მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაჭირვებაში იცნობა მეგობარი - ნიკოლოზ გამყრელიძე EBRD-ზე

5eba5c99285e3
შოთა ტყეშელაშვილი
12.05.20 13:49
16762
“გაჭირვებაში იცნობა მეგობარი,”- ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შესახებ “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” CEO-მ ნიკოლოზ გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, $25 მილიონი დოლარის სასესხო დაფინანსება, რომელიც EBRD-სა და GHG-ის შორის დამტკიცდა, კომპანიას ძლიერი ლიკვიდობის შენარჩუნების შესაძლებლობას მისცემს.

“სესხი არის ორწლიანი, ის განკუთვნილია საბრუნავი კაპიტალისთვის და არ მაქვს უფლება დავასახელო საპროცენტო განაკვეთი, ის ამ ტიპის სესხებისთვის უპრეცედენტოდ დაბალია,” - განაცხადა “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის CEO-მ.

ამასთან, გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში ნიკოლოზ გამყრელიძემ თქვა, რომ გადაუწყვეტელი რჩება პრობლემა ეროვნულ ბანკთან მიმართებით, რის გამოც, GHG-ის აკრძალული აქვს სესხის “საქართველოს ბანკიდან” მოზიდვა. სებ-ის შეფასებით, ის “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი” “საქართველოს ბანკთან” დაკავშირებულ მხარედ ითვლება, თუმცა ნიკოლოზ გამყრელიძე ამბობს, რომ ამგვარი კვალიფიკაცია არის დაუსაბუთებელი და კანონშეუსაბამო.

შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ, GHG-იმ გაასაჯაროვა ის წერილი, რომლითაც კომპანიის მენეჯმენტმა 20 მარტს, საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართა და “საქართველოს ბანკთან” დაკავშირებული პირის სტატუსის მოხსნა მოითხოვა. ნიკოლოზ გამყრელიძის განცხადებით, ამის შემდეგ სებ-თან კიდევ რამდენჯერმე შედგა კომუნიკაცია, თუმცა კომპანიას არცერთხელ არ განუმარტეს ის თუ რის გამო აქვს “საქართველოს ბანკს” მათთან დაკავშირებული მხარის სტატუსი.

"პრობლემა იმაშია, რომ დღეს ჩვენ ვითვლებით ურთიერთდამოკიდებულ პირად საქართველოს ბანკთან. მარტივად რომ ვთქვა, გვეუბნებიან, რომ ვიღაცის ბიძაშვილი ხართ, ვეუბნებით რომ არ ვართ, სხვა გვარი გვაქვს, არც დედ-მამა და არც ბებია-ბაბუა არ არიან და-ძმა. ვითხოვთ ამის დასაბუთებას, თუმცა მათგან არის მხოლოდ განცხადება რომ მესამე პირი ვართ,"- ამბობს გამყრელიძე.

ამასთან, ნიკოლოზ გამყრელიძის თქმით, სებ-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთი წლის ვადით, კომერციული ბანკებისთვის სასესხო ლიმიტებზე არსებული მოთხოვნები შეერბილებინა, რასაც სხვა ბანკისთვის საშუალება უნდა მიეცა, რომ მათ მიმართ არსებული დაფინანსება გაეზარდა.

“რა კომუნიკაციაც გვქონდა [სებ-თან], გვითხრეს, რომ ბანკებს ზოგადად შეურბილებდნენ რეგულატორულ მოთხოვნებს, გარკვეული ვადით, ერთი წლით, რომელიც ტექნიკურად ხელმისაწვდომობას გაზრდიდა, ეს ტექნიკურად გაიხსნა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს მოხდა ერთი წლის ვადით და ყველა ბანკი გეუბნება, რომ ეს ერთი წლით მოხდა და ახლა რომ დაგაკრედიტო, ერთი წლის შემდეგ შეიძლება ისევ რეგულაციაში მოვყვე და შევიზღუდო, ამიტომ ამას აზრი არ აქვს. მარტივად რომ ვთქვათ, ჩემი აზრით, თავიდან მოგვიშორეს. ჩემი აღქმა ეს არის. ძალიან სამწუხაროა," - განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

ამასთან, მან გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში დაასახელა ის მიმართულებებიც, რომელზეც EBRD-ისგან მოზიდული დაფინანსების მიმართვა მოხდება.

“სამი ძირითადი მიმართულებაა, ერთია უშუალოდ საბრუნავი კაპიტალის, ეს არის ძირითადად ფარმაცევტული საშუალებებისა და მედიკამენტების მარაგების შექმნა. არის შემთხვევები, როდესაც რამდენიმე ქვეყანამ უბრალოდ ექსპორტი დაკეტა. შესაბამისად, ჩვენც უნდა მოვმზადებულიყავით. ჩვენმა კომპანიამ 30-40 მილიონი ჩაასხა საბრუნავ საშუალებებში, რათა ქვეყანაში შექმნილიყო საკმარისი მარაგი, როგორც ჰოსპიტალური სექტორისთვის, ასევე საცალო სექტორისთვის.

მეორე მიმართულებაა ჩვენი 6 ჰოსპიტლის მომზადება და გადაიარაღება, COVID-19-ისთვის. დღესდღეობით, ჩვენი ორი ჰოსპიტალი ჩართული არის ცხელების ცენტრის სახით. დიდი იმედი გვაქვს, რომ მეტი არ დაგვჭირდება, თუმცა თუ დაგვჭირდა, სრული მზაობა არსებობს ამისთვის, რათა 48 საათში გადავცეთ და ვაფუქნციონიროთ 600 საწოლი.

მესამე არის დიაგნოსტიკური მიმართულების გაძლიერება. ჩვენმა ლაბორატორიამ დაიწყო უკვე როგორც დიაგნოსტიკური ტესტირება, ასევე PCR ტესტირება COVID-19-ზე და საკმაოდ აქტიურები ვართ ამ მიმართულებითაც,” - განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

ნიკოლოზ გამყრელიძე "საქმიან დილაში"