მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადავდგები - მასკი

63a2a8a8143c6
გიორგი თოლორდავა
21.12.22 10:37
717
მსოფლიოს უმდიდრესი ამერიკელი მეწარმის განცხადებით, ის მოსახლეობის გადაწყვეტილებას დაემორჩილება და Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას დატოვებს.

ილონ მასკის განმარტებით, ის CEO-ს როლს მას შემდეგ დათმობს, რაც თავის ჩამნაცვლებელს იპოვის, ამის შემდეგ კი ის კომპანიის პროგრამულ მიმართულებას გაუძღვება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში მასკმა საჯარო გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა 17.5 მილიონმა მომხმარებელმა მიიღო და 57.5%-მა მხარი დაუჭირა მის გადადგომას.

ვინ გაუძღვება Twitter-ს, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ერთ-ერთ კანდიდატად კომპიუტერული მეცნიერებების დოქტორი და პოპულარული პოდკასტის ავტორი, ლექს ფრიდმანი განიხილება.

აღსანიშნავია, რომ ფრიდმანმა Twitter-ის მართვის იდეა მასკს თავად შესთავაზა, თანაც სრულად უსასყიდლოდ.

„შემოთავაზება მექნება: ნება მომეცი ცოტა ხნით Twitter-ს გავუძღვე. ანაზღაურება არ არის საჭირო. სრული ფოკუსი იქნება დიდებულ ინჟინერიაზე და მსოფლიოში სიყვარულის გავრცელებაზე. უბრალოდ ჩემს დახმარებას გთავაზობთ“, - განაცხადა ფრიდმანმა.

„როგორც ჩანს, ტკივილში ყოფნა ზედმეტად გიყვარს. ერთი ნიუანსია: Twitter-ში შენი ცხოვრების დანაზოგების ინვესტირება მოგიწევს და უნდა გაითვალისწინო, რომ მაისის შემდეგ კომპანია გაკოტრებისაკენ მიმავალ სწრაფ გზაზეა. ისევ გინდა ეს სამსახური?“, - უპასუხა მასკმა.

ცნობისთვის, Twitter-ის შესაძენად ილონ მასკს 44 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწია, აღნიშნული თანხის ნახევარი სხვადასხვა ბანკისა და ფონდებისგან აღებული ვალი იყო, ნაწილი კი კომპანია Tesla-ს აქციების გაყიდვით მიღებული თანხა.