის ხელფასები აინტერესებს ყველას, თავის ბიზნესზე არავინ საუბრობს, ყველას რატომღაც, ბანკირსაც და პოლიციელსაც აინტერესებს რესტორანში დასაქმებულს თუ მოემატა ხელფასი. ჩვენ არ ვმალავდით კადრების დეფიციტს და სხვები ნაკლებად საუბრობენ. სამედიცინო სექტორი უდიდესი გამოწვევის წინაშე არის, მაგრამ ისინი დუმილს ამჯობინებენ. გვიხარია, რომ ეკონომიკა ჩვენს მიმართულებაზე ზრუნავს, მაგრამ სხვა სექტორებმაც იფიქრონ დასაქმებულებზე და მათაც გაუზარდონ ხელფასები. ჩვენს სექტორში 1.5-ჯერ არის მინიმუმ ხელფასი გაზრდილი, რაც არ მომხდარა არცერთ სექტორში.

ცხადია ხელფასების ზრდამ და მეორე მხრივ, ჰიპერინფლაციამ მნიშვნელოვნად გააძვირა საბოლოო პროდუქტი. ინგრედიენტების და კომუნალურების ფასები იმდენად სწრაფად იზრდება, რომ მენიუს გადაბეჭდვას ვერ ვასწრებთ. ზოგ შემთხვევებში ორჯერაც კია წინა წელთან შედარებით ფასი მომატებული. რაც შეეხება წლის მოლოდინებს, სექტორი ვარაუდობს, რომ 2019 წელს გავუსწრებთ.“ - განაცხადა გაბრიჩიძემ.