მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადავადდება თუ არა DCFTA-ით განსაზღვრული რეგულაციები?- გენადი არველაძის პასუხი ბიზნესს

6022a6e18059e
ელენე გოგბერაშვილი
09.02.21 23:10
893
პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით კერძო სექტორი მთავრობას წელს დაგეგმილი რეგულაციების მიღების დროში გადავადებას სთხოვს. მათ შორის საუბარია საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული რეგულაციების გადავადებაზე.

საქართველომ DCFTA-ს ფარგლებში 2020 წელს გაწერილი გეგმა შეასრულა, თუმცა ჯერ კიდევ მისაღებია სასმელების მწარმოებლებისთვის შესაფუთი მასალების მართვასთან დაკავშირებით დებულება. სწორედ ამ რეგულაციის გადავადებას ითხოვს „ნატახტარის“ კორპორატიული დირექტორი, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

ის, რომ ბიზნესისთვის ახალი რეგულაციები წნეხი არ აღმოჩნდეს და ამასთან ხელი არ შეეშალოს ევროკავშირთან საკანონმდებლო კუთხით დაახლოების პროცესს, დეპუტატები აღმასრულებელ ხელისუფლებას ფრთხილი გადაწყვეტილებების მიღებას ურჩევენ.

„მთავარ გამოწვევას რასაც ვუყურებ არის ის, რომ ნებისმიერი რეგულაციის შემოღება ბიზნესისთვის იქნება საკმაოდ რთული, გამომდინარე იმ ეკონომიკური კრიზისიდან რაც გლობალურად არსებობს. შესაბამისად ჩვენ მაქსიმალურად ფრთხილად - ისე რომ მაქსიმალურად დავუახლოვოთ ჩვენს რეალურ საბაზრო პირობებს ეს რეგულაციები - უნდა მივუდგეთ ამ რეგულაციების განხორციელებას, რომ არ დავაზიანოთ ბიზნესი, რომელიც არის და იქნება სამუშაო ადგილების მთავარი წყარო მომდევნო წლების განმავლობაში", - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე განმარტავს, 2021 წელს სამოქმედო გეგმა 26 საკანონმდებლო აქტთან დაახლოებას გულისხმობს, მათ შორის არის სანიტარული და ფიტოსანიტარული კანონმდებლობიის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან, მათ შორის ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, თაფლისა და აკვაკულტურის მიმართულებით. ასევე წელსვე საქართველოს მისაღები აქვს ფოსტის შესახებ კანონი და ელექტრონული კომერციის შესახებ კანონი. გენადი არველაძე ამბობს, რომ ყველა საკითხზე მთავრობა გადაწყვეტილებას ბიზნესთან კონსულტაციების გზით მიიღებს, თუმცა ვალდებულების შესასრულებლად გაწერილ ვადებში.

„ჩვენ განვიხილავთ ყველა რეგლამენტს, რომელმაც შეიძლება იქონიოს გავლენა ეკონომიკურად მათზე და წინასწარ გავდივართ ასეთ დირექტივებს, ვითვალისწინებთ მათ გამოწვევებს, რეალობას რა თქმა უნდა და შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით. ასე მოხდება 2021 წელსაც, ჩვენ აბსოლუტურად ბიზნესთან კონსულტაციით მოვახდენთ იმპლემენტაციის ვადების განსაზღვრას, თუმცა როგორც მოგეხსენებათ არის შეთანხმებით აღებული ვალდებულება დროში, როდის უნდა მივიღოთ კანონი", - განაცხადა გენადი არველაძემ.