მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გადარიცხვების ეკონომიკა” - საქართველო და ქვეყნები ყველაზე მეტი ფულადი გზავნილებით

638cc7aada2ad
ლუკა მიმინოშვილი
04.12.22 20:15
3554
სები საქმიანობის ნაწილში რამოდენიმე მონაცემს გვაწვდის, მათ შორის არის გზავნილების ყოველთვიური სტატისტიკა და მისი განაწილება გადმომრიცხავი ქვეყნების მიხედვით.

ამ ბლოგში გაეცნობით მსოფლიოში არსებულ ზოგადი სურათის შესახებ ინფორმაციას, საქართველოში გზავნილების 2022 წლის პირველი 10 თვის სტატისტიკას, წაიკითხავთ ცვლილებათა მიზეზების შესახებ და გაგიზიარებთ ანალიზს თუ რა ეფექტის მომტანია აღნიშნული აქტივობა დღეს და რა ეფექტის მომტანი შეიძლება იყოს ეს ყოველივე ქვეყნის ეკონომიკური სურათისათვის საშუალო ან/და გრძელვადიან პერიოდში.

სანამ უშუალოდ საქართველოზე და შედეგების ანალიზზე გადავალ მანამდე გეტყვით რომ საერთაშორისო გზავნილების მოცულობა მთელ მსოფლიოში მზარდია, ის და მისი გადანაწილება დიდ როლს თამაშობს მსოფლიო ეკონომიკაში.

1980 წელს მთლიანი გზავნილების მოცულობა მსოფლიოში წარმოებული პროდუქტისა თუ მომსახურების 40% შეადგენდა, 2018 წლიდან კი აღნიშნული მაჩვენებელი სტაბილურ 80 %-ზე ნარჩუნდება.

მსოფლიო მასშტაბით არსებული გზავნილების პროცენტული და მოცულობითი ზრდა მისი ანალიზის საჭიროებასაც აჩენს. ამისთვის საჭიროა გავეცნოთ ქვეყანათა ჩამონათვალს რომლებიც გზავნილების მოცულობითა და გზავნილების მშპ-სთან თანაფარდობით გამოირჩევიან.

მიღებულ გზავნილთა მოცულობით ქვეყნების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:



ჩამონათვალში არსებული ქვეყნების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ შემდეგი:

ამ მიმართულები „მოწინავე“ ქვეყანათა შორის ისეთი ქვეყნებია რომლებიც გამოირჩევიან პოპულაციის რაოდენობით და ასევე „აკმაყოფილებენ“ შემდეგ პირობებს:

1) GDP PER CAPITA (მთლიანი შიდა პროდუქტის გადანაწილება ერთ მოსახლეზე) < 15 000 $

ჩინეთის გარდა არსებულ ოთხ ქვეყანაში კი აღნიშნული მაჩვენებელი 10 000 აშშ დოლარსაც ვერ აღწევს.

2) Gini index (მოსახლეობაში შემოსავლების გადანაწილების დონის მაჩვენებელი) > 30 %

ჩამოთვლილ ხუთეულში ეგვიპტის გარდა არსებული ოთხი ქვეყნის მაჩვენებელი აღემატება 35%-ს, თუმცა საყურადღებოა ის ფაქტი რომ აღნიშნული ინდექსი ვერ აღრიცხავს არაფორმალურ შემოსავალს რაც რეალურად არსებულ სურათს სრულად ვერ დაგვანახებს.

3) Billionaire Net Worth Related to Gross Domestic Product (GDP) (ქვეყანაში არსებული მილიარდელთა ქონების ფარდობა მშპ-სთან)

საინტერესოა რომ ჩამოთვლილ ქვეყნებს კიდევ ერთი საერთო აქვთ, იქ მაცხოვრებელ მილიარდერთა ქონებების მოცულობა მთლიანი შიდა პროდუქტის 18%-ს აჭარბებს. თითქოს რაღაც მსგავსებები საქართველოსთანაც არის, თუმცა მოსახლეობის სირავლის ნაწილს ვერ ვაკმაყოფილებთ შესაბამისად ამ ჩამონათვალში საქართველო წამყვან 50-ში ვერ მოხვდა.

ზევით მოცემული სტატისტიკა გვეხმარება აბსოლუტური მაჩვენებლების გაგებაში, თუმცა არ გვანახებს გზავნილების როლის მნიშვნელობას ქვეყანათა ეკონომიკაში, ამისათვის გაგიზიარებთ გზავნილების მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებლებს.

გზავნილების ფარდობა მშპ-სთან „მოწინავე“ ხუთი ქვეყანა:


მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ საქართველო ამ ჩამონათვალში 22 პოზიციაზეა.

ზოგადად გზავნილების მოცულობა და მათი განაწილება ჩემს ყურადღებას რამოდენიმე მიზეზის გამო იქცევს, გზავნილები ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა, ის ვალუტის კურსის მნიშვნელოვანი მდგენელია, ეს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაში სიახლეს არ წარმოადგენს, სურათი 1991 წლიდან უცვლელია, მიზეზთა შორის ერთ-ერთი ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობაა, რომელიც შრომითი მიგრაციის ძირითადი მიზეზი ხდება ხოლმე.

პრობლემა დღესაც აქტიურად არსებობს და დღესაც ათასობით ადამიანს აფიქრებინებს ემიგრაციაში წასვლისკენ, სანამ შემოდინებებზე ვისაუბრებთ გაგაცნობთ ემიგრანტთა სტრუქტურას, მათ განაწილებას ქვეყნების მიხედვით და ძირითად სამუშაო მიმართულებებს.

ემიგრანტთა განაწილება ქვეყნების მიხედვით და ამ განაწილების როლი გზავნილების სტრუქტურაში

როგორც უკვე აღვნიშნე საქართველოს მოქალაქეთათვის შრომითი მიგრაცია სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი საშუალებაა, გადინების ძირითადი მიზეზი საქართველოში დარჩენილი ოჯახის წევრთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფაა, მათი რაოდენობა კი არცთუ მცირეა.

2021 წელს არსებული სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემის ერთობლიობა გვანახებს რომ ემიგრაციაში წასულ ადამიანთა რაოდენობა 900 000 ადამიანს აღწევს, ეს კი მოსახლეობის
24 %-მდეა.

ემიგრანტთა გადანაწილება გვანახებს რომ მათი უმეტესობა რეგიონში არსებულ ქვეყნებში ამჯობინებენ გადასვლას.
რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზე რუსეთია, საქართველოდან რუსეთში გასულ მოქალაქეთა რაოდენობა ნახევარ მილიონს აღწევს, მათი ძირითადი ნაწილი ოთხმოცდაათიან წლებში გადავიდა გეოგრაფიულად მეზობელ ისე კი „მეზობელ” ქვეყანაში საცხოვრებლად. რუსეთში მიგრაცია იმ ეტაპზე ძირითადად ქვეყნის სიახლოვითა და ენის ბარიერის არქონით აიხსნებოდა, თუმცა ეს სხვა ბლოგის თემაა და სიღრმეში აღარ შევალ, რუსეთში მაცხოვრებელ ქარველთა საქმიანობა ხშირ შემთხვევაში სამეწარმეო საქმიანობას უკავშირდება, რუსეთში მიგრირებულთა შორის არცთუ მცირეა მეცნიერ-მუშაკთა რაოდენობაც.

გზავნილების მოცულობით რუსეთი პირველობას ფაქტიურად არ თმობს, საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისგან თითქოს გასაკვირი არც არის, სიაში რიგითობით გადანაწილების სურათი რუსეთ-უკრაინის ომამდეც იდენტური იყო, რასაც ვერ ვიტყვით მის რიცხობრივ მაჩვენებლებზე. შემცირებული უსაფრთხოება და აქტივების სანქცირებული ქვეყნიდან გამოტანა, 2022 წელს გზავნილების ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი გახდა.

საქართველოდან მიგრირებულ მოქალაქეთა მიმართვიანობით რიგით მეორე ქვეყანა საბერძნეთია, იქ წასული ადამიანები ძირითადად ოჯახებში მუშაობით არიან დაკავებულნი, საბერძნეთი საქართველოსთვის სამუშაო ძალის გადინების ქვეყნად ორიათასიანების დასაწყისში იქცა, ძირითად ნაწილს ქალბატონები შეადგენენ და სერვისის ნაწილში არიან დასაქმებულნი.

საბერძნეთზე მიმართვიანობის მიზეზად დასაქმების შესაძლებლობა, ქართველთათვის ადვილი საემიგრაციო პროცესი და მისაღები ანაზღაურება სახელდება.

მიმართვიანობის რიგში შემდეგი ქვეყანა უკრაინაა, მიზეზები შეგვიძლია რუსეთის შემთხვევის იდენტურად ენის ბარიერის არქონა და გეოგრაფიული ლოკაცია დავასახელოთ.

გარდა არსებული სიტუაციისა მნიშვნელოვანია ტრენდი, თუ როგორია ცვლილება ბოლო პერიოდის განმავლობაში, აქ კი საგულისხმოა ის ფაქტი რომ 2010-2020 წლის პერიოდში ემიგრანტთა რაოდენობა ყველაზე მეტად ამერიკის მიამრთულებითაა გაზრდილი, ზრდა 80%-მდე ნიშნულს აღწევს. ასევე გაზრდილია ემიგრანტთა რაოდენობა იტალიის მიმართულებითაც, აქ ზრდის პროცენტული მაჩვენებელი 60% არის. აღნიშნული ტრენდის გავლენა უკვე იგრძნობა გზავნილების სტრუქტურაზე, იტალიამ გარდა საქართველოდან ემიგრანტთა რაოდენობრივი ზრდისა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა გზავნილების მოცულობის ნაწილშიც და უკვე სტაბილურად იკავებს მეორე პოზიციას, მესამე ადგილზე კი ემიგრანტთა მიმართვიანობის ზრდით გამორჩეული ამერიკის შეერთებული შტატებია.

გზანილების პირდაპირი გავლენა

ინტერესი გზავნილების მოცულობის მიმართ გამოწვეულია რამოდენიმე საკითხით, ერთ-ერთი სავალუტო ბაზარსა და ეკონომიკაზე ვალუტის კურსის გავლენას ეხება.

ვალუტის კურსი და მისი ცვლილება ეხება როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებს, აღნიშნული გავლენას ახდენს ყოველთვიური საკრედიტო მომსახურების ხარჯზე ასევე სამომხმარებლო თუ სხვა სახის პროდუქციის ღირებულებაზე, რაც დიდ როლს თამაშობს მოსახლეობის საბოლოოდ განკარგვად შემოსავალზე, მიზეზი ქვეყანაში დაკრედიტებაში მაღალი დოლარიზაცია (მიუხედავად ბოლო პერიოდში არსებული ცვლილებისა) და საიმპორტო პროდუქციის მოცულობაა მთლიან მოხმარებულ პროდუქციაში.

სავაჭრო სალდო უარყოფითია, შესაბამისად იმპორტირებულ პროდუქციაში უფრო მეტს ვიხდით ვიდრე ექსპორტზე გატანილი პროდუქციიდან შემოსავალს ვაგენერირებთ, ამ ნაწილის ერთგვარ დამაკომპესირებლად კი გზავნილებს, ან/და სხვა ტიპის სავალუტო შემოსავებს განვიხილავთ, იმ პერიოდში კი როცა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დაბალ ნიშნულზეა გზავნილთა როლი მთლიან საქმეში იმატებს.

შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი რომელიც საკითხით დაინტერესებას იწვევს საქართველოს ეკონომიკის ზომაა. საქართველოში ბაზრის ზომა და შემოსავლების მოცულობა ერთგვარ ჭერს ქმნის ხარჯვით ნაწილში, უცხოეთიდან შემოსული ფულადი ნაკადები კი ადგილობრივი ეკონომიკის მნიშვნელოვან წამახალისებელი ფაქტორია.

ეს ის სამი ძირითადი მიზეზია რომელიც როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებზე ნათლად აისახება, აღნიშნულიდან გამომდინარე ხდება სამომავლო გეგმათა და საოპერაციო საქმიანობის ფორმირება.

2022 წლის 10 თვის შედეგი და მაჩვენებლების ანალიზი

ომის ეფექტი და მისი გავლენა ეკონომიკაზე თითქოს ყველაფრის ახსნაა, თუმცა მნიშვნელოვანია უფრო მეტად დავაკვირდეთ დეტალებს.

გზავნილები უკრაინიდან, რუსეთიდან და ბელორუსიდან თანხის შემოტანის ერთადერთი საშუალება ნამდვილად არ არის. აღნიშნული ქვეყნებიდან აქტიურად ხდება თანხის შემოტანა კრიფტოვალუტის დახმარებითაც, ამ მეთოდს ძირითადად რუსეთის მოქალაქეები იყენებენ, მიზეზი კი რუსეთის მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვებია, რომელიც ქვეყნიდან ვალუტის თავისუფლად გატანას ეხება, დიდია სანქცირების ეფექტიც რომელიც საბანკო გადარიცხვების შეზღუდვას იწვევს.

დასაკვირვებელ ათ თვეში გზავნილების ჯამურმა მოცულობამ 3.315 მლრდ აშშ. დოლარი შეადგინა, შედარებისთვის უნდა ითქვას რომ 2021 წლის ჯამური შედეგი 2.348 მლრდ აშშ დოლარი იყო.

2022 წლის ათ თვეში ჩარიცხულ თანხაში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი რუსეთიდან გზავნილების მოცულობა, რუსეთიდან 2022 წელს 1.434 მლრდ აშშ დოლარი ჩაირიცხა, რაც ცხადია ერთჯერადი ფაქტორით კონკრეტულად კი რუსეთ-უკრაინის ომით არის გამოწვეული, უნდა აღინიშნოს რომ მიუხედავად მიზეზისა ის საკმაოდ განგრძობითი აღმოჩნდა და შესაბამისად არცთუ მოკლევადიანი გავლენა მოახდინა რემიტანსების მოცულობაზე.

იმისათვის რომ გავაკეთოთ ანალიზი თუ ვინ არიან გზავნილების გადმომრიცხავები მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ საერთო მაჩვენებლებს, ამაში იგულისხმება ყველა ჩამრიცხველი ქვეყნის მაჩვენებელი და ჩარიცხვა/გადარიცხვის სხვაობა.

რუსეთიდან გზავნილების ასეთი ტემპით ზრდის ფონზე შემცირებულია რუსეთში გადარიცხვები, 2021 წელს საქართველოდან რუსეთში გადარიცხვების მოცულობამ 90.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2022 წლის 10 თვეში კი შედეგი 34.4 მლნ აშშ დოლარია.

სავარაუდოა რომ ტრენდს მიყვება იტალიიდან გზავნილების ყოველწლიური ზრდა და გასული წლის შედეგს გააუმჯობესებს (აცდება 385 .7 მლნ აშშ დოლარს) თუმცა ნაკლებად სავარაუდოა შეინარჩუნოს წინა წლებში არსებული ზრდის ტემპი, სავარაუდოდ იტალიიდან გზავნილების მოცულობა 2022 წლის ჯამური მოცემულობით 430 მლნ აშშ დოლართან ახლოს იქნება, ამის თქმის საშუალებას კი გასულ წლებში არსებული გადმომრიცხველთა ყოველთვიური ქცევა გვაძლევს.

მესამე ადგილზე მყოფი აშშ-სგან ველოდებით 2021 წლის შედეგის გაუმჯობესებას, რომელიც 284 მლნ აშშ დოლარი იყო, არსებულ 10 თვეში მაჩვენებელი 263,9 მლნ აშშ დოლარია, თუმცა აქ ყურედღებას იქცევს გადარიცხვათა მაჩვენებელიც, რომელიც წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, 2020 წელს აშშ-ში გადარიცხვების მოცულობა 3.3 მლნ აშშ დოლარი იყო, 2021 წელს 3.9 მლნ აშშ დოლარი, ხოლო 2022 წელს ამ მაჩვენებელმა 11.1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

აღნიშნული გვაფიქრებინებს რომ ამერიკაში ემიგრანტთა ნაკადები კიდევ უფრო გაზრდილია და შესაბამისად გადარიცხვები ძირითადად ერთჯერადი ხასიათის მატარებელია, გადათვალისწინებელია რომ ვერ ხერხდება გადამრიცხავთა შორის საქართველოს მოქალაქეთა გამოყოფა, ამ მიზეზით შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ გადარიცხვების ზრდა მათ შორის ომის ეფექტითაცაა გამოწვეული.

მნიშვნელოვნადაა გაზრდილი გზავნილები შემდეგი ქვეყნებიდან:



როგორც წესი ამ ქვეყნებში დიდია რუსეთისა და მისი პოლიტიკის გავლენა, მეტად სავარაუდოა რომ გზავნილების ზრდაც რუსეთ-უკრაინის ომს და ევროპის მხრიდან რუსეთის სანქცირებასთანაა დაკავშირებული.
ჯამურად ამ ქვეყნებიდან მიღებული შემოსავალი 2022 წლის მხოლოდ ათ თვეში გაზრდილია 205 მლნ აშშ დოლარით.

ჩამოთვლილი ქვეყნებიდან გაზრდილი გზავნილები არაპირდაპირი მიგრაციითაა გამოწვეული, რომელიც რუსეთიდან აზიის ქვეყნებში ტრანსპორტირების სიმარტივით ან/და სხვა მიზეზებიდან გამომდინარეობს.

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით დღიდან „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადებისა ყირგიზეთს თავი 50 000 -ზე მეტმა რუსეთის მოქალაქემ შეაფარა.

გაზრიდილია რუსების მიგრაცია ყაზახეთის მიმართულებითაც. ზოგადად რუსეთის მოქალაქეთათვის აზია „კარგი საშუალება“ აღმოჩნდა ომში მონაწილეობისაგან თავის დასაღწევად. მნიშვნელოვანია ითქვას ისიც, რომ რაოდენობრივად გადინება აზიაზე მეტი იყო თურქეთის, საქართველოსა და სომხეთის მიმართულებით. ომის გავლენით ჯამში რუსეთიდან 1.5 მლნ ადამიანზე მეტი გავიდა.

მნიშვნელოვანი შემცირებაა უკრაინიდან გზავნილების ნაწილში რაც უკვე რამოდენიმეჯერ ნახსენები ომით აიხსნება, 2021 წელს გზავნილების მოცულობა უკრაინიდან 92.7 მლნ აშშ დოლარი იყო, 2022 წლის ათ თვეში ეს მაჩვენებელი 10.9 მლნ აშშ დოლარია. დაახლოებით 10 მილიონითაა გაზრდილი გადარიცხვები უკრაინის მიმართულებით და დღეი 1 ნოემბრის მდგომარეობით 38.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

გზავნილების ზრდის შედეგი

ჩვენში ლარის სტაბილურობით ბევრი რამ იზომება, ისე კი რეალურად რისი გაზომვაც შეიძლება მოდი ეს გავზომოთ, მნიშვნელოვანია ითქვას რომ ლარის სტაბილურობაზე გავლენა მხოლოდ გზავნილებს არ ქონია და აქ დიდი როლი ითამაშა სებ-ის მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამაც, სებ-მა აღნიშნულ პერიოდში ასევე მოახერხა აშშ დოლარის შეძენა, თანაც რამოდენიმეჯერ. ჯამურად 80 მლნ.-აშშ დოლარის მოცულობით. (უნდა აღინიშნოს რომ მოხდა ვალუტის გაყიდვაც) მნიშვნელოვანია ის ფაქტიც რომ 2019 წლის 7 ივნისის შემდეგ ვალუტის პირველი შეძენა 2022 წლის მაისში ფიქსირდება. ამ ოპერაციათა და გზავნილების მოცულობის გაცვლით კურსზე ეფექტი კი ქვევით მოტანილ ცხრილში შეგვიძლია ვნახოთ:

23 თებერვალი; 1 ნოემბერი
1 აშშ დოლარი - 3.003 ლარი; 1 აშშ დოლარი -2.775 ლარი
1 ევრო - 3.406 ლარი; 1 ევრო - 2.755 ლარი

აზიის ქვეყნებიდან გზავნილების მოცულობის ზრდა ცალსახად რუსეთის ფაქტორითაა გამოწვეული, გარდა ამისა საქართველოში რუსეთიდან „ვიზიტორთა“ რაოდენობის ზრდა შსს-ს სტატისტიკაშიც ნათლად ჩანს.

რუსეთიდან ვიზიტორების დადარება 2021-2022:



აღნიშნულ 7 თვეში მხოლოდ რუსეთიდან შემოსულ ადამიანთა რაოდენობა 2021 წლის იდენტურ პერიოდს 827 111-ით აღემატება, საგულისხმოა ის ფაქტიც რომ რიგით მეორე ვიზიტორთა ზრდით არის სომხეთი.

რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობის ზრდა ცხადია ზრდის ჯამურ დანახარჯებსაც, ნაკლებად სავარაუდოა რომ ამ რაოდენობის ადამიანმა მოკლე დროში ადგილობრივ ბაზარზე დასაქმება ან/და ბიზნეს საქმიანობის წარმოება შეძლოს, თან ისეთი ბიზნესის რომელიც მოკლე დროშივე დაიწყებს შემოსავლის გენერირებას, შესაბამისად რუს მიგრანტებს დაფინანსების წყაროდ მშობლიური რუსეთი რჩებათ, რაც გარკვეულწილად ხსნის გზავნილების მოცულობას.

ცხადია გარდა რუსების მიერ გადმორიცხული თანხებისა იქნება იმ ქართველთა გადმორიცხვებიც რომლებიც თავში ვახსენეთ, თუმცა მათი წილის მთლიან მოცულობაში გამოყოფა ან მტკიცება რომ ის მცირე ან დიდ ნაწილს შეადგენს ცალსახად არასწორია.
გზავნილის მიზნობრიობა და მისი მიმართულება კი ნამდვილად შეგვიძლია დავუკავშიროთ რუსეთიდან შემოსულ მილიონზე მეტ ადამიანს.

წარსულში რუსეთიდან გზავნილის ზრდა იქ მაცხოვრებელი ქართველი მოსახლეობის კაპიტალის შემოდინებით აიხსა, თუმცა ფაქტია ასეთ ქვეყანად ვერ დავასახელებთ ყირგიზეთს, ყაზახეთსა და ბელარუსს.

ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან გზავნილების რამოდენიმე ასეული პროცენტით მატება კი მხოლოდ ომის ეფექტზე გვაფიქრებს, ეს ასევე გვაფიქრებინებს რომ გზავნილების მოცულობა მინიმუმ იდენტური დამოკიდებულებით უნდა გაზრდილიყო რუსეთიდანაც, რადგან ის ომში უშუალოდ მხარეს წარმოადგენს, რეალური რიცხვები კი ამ ლოგიკური მსჯელობის მყარი განმამტკიცებელი საბუთია.

მოკლევადიან პერიოდში აღნიშნული შემოსავალი ლარის სტაბილურობას უწყობს ხელს. ქმნის მოკლევადიან ეფექტს რაც მოსახლეობაშიც პოზიტიურ მოლოდინებს აჩენს, სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი რომ გავიაზროთ ეფექტის მიზეზები.
დიდად სავარაუდოა რომ გზავნილების სამომავლო მოცულობები სწორედ ომის შედეგსა და ხანგრძლივობაზე, ასევე რუსეთში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული, „რუსეთზე დამოკიდებულება“ კი რამხელა რისკია ეს ყველაზე კარგად საქართველომ და ქართველმა ერმა იცის.

მეზობელმა ქვეყნებმა რუსეთის მოქალაქეთა შედინებისა და მომატებული შემოსავლის ფონზე შექმნეს ერთგვარი ჩამკეტი, რომელიც სავარაუდოდ ქვეყანაში შესული თანხის დამაყოვნებლად მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდება, ერთგვარი ეკონომიკური ბუფერისათვის აღნიშნული შეიძლება კარგი საშუალება იყოს, თუმცა ამას პოლიტიკური ნება სჭირდება.

სწრაფად ცვალებად და მაღალი მერყეობის ეკონომიკაში აღნიშნული მოცემულობის სწრაფად გაანალიზება და სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვა დიდ მნიშვნელობას იქონიებს, რადგან დამდგარ ფაქტზე რეაგირება ხშირად დაგვიანებულია, თუმცა თუ ანალიზის უნარი გვაქვს შეგვიძლია პოტენციური რისკები წინასწარ შევამჩნიოთ და რეაგირებისთვისაც დაგვრჩება დრო.

ომმა კიდევ ერთ შედეგად უძრავი ქონების და საიჯარო ღირებულების ზრდა მოიტანა, რაც გამოწვეული იყო მოთხოვნის ზრდით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ ფასის ზრდა რაიმე ფუნდამენტური ფაქტორით არ არის გამოწვეული და სავარაუდოდ აღნიშნულსაც ერთჯერადი ეფექტი აქვს, დაკვირვების პერიოდში არ მომხდარა სამშენებლო მასალის მნიშვნელოვანი გაძვირება რასაც შესაძლოა გამოეწვია ფასის ცვლილება, პირიქით სამშენებლო მასალაზე კორონა პანდემიისას გაზრდილი ფასების შემცირება სწორედ წლის დასაწყისს დაემთხვა.
იმისათვის რომ უძრავი ქონების მიმართულება არ იქცეს სპეკულაციურ ბაზრად მნიშვნელოვანია ინვესტირებამდე დავფიქრდეთ, თუ რამდენად რეალური და სტაბილურია აღნიშნული აქტივის ღირებულება.

ომმა ბევრი ფიქრი გააჩინა და ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად რისკიან და მერყევ უძრავი ქონების ინვესტირების ნაწილშიც მნიშვნელოვნად გაზარდა რისკები, კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა მოლოდინები ვალუტის სამომავლო ღირებულებასთან დაკავშირებით და შესაბამისად გაართულა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთა სამომავლო პროექტირებისა და ბიუჯეტირების ნაწილი.

ეს კი კიდევ ერთი ბლოგი, ისევ ეგზოგენური ფაქტორები და ისევ მათი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე.