06.ივლისი .2020 14:01

გადაწყვეტილება მიღებულია - რა პირობით და როდის გაიხსნება აუზები და სპორტდარბაზები

views 1134
უკან

საცურაო აუზები და სპორტდარბაზები შრომის ინსპექციის შემოწმების შემდეგ გაიხსნება, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრეს-სამსახური ავრცელებს.

"აუზებისა და სპორტდარბაზებისთვის დადგენილ რეგულაციებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი დღეს გამოაქვეყნებს და ხვალიდან, მოთხოვნის შესაბამისად დაიწყებს შემოწმებას. საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ინსპექტირებას, დაუყოვნებლივ შეძლებენ ფუნქციონერების განახლებას", - აცხადებენ მთავრობაში.

ამასთან, დღეიდან უკვე დასაშვებია ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც, ასევე გაიხსნა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებმაც, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმების შედეგად, დადგენილი სტანდარტები დააკმაყოფილეს. დასაშვები გახდა ღია სივრცეში არსებული ატრაქციონების ფუნქციონირებაც.

საბჭომ ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა, ასევე შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები ღია სივრცეებში კულტურული ღონისძიებების ჩატარების წესებთან დაკავშირებით.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა საქმიანობების გახსნაზე ეტაპობრივად მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა