მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაჩერებული პროდუქცია საზღვარზე - იმპორტიორები საბაჟოზე არსებულ პრობლემებზე საუბრობენ

60995157a2a5f
ანუკა ჯოხაძე
10.05.21 22:00
1298
ბათუმისა და თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონებში იმპორტირებული ჰიგიენის საშუალებები და ბავშვთა საკვები 9-10 დღეა მოწმდება.

ერთ-ერთი კომპანია, რომელიც საბაჟოზე ბოლო რამდენიმე თვეა პრობლემებს აწყდება, “ბიდი+”-ა. კომპანიის დირექტორი არჩილ ქოქაშვილი გვიხსნის, რომ ამ დროისთვის 150 000 ამერიკული დოლარის ტვირთი როგორც ბათუმის, ისე თბილისის გეზში 29 აპრილიდან არის დაყოვნებული. ქოქაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში თითქმის ყველა ტვირთი წითელ დერეფანში ხვდება, სადაც თითქმის 10 დღე ჩერდება. მისი განმარტებით, იმპორტიორებს დღეს ტრანსპორტირების ხარჯი ისედაც 20%-ით აქვთ გაზრდილი. საბაჟოზე არსებული პრობლემების გამო კი ეს ხარჯი კიდევ 5%-ით იზრდება.

“დღეს თბილისის გეზში გაჩერებული გვყავს სამი მანქანა, ერთი მანქანა გაჩერებულია ბათუმის გეზში. ბათუმში მაგალითად 29 აპრილიდან გაჩერებულია, ანუ უკვე მე-11 დღეა. პასუხსაც ვერ გვეუბნებიან, რას აპირებენ. შეამოწმეს საბუთებიც, ტვირთიც, მაგრამ მანქანას არ უშვებენ. ყველაფერი ერთმანეთზე ჯაჭვურად არის გადაბმული. გეზში მანქანების მოცდის დღეების საფასურის გადახდა გვიწევს, რაც ემატება პროდუქციის თვითღირებულებას. შესაბამისად, მივდივართ იქამდე რომ ძვირდება პროდუქცია მომხმარებლისთვის", - აცხადებს კომპანია “ბიდი+”-ის დირექტორი არჩილ ქოქაშვილი.

საბაჟო პუნქტებზე არსებულ პრობლემებზე BM.GE-თან დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონიაც საუბრობს, რომელიც ამბობს, რომ იმპორტიორების მხრიდან საბაჟო პუნქტებზე არსებულ პრობლემებთან მიმართებით მომართვიანობა გაზრდილია. ჭყონიას თქმით, იმპორტიორებს გარდა იმისა, რომ საბაჟოზე ტრანსპორტის მოცდის საფასურის გადახდა უწევთ, აქვთ ვალდებულება იმ სავაჭრო ქსელებთან, სადაც პროდუქციის მიწოდება დროულად უნდა მოხდეს. მისივე განმარტებით, საბაჟოზე ტვირთების დაყოვნების გამო კი დგება რისკი, რომ ვალდებულებები ვერ შესრულდეს.

“არის ისეთი შემთხვევები, როდესაც სავაჭრო ქსელებში აქვთ კომპანიებს აქციები დაგეგმილი, ამ პერიოდში კი თუ პროდუქტს ვერ მიაწოდებენ ობიექტს კოლოსალური თანხით ჯარიმდებიან. ეს წარმოიდგინეთ ჯაჭვში რამდენად სერიოზულ პრობლემას შეუქმნის კომპანიას, თუ დროულად არ მიიღო საწყობში პროდუქტი. ამიტომ თუ რაღაც გარკვეული პრობლემა რეალურად არსებობს ჯერ თვითონ უნდა დაარეგულიროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა. უნდა იყოს მობილიზებული გუნდით და არა იმ პასუხებით, რომ ხვალ, ზეგ, ერთი კვირის შემდეგ გაგვცემენ პასუხს. თუ დროულად პრობლემები არ აღმოიფხვრა კომპანიები სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან", - აცხადებს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია.

ჰიგიენური საშუალებებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების საბაჟო დაყოვნების მიზეზების გარკვევის მიზნით BM.GE-იმ შემოსავლების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, 0-3 წლამდე ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმზე ხშირია კანონდაღვევები იმპორტიორების მხრიდან, შესაბამისად, პროდუქტი საზღვარზე კონკრეტულ პროცედურებს გადის. როგორც უწყებაში განმარტავენ, შემოწმების სამუშაოები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებსა და პირობებში ხორციელდება.

"საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების შედეგად გამოვლინდა, როგორც საბაჟო სამართალდარღვევის, ასევე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების შემცველი არაერთი ფაქტი, როდესაც 0-დან 3 წლამდე ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმზე არაკეთილსინდისიერი იმპორტიორების მხრიდან ადგილი ჰქონდა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათების კანონდარღვევით გამოყენებას, რაც ასევე ხელს უწყობს არაჯანსაღი კონკურენციის პირობების შექმნას, შესაბამისად შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი რისკის ანალიზის საფუძველზე ახორციელებს ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის შემოწმების პროცედურებს", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

იმპორტირები შემოსავლების სამსახურის მხრიდან ახსნა-განმარტებებს და დროული ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ. მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ მდგომარეობა არ გამოსწორდება, არ არის გამორიცხული პროდუქციაზე ფასები კიდევ უფრო გაიზრდოს.