მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადაადგილების მიმართულებით ბაკურიანი ასეთი დალაგებული აქამდე არ ყოფილა - “რუმს კოხტას” GM მსოფლიო ჩემპიონატზე

6405a365c97c0
ლიკა გურაბანიძე
06.03.23 21:15
895
ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. "საქმიან დილასთან", “რუმს კოხტას” გენერალურმა მენეჯერმა აკაკი ჩხიკვაძემ აღნიშნა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მათთვისაც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და ზამთრის “ჩავარდნილი” სეზონიც გამოასწორა.

“ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი გამოწვევა იყო, როგორც სათხილამურო ფედერაციისთვის, ასევე ჩვენთვის როგორც მასპინძლებისთვის. თუმცა, გამოწვევები დავძლიეთ და მიღებული შედეგებით კმაყოფილები ვართ, რადგან სტუმრებისგან ძალიან დადებითი გამოხმაურება და შეფასებები გვქონდა. ის უდიდესი ინვესტიცია, რაც ბაკურიანის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში ჩაიდო ამ რეგიონს მომავალი წლების განმავლობაში ნამდვილად გამოადგება და თავის სიტყვას იტყვის.

სასტუმრო სექტორი გვაიძულებს, რომ მოქნილები ვიყოთ და ყველა ახალ გამოწვევას მოვერგოთ. ჩემპიონატზე გამოწვევა არ გვქონია, გარდა უთოვლობისა. თუმცა, ხელოვნური გათოვლიანებით მსოფლიო ჩემპიონატმა ვითარება გამოასწორა და თებერვლის თვეზე გათვლილი ბიუჯეტი სრულად შევასრულეთ, სასტუმრო სრულად დაიტვირთა,” - აღნიშნა ჩხივაძემ.

მისივე თქმით, ბაკურიანმა ჩემპიონატის მიღებას თავი წარმატებულად გაართვა.

“გადაადგილების და ტრანსპორტირების მიმართულებით ბაკურიანი ასეთი დალაგებული აქამდე ნამდვილად არ ყოფილა. დიდველისა და კოხტას სათხილამურო ტრასაზე მოხვედრა დილის 1-ლი საათიდან საღამოს 4 საათამდე შეზღუდული იყო. ამ პერიოდში გადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხდებოდა, რომელიც უფასო იყო. ბაკურიანი საცობებისგანაც პრაქტიკულად განტვირთული იყო.” - განმარტა “რუმს კოხტას” გენერალურმა მენეჯერმა.

ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა, რაც უმნიშვნელოვანესი ღონისძიება იყო, საქართველოს ტურისტული და განსაკუთრებით, ზამთრის კურორტების სასტუმრო ბიზნესისთვის. ბაკურიანში პირველმა მსოფლიო ჩემპიონატმა სტარტი 16 თებერვალს აიღო და 5 მარტის ჩათვლით ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის სახეობის  700 სპორტსმენი ერთმანეთს ეჯიბრებოდა, მათ შორის 5 ქართველი სპორტსმენიც ასპარეზობდა.