მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადამზიდავები რუსეთთან სამუშაო ნებართვების დადგენილი კვოტის გაზრდას ითხოვენ

620a4aa233cd7
ანუკა ჯოხაძე
14.02.22 22:23
1525
გადამზიდავი კომპანიები ბუნდოვან სანებართვო პირობებსა და არასამართლიან კონკურენტულ გარემოზე საუბრობენ. შესაბამისი კვლევა გასული კვირის მიწურულს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორმა წარადგინა. პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, რომ კონკრეტულ ქვეყნებთან ნებართვების ნაწილში დაწესებული კვოტა ტვირთბრუნვის გაზრდის ფონზე საკმარისი აღარ არის, შესაბამისად, გადამზიდავებს 1- 2-თვიანი წყვეტა აქვთ, რაც გადაზიდვების პროცესს აფერხებს.

მისი თქმით, განსაკუთრებით პრობლემური რუსეთის ბაზარია. ცაგარეიშვილის თქმით, გასულ წელს რუსეთთან გაცვლილი იყო 38 000 სამუშაო ნებართვა, რომელიც საქართველოს მხარემ სრულად აითვისა, ხოლო რუსეთმა ნებართვების მხოლოდ 70%-ის ათვისება მოახერხა.

“რუსეთის ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვნად იზრდება ტვირთბრუნვა, შესაბამისად, ის სამუშაო ნებართვები, რაც არის გამოყოფილი საკმარისი აღარ არის. რუსეთის მხარე ნებართვების ამ რაოდენობას ვერ ითვისებს და ბუნებრივია, ყოველთვის აჭიანურებს არსებული ნებართვების გაზრდის აუცილებლობას. მითუმეტეს ხორბლის შემოტანა რუსეთიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებებით სწორედ ამ ნებართვების საშუალებით ხდება. ამიტომ აუცილებელია, სამთავრობო სტრუქტურების ჩართულობა და ნებართვების რაოდენობის ზრდა", - ამბობს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი.

ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე BM.GE-თან ადგილობრივი მწარმოებლებიც საუბრობენ, რომლებსაც პროდუქცია ექსპორტით მეზობელ ქვეყანაში გააქვთ. კომპანია GDB-ის დამფუძნებლის, ივა ჭყონიას თქმით, ნებართვების დეფიციტი განსაკუთრებით თავს წლის ბოლოს იჩენს, რაც საზღვარზე ტრაილერების რიგებს იწვევს.

“განსაკუთრებით პრობლემამ თავი იჩინა ნოემბერში, წლის ბოლოს განსაკუთრებით გაზრდილი იყო ტვირთების ნაკადები. ვფიქრობ, ამან საკმაოდ შეაფერხა როგორც ადგილობრივი მეწარმეები ისე ფერმერები. გარდა კლიმატური პირობებისა, რომელიც დამაბრკოლებელი ფაქტორია, ამის პარალელურად ნებართვების რაოდენობაში დეფიციტი დიდ პრობლემას ქმნის. ეს პრობლემა თუ მთავრობამ არ გადაჭრა, რა თქმა უნდა, ამას კერძო სექტორი ვერ გადაჭრის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ლოჯისტიკა დაახლოებით 70%-ით იყო გაძვირებული. თუ მანამდე შესაძლებელი იყო 3000 დოლარად ტვირთი წაგეღო, 5500 დოლარს მაინც ითხოვდნენ გადამზიდავი კომპანიები", - განაცხადა ივა ჭყონიამ.