03.მარტი .2020 17:00

გადასახადების გადანაწილებისთვის ბანკებთან სახელმწიფოს შუამდგომლობა გვჭირდება – სასტუმრო "რუსთაველი"

views 296
უკან

ბუტიკ სასტუმრო "რუსთაველის" წარმომადგენელი ნინო ჩუბინიძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული ჩარევა უნდა მოხდეს, რომ უმუშევრობის პრობლემა არ დადგეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს კორონავირუსის ტურიზმის სექტორზე გავლენის მასშტაბების შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, გადასახადების გადანაწილების მიზნით, სახელმწიფომ შუამდგომლობა უნდა გაუწიოს სასტუმროებს, მათ შორის საბანკო სექტორთან და კერძო კომპანიებთან.

"სახელმწიფოსთან მთავარი თხოვნა იქნება, რომ მოხდეს გარკვეული შუამდგომლობა კერძო კომპანიებთან კომუნალურებთან დაკავშირებით და საბანკო სექტორთან, გარკვეულ სახელმწიფო გადასახადებთან დაკავშირებით, რომ თუ შესაძლებელი იქნება, მოხდეს გადავადება, ან გადანაწილება.

იმედი გვაქვს, რომ მომდევნო თვეები უკეთესი იქნება. ჩვენი სასტუმროს მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ მარტში საკმაოდ ცუდი სიტუაციაა, ახალი შემოსული ჯავშნები, რაც შემოდის, ზუსტად იგივე რაოდენობით იხსნება. ძალიან ბევრი ქვეყნიდან გვწერენ სტუმრები, რომ მათი მთავრობები რეკომენდაციებს გასცემენ, რომ არ იმოგზაურონ. იმისთვის, რომ ქვეყანაში უმუშევრობის სერიოზული პრობლემა არ დადგეს, მგონია, სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს სერიოზული ჩარევა და საშეღავათო პერიოდი მოგვცენ, რათა გადავრჩეთ", - განაცხადა ჩუბინიძემ.