მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადაეცა თუ არა საქართველოს მთავრობას "ბორჯომის" აქციები? - ვიცეპრემიერის განმარტება

62bd669113248
ვიქტორია მღებრიშვილი
30.06.22 13:10
816
2 კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბორჯომის“ მმართველი კომპანია RISSA INVESTMENT LIMITED საქართველოს სახელმწიფოს უსასყიდლოდ  გადასცემს "ბორჯომის" 7.73%-იან წილს. ეკონომიკის მინისტრის და ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის განცხადებით, შეთანხმების რეგისტრაციის პროცესი დღესაც მიმდინარეობს. ამის შესახებ დავითაშვილმა BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რა მნიშვნელობა აქვს სახელწმიფოს მიერ კომპანიის მართვაში შესვლას და თქვა, რომ სამეთვალყურეო საბჭოში წარმომადგენელს საქართველოს მთავრობა დანიშნავს. მინისტრს არ დაუკონკრეტებია, იქნება თუ არა ეს პირი ნეიტრალური.

„ახლა „ბორჯომთან“ საქართველოს მთავრობის შეთანხმების რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს, შესაბამისად, სახელმწიფო იღებს თავის კუთვნილ აქციებს. მინდა განვმარტო, რომ მთავარი პრობლემა სანქციების არსია, რაც კომპანიაზე მმართველობასა და კონტროლს გულისხმობს. კომპანიაზე კონტროლი სანქცირებულ პირებს არ უნდა ჰქონდეთ. ეს პრობლემა მოგვარებულია იმით, რომ სახელმწიფო იღებს აქციების გარკვეულ პროცენტს და მეორე - გადამწყვეტი ხმის უფლებას სამეთვალყურეო საბჭოში. შესაბამისად, ჩვენ გვეყოლება წარმომადგენელი, რომელიც საბჭოს უხელმძღვანელებს, კომპანიის მთლიან ზედამხედველობას განახორციელებს და ძირითადი გადაწყვეტილებების მიღებაში აქტიურად იქნება ჩართული. ეს იქნება მთავრობის მიერ შერჩეული პიროვნება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ცნობისთვის: 13 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში „უსასყიდლოდ „ბორჯომის“ მმართველ კომპანია RISSA INVESTMENT LIMITED-ის 7.73%-იანი წილი გადაეცა. შედეგად, კომპანიაში სანქცირებული რუსი ოლიგარქის მიხაილ ფრიდმანის აქციათა პაკეტი 57.72%-დან 49% მდე შემცირდა. ოფიციალური წყაროების თანახმად, სააქციო პაკეტთან ერთად, სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება დირექტორთა საბჭოში ერთი ხმის უფლების მქონე დირექტორით, რომელიც ასევე დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი იქნება და მას ექნება წარმმართველი როლი.

ვიცე-პრემიერის და ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განმარტებით, გარიგება, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო შედის, ორი დოკუმენტისგან შედგება: „ეს არის კომპანია ERASMONY LIMITED-ის საკუთრებაში არსებული „ბორჯომის“ მმართველი კომპანია RISSA INVESTMENT LIMITED-ის 1,104 (7.73%) ხმის უფლების მქონე აქციის საქართველოს სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადმოცემის თაობაზე ხელშეკრულება, მეორე გარიგების მიხედვით კი, რეგულირდება კონკრეტული ურთიერთობები პარტნიორთა შორის პარტნიორთა შეთანხმებაში".