მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გადაჭარბებულია შეფასება, რომ მთავრობამ ევროპულ ვალზე თქვა უარი“ - პრემიერი

6132063548b37
ვიქტორია მღებრიშვილი
03.09.21 15:44
736
„ძალიან გადაჭარბებულია შეფასება იმის შესახებ, რომ მთავრობამ ევროპულ ვალზე თქვა უარი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მიერ ევროკავშირიდან 75 მლნ ევროს ფინანსური დახმარების უარის თქმის საკითხზე ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ თქვა მთავრობამ აღნიშნულ ფინანსურ რესურსზე უარი და აღნიშნა, რომ ამ სესხმა პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა.

„საქართველოს მთავრობა წყვეტს როდის აიღოს და არ აიღოს სესხი, ეს ჩვენი გადაწყვეტილებაა. შესაბამისად, მგონი კითხვები აღარ არსებობს, რადგან ჩვენ ამის შესახებ განმარტება გავაკეთეთ.

ძალიან გადაჭარბებულია შეფასება იმის შესახებ, რომ მთავრობამ ევროპულ ვალზე თქვა უარი. კარგია, რომ შევცვალეთ და დახმარების ნაცვლად ვთქვით ვალი. ზოგადად, ჩვენ ვთქვით, რომ ეს ევროკავშირის სესხი აღარ იყო საჭირო. პირველი იმიტომ, რომ მთავრობამ ეტაპობრივად საგარეო ვალის შემცირება გადაწყვიტა და იმ სესხებზე თქვა უარი, რომლის არაღება ქვეყანას არ შეუქმნის რაიმე პრობლემას; მეორე ისაა, რომ ამ სესხმა შეიძინა პოლიტიკური დატვირთვა მით უმეტეს საარჩევნო კამპანიის დროს, ნახეთ როგორ სპეკულირებდნენ ჩვენი ოპონენტები და მესამე - სესხი დაკავშირებული იყო სასამართლო რეფორმასთან და მოსამართლეების დანიშვნასთან - ასეთი წვრილმანებზე როდესაც ვკონცენტრირდებით და ურთიერთობას ხაზს ვუსვამთ ევროკავშირთან, ვფიქრობ, ეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დამაკნინებელია, რადგან ჩვენ გაცილებით მაღალი დონის სტრატეგიული ურთიერთობა გვაკავშირებს ევროკავშირთან ვიდრე ეს ერთი კონკრეტული ცალკე აღებული სესხის ნაწილი. 75 მლნ ევრო რაიმე კრიტიკულ მნიშვნელობას არ იძენს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობა აჩერებს, თუ გადახედავს ზოგადად ევროკავშირთან ურთიერთობას ამ მიმართულებით. ჩვენ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს ევროკავშირთან და ყველა საფინანსო დონორთან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.