მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გადასახადებს შემცირების მხრივ თამამი გადაწყვეტილებები გვჭირდება“ - ლევან ყარალაშვილი

60cc89babc4f8
ვიქტორია მღებრიშვილი
18.06.21 20:00
893
EBRD-ისა და მთავრობის მიერ დაფუძნებულმა ინვესტორთა საბჭოს სამდივნომ 14 ივნისს PwC-ის მიერ მომზადებული კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც ეკონომიკის აღდგენის სტრატეგიებს მოიცავს. კვლევაში ის საბიუჯეტო და ეკონომიკური ეფექტია განხილული, რომელიც კონკრეტული გადასახადების მოცულობის შემცირებას ექნება. მათ შორის კვლევის თანახმად, გადასახადი, რომლის შემცირებასაც ყველაზე დადებითი ეფექტი აქვს ეკონომიკურ ზრდაზე, არის საშემოსავლო გადასახადი.

ინვესტორთა საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეთანხმება და უფრო მეტიც ქონების გადასახადის ნაწილში ბიზნესისთვის შეღავათების დაწესების ინიციატივით გამოდის სავაჭრო ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელი და თბილისი ცენტრალის გენერალური დირექტორი ლევან ყარალაშვილი.

გადაცემა „ანალიტიკაში“ ის განმარტავს, რომ რომ არა კრიზისი საგადასახადო შეღავათების საკითხი დღის წესრიგში, არ დადგებოდა.

„ყველაზე ღრმა ეკონომიკური კრიზისი გვაქვს, რაც მსოფლიოს ბოლო ათწლეულების განმავლობაში უნახავს. ერთ-ორ თვეში რაღაც პარამეტრის გაუმჯობესება რეალურად არაფერს ცვლის. დღეს ვამბობთ, რომ ეკონომიკა იხსნება, მოლოდინები დადებითია, ინდექსების დიდი ნაწილი მათ შორის დასაქმებულების რაოდენობა უმჯობესდება, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში ზღვაში წვეთია. თუ არ იქნება უფრო მეტი სტიმული, რომ ეკონომიკის აღორძინება უფრო სწრაფად დაიწყოს, რეალურად იქ ვერ მივალთ, სადაც გვინდა მივიდეთ.

ინვესტორთა საბჭოს მიერ გავრცელებული კვლევაში ჩანს, რომ დღეს სახელმწიფოს მცირე ინსტრუმენტები აქვს იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდის აქსელერაციაზე გავლენა მოახდინოს. გადასახადები, ამ მიმართულებით ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ზოგადად ქვეყანაში საგადასახადო სისტემა საკმაოდ გამართულია და ეკონომიკური კრიზისი, რომ არ ყოფილიყო ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი ტემპით მივდიოდით, მათ შორის ესტონური მოდელითაც, როდესაც კომპანიებს მოგების რეინვესტირების შესაძლებლობა ჰქონდათ ისე, რომ მოგების გადასახადი არ გადაეხადათ, მაგრამ პროცესს დღეს უფრო თამამი გადაწყვეტილებები სჭირდება, იქნება ეს საშემოსავლო გადასახადის შემცირება, თუნდაც რაღაც პერიოდის განმავლობაში, თუ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა 100-დან 300 ათას ლარამდე, იქნება ეს დღგ-ს შემცირება. ყველაფერ ამას თავისი ეფექტი აქვს და ამ კვლევაში ნათლად ჩანს, რომ თუ მხოლოდ საშემოსავლოს ნაწილში მოხდება გადასახადის დაწევა 12%-მდე, ეკონომიკა შესაძლოა 2.7%-ით უფრო სწრაფად გაიზარდოს, რაც დღეს ძალიან კრიტიკულია.

საშემოსავლო გადასახადი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადასახადია. კომპანიების 90%-ს, აღდგენა დაიწყონ, ლიკვიდური სახსრები სჭირდებათ. სავაჭრო ცენტრებმა გავავრცელეთ, რომ ქონების გადასახადი მოეხსნათ, რათა სამუშაო ადგილები შეგვენარჩუნებინა და აღდგენის პროცესი დაგვეჩქარებინა“, - აღნიშნა ლევან ყარალაშვილმა.

თბილისი ცენტრალის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ დღეს ეს ხედვა ხელისუფლებას არ აქვს. ის მთავრობის წარმომადგენლებსა და პარლამენტარებს რჩევას აძლევს.

„თუ ხელისუფლება ინვესტორთა საბჭოს და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევის შედეგებს გაითვალისწინებენ, ვფიქრობ, ქვეყნის გამოცოცხლებას უფრო სწრაფად შევძლებთ. თუ აღდგენას 2-3 წელი სჭირდება, ეს უფრო სწრაფად მოხდება.

რჩევას მივცემდი ხელისუფლების წარმომადგენლებს და კანონმდებლებს, რომ ინვესტორთა საბჭოს მიერ წარმოდგენილი კვლევის შედეგების სიღრმისეული ანალიზი დაიწყოს და სამუშაო ეკონომისტთა ჯგუფი შეიქმნას, რომელიც გაანალიზებს, თუ რა დადებითი ეფექტი შეიძლება მოუტანოს სახელმწიფოს მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ჭრილში კონკრეტული გადასახადების შემცირებამ. იმიტომ, რომ აქ ნამდვილად გვაქვს რეზერვები, რომ ბიზნესებმა მეტი ლიკვიდურობა შეინარჩუნონ. ამ მიმართულებით თუ უფრო მეტი სიღრმისეული ანალიზი გაკეთდება მივესალმებით.

ბიზნესის ინდექსი საკმარისი აღარ არის. ჩვენ აღმოვჩნდით იმ ქვეყნების სიაში, სადაც არასტაბილური პოლიტიკური გარემოა, იმ ქვეყნების სიაში, სადაც უცხოური ინვესტიციები წლებია იკლებს, სადაც ეკონომიკური ზრდა მინიმუმზეა ჩამოსული და ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგალითად ანაკლია გაჩერებულია. ფაქტობრივად სახელმწიფო ხაზი და ეკონომიკური პოლიტიკა სრულად აცდენილია, რასაც ინვესტორები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები გვეუბნებიან, ამასთან თანხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სავაჭრო ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა.