მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადაწყვეტილებები, რომელიც მთავრობამ დღეს მიიღო/დაანონსა

5e9f06b2de1cd
თელარა გელანტია
21.04.20 18:42
4903
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება. მთავრობამ ოფიციალური მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს დღეს გაუგზავნა და რამდენიმე წუთში პრეზდენტის თანხმობაც მიიღო. „ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის, მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, გამოვცემ ბრძანებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. ბრძანების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა გაგრძელდება 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღესვე, პრემიერის პრეს-სპიკერის ირაკლი ჩიქოვანის ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ მთავრობა შეზღუდვების ნაწილის მოხსნას 27 აპრილიდან გეგმავს.

„საგანგებო მდგომარეობის პირობებში ჩვენ შესაძლებლობა გვექნება მოვხსნათ გარკვეული შეზღუდვები, რომელიც აქამდე მოქმედებდა და 27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა. ამასთან, სპეციალისტების პროგნოზების გათვალისწინებით, 2-3 კვირის შემდეგ პიკის გადალახვის შემთხვევაში, აქტიურად შევძლებთ დავიწყოთ შეზღუდვების მოხსნის გეგმის განხორციელება და ეკონომიკური აქტივობებისთვის, ასევე, ეკონომიკური ცხოვრებისთვის ხელშეწყობა“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ასევე, დღეს გაირკვა, რომ საქართველოს მასშტაბით, ავტომანქანების გადაადგილების აკრძალვა ძალაში 27 აპრილამდე დარჩება, გარდა გამონაკლისებისა.

„ჩვენ გვესმის ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც შეზღუდვების პერიოდშიც ხედავენ ავტომობილების გადაადგილებას ქუჩაში და გამოხატავენ გარკვეულ უკმაყოფილებას. გვინდა მათთვის კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება სამედიცინო სექტორის წამომადგენლებს, საკვებისა და სასურსათო ობიექტების, ადგილზე მიტანის სერვისების თანამშრომლებს, ასევე, ინფრასტრუქტურული სამუშაოების განმახორციელებელ სუბიექტებს და სხვა იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობაც, მათ შორის ეკონომიკური, დაშვებულია საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში. ისინი გაადვილდებიან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით და მათი ყოველდღიური აქტიურობა და გადაადგილება აუცილებელია იმისათვის, რომ მთავარი და აუცილებელი ფუნქციები ქვეყანაში იქნას შესრულებული“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც პრემიერის სპიკერმა დაანონსა, ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას ეხება. როგორც ირკვევა, 24 აპრილს მთავრობა წარმოადგენს ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პროექტს, რომელიც ორი ეტაპისგან შედგება. ესენია - მიზნობრივი სოციალური დახმარების ანტიკრიზისული გეგმა და ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა

„ამასთან, პარასკევსვე იქნება წარმოდგენილი შეზღუდვების თანმიმდევრული ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა და შესაბამისად, ეკონომიკის გახსნის გეგმა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აქტიურად გაგრძელდება მუშაობა უკვე პოსტკრიზისულ გეგმაზე. ჩვენს მოქალაქეებს გვინდა ვუთხრათ, რომ რაც უფრო ზედმიწევნით, რაც უფრო ზუსტად აღსრულდება დაწესებული შეზღუდვები, მით უფრო სწრაფად გახდება შესაძლებელი შემსუბუქების გეგმის განხორციელება, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა. შესაბამისად, თითოეული მოქალაქე ამ საკითხს უდიდესი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს. გვესმის, რომ რთულია შეზღუდულ პირობებში ცხოვრება, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში, რაც უფრო ზუსტად იქნება დაცული ეს რეკომენდაციები, მით მალე დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში. ამიტომ, გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს, გავუფრთხილდეთ სხვებს და გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის მომავალს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.