მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადასახადის გადამხდელთა კავშირი განცხადებას ავრცელებს

5e8ce070adf49
BM.GE
08.04.20 00:17
1245
გადასახადის გადამხდელთა კავშირი კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ ვითრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად, უმთავრეს და არანაკლებ მწვავე გამოწვევას მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისი წარმოადგენს.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

"კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლა დღეს თითოეული ჩვენგანის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს და მიგვაჩნია, რომ რთულია არსებული მონაცემებითაც კი განსაზღვრო ის სირთულეები, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს არა მარტო ჩვენი ქვეყანა, არამედ მთელი მსოფლიო. შესაბამისად, ბიზნესის ნაწილმა და ასევე, ცალკეულმა მოქალაქეებმა, საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სრულიად უანგაროდ გადაწყვიტეს ამ ბრძოლაში გვერდში დადგომოდნენ ხელისუფლებას და შესაძლებლობების ფარგლებში, სპეციალურად შექმნილ ფონდში ფინანსური შენატანების სახით, მატერიალური მხარდაჭერაც აღმოუჩინეს მას. Და ამ შენატანების ოდენობა ყოველდღიურად მზარდია და დღეის მდგომარეობით, 24,2 მლნ ლარი შეადგინა.

პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად, უმთავრეს და არანაკლებ მწვავე გამოწვევას მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისი წარმოადგენს. გადასახადის გადამხდელები სწორედ იმ ფუნდამენტს წარმოადგენენ, რომელზეც დგას როგორც ქვეყნის ეკონომიკა, ასევე მისი სოციალური თუ ჯანდაცვითი შესაძლებლობები. შესაბამისად, ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა და ამ მიმართულებით სწორი პოლიტიკის განსაზღვრა, ჯანდაცვის სისტემის ორგანიზებასთან ერთად, უნდა წარმოადგენდეს ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტს, სხვაგვარად შეუძლებელია მოვახდინოთ დაფინანსების გადაუდებელ საჭიროებებზე მიმართვა.

საზოგადოებისა და ხელისუფლების სრული სოლიდარობის პერიოდში, ჩვენ მოთმინებით ველოდით მთავრობის მხრიდან სწრაფ და ბიზნესის მხარდასაჭერად გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს, თუმცა, სამწუხაროდ, ამ დრომდე მკაფიო ორიენტირები ჯერ კიდევ არ იკვეთება. ასევე, გაურკვეველია სწორედ ამ 24,2 მილიონი ლარის გახარჯვის სქემაც, რომელიც, უნდა აღინიშნოს, რომ არის არა ბიუჯეტის ნაწილი, არამედ, ამ ქვეყნის მოქალაქეების სრულიად უანგარო შემოწირულობა იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს ვირუსის დამარცხება და ქვეყნის გამოყვანა ღრმა კრიზისიდან.
ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ფონდში აკუმულირებული თანხების ასათვისებლად პრიორიტეტების განსაზღვრას არ უნდა ახდენდეს მხოლოდ მთავრობა ერთპიროვნულად, არამედ ეს უნდა მოხდეს სწორედ შემომწირველთა აქტიური მონაწილეობით, რათა სამართლიანად და მიზანმიმართულად მოხდეს როგორც ხარჯვის მიმართულებების განსაზღვრა, ასევე რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს კონკრეტული მოქმედებები", – წერია განცხადებაში.