მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გადაიღე საქართველოში”: Universal Studios საქართველოთი კვლავ დაინტერესებულია

5f5fa886e5538
BM.GE
14.09.20 21:26
1096
საერთაშორისო კინო ინდუსტრიაში წამყვანი Universal Studios კვლავ დაინტერესებულია საქართველოში ფილმის წარმოებით. კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფრენჩაიზისთვის “ფორსაჟი” სცენების თბილისში გადაღების შემდეგ, ქვეყანას ესტუმრებიან გამოცდილი ამერიკელი სკაუტები ილტ ჯონსი, ლორი ბალტონი და პიტერ გლუკი.

ვიზიტი ხორციელდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კინოკლასტერის თანამშრომლობის ფარგლებში.

სკაუტები გაეცნობიან საქართველოს კრეატიულ ინდუსტრიას და მის პოტენციალს. ამასთანავე, ისინი მოინახულებენ გადასაღებად საინტერესო ადგილებს ქვეყნის მასშტაბით.

სტუმრებისთვის შედგენილი ტური 14 – 18 სექტემბრის ჭრილში ჩატარდება. ვიზიტის ბოლოს კი 18 სექტემბერს. 11:00 საათზე ფუნიკულიორის ღონისძიებათა დარბაზში გაიმართება მასტერკლასი შემოქმედებით ინდუსტრიაში ჩართული და დაინტერესებული პირებისთვის, სადაც Universal Studios-ის წარმომადგენლები საზოგადოებას გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. ასევე, ისინი ისაუბრებენ ლოკაციების დათვალიერებისა და შერჩევის სპეციფიკაზე.

საქართველოში კინო ინდუსტრიის განვითარებისა და ხელშწყობის მიზნით, აღნიშნული ტურის მეორე ეტაპიც იგეგმება 2021 წლის გაზაფხულის პერიოდში. ქვეყანას კვლავ ესტუმრებიან Universal Studios-ის გავლენიანი პროდიუსერები, რომელთაც არაერთ მაღალბიუჯეტურ, წარმატებულ ფილმებზე აქვთ ნამუშევარი.

“სააგენტოთვის “აწარმოე საქართველოში” ქვეყანაში კრეატიული ინდუსტრიის განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამ სექტორის წარმატება საქართველოში ეკონომიკის წინსვლას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს”, - აცხადებს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში დირექტორი, მიხეილ ხიდურელი.

მისი თქმით, “აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო კინო ინდუსტრიის ისეთ წამყვან კომპანიებთან, როგორიც არის Universal Studios, კრეატიული ეკონომიკის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა”.

„ჩვენი პროგრამა თანამშრომლობს სააგენტო აწარმოე საქართველოსთან, საქართველოს კინოკლასტერთან და კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრთან რათა ქვეყანაში ხელი შეუწყოს შემოქმედებითი ინდუსტირების სექტორის განვითარებასა და მისი ცნობადობის ამაღლებას. ამისათვის მნიშვნელოვანია მსოფლიოს მაშტაბით მაღალი რანგის წარმომადგენლებს სატელევიზიო და ფილმის სფეროდან გავაცნოთ საქართველოს უნიკალური ისტორია და მთავარი ღირებულებები“. - აღნიშნა მარკ მაკორდმა, USAID ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა.