მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადახდისუუნარობის ახალი კანონი გაკოტრების წინაშე მდგომი ბიზნესების რეაბილიტაციას უზრუნველყოფს

60182f28372e5
BM.GE
02.02.21 00:00
1025
„პანდემიის გამო ახლა, ალბათ, ჩვეულებრივზე მეტი ბიზნესი მიმართავს გადახდისუუნარობის პროცედურებს, ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეფექტიანი სისტემის არსებობა“,- ამბობს ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის დამფუძნებელი ნანა ამისულაშვილი. მისი შეფასებით, საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას მოქნილობა აკლდა, რის გამოც ის ბიზნესისთვის ეფექტიან მექანიზმს არ წარმოადგენდა.

2020 წლის სექტემბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი, რომელიც 2021 წლის აპრილში შედის ძალაში. კანონი რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ უზრუნველყოფს გადახდისუუნარო ბიზნესების დროულად აღდგენას. USAID, სხვა დონორებთამ ერთად, აქტიურ მხარდაჭერა უწევდა კანონმდებლობის შემუშავებისა და ადვოკატირების პროცესს. ამ პროცესში იყო ჩართული ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციაც. BMG-სთან საუბარში ასოციაციის ხელმძღვანელი, ნანა ამისულაშვილი ამბობს, რომ ახალი კანონმდებლობის ეფექტიანობას განსაზღვრავს ის, თუ რამდენად სწრაფად არის შესაძლებელი მისი მეშვეობით რეაბილიტაციის პროცესის გავლა.

“გადახდისუუნარობის სისტემის ეფექტიანობისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ პროცედურები იყოს სწრაფი, წინააღმდეგ შემთხვევაში გაჭირდება მიმდინარე ბიზნეს აქტივობის შენარჩუნება და რეაბილიტაციის შანსიც შემცირდება. სწორედ ამ მიზნით ახალ კანონში მთლიანად იცვლება პროცედურების კონსტრუქცია კერძოდ: მოქმედ კანონში პროცესი იწყება ზოგადი ნაწილით და მხოლოდ დიდი ხნის მერე ხერხდება კონკრეტული მიმართულების განსაზღვრა (გაკოტრება ან რეაბილიტაცია), ამ დროს იკარგებოდა რეაბილიტაციის შანსი.

ახლა უკვე საქმე თავიდანვე კონკრეტული მიმართულებით გაიხსნება, განცხადებაშივე უნდა იყოს ის ინფორმაცია, რაც სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების საფუძველს შეუქმნის. გარდა ამისა პროცედურების დაჩქარებას ემსახურება რეაბილიტაციის ჩაკეტილი ვადა, ბიზნესს და მის კრედიტორებს აქვთ 9 თვე, რათა შეადგინონ და დაამტკიცონ რეაბილიტაციის გეგმა, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ბიზნესი ავტომატურად გადადის გაკოტრების რეჟიმში. ამგვარი ჩამკეტი მექანიზმიც იმიტომ გახდა საჭირო, რომ მოვალეები ხშირად იყენებდნენ ბოროტად დროს და აჭიანურებდნენ პროცედურებს, ხოლო კანონში თუ ამ სიტუაციის შესაბამისი მარეგულირებელი ნორმა არ დევს, სასამართლო ვერაფერს იზამს,”- განმარტავს ამისულაშვილი. მისივე თქმით, არსებული კანონმდებლობის პირობებში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების საშუალო დრო არის 3-5 წელი იყო. ამასთან, ბიზნესისთვის პრობლემური იყო მოვალეთა დაკმაყოფილების საკითხიც.

“გარდა ვადების პრობლემისა, ძველი კანონი ასევე არასწორად აწესრიგებდა კრედიტორების უფლებებისა და სამეურვეო მასის საკითხს. რეაბილიტაციისათვის სასიცოცხლო მნიშვნელოვაია ახალი დაფინანსება, რისთვისაც ძველ კანონში არ იყო შესაბამისი დაცული ჩარჩო. შედეგად ძალიან ხშირად დაფინანსების არქონის გამო ბიზნესი ირჩევდა გაკოტრების გზას. ახალი კანონით ეს პრობლემაც მოგვარებულია.

ახალი კანონში არის მნიშვნელოვანი სიახლე, მესამე პროცედურა - რეგულირებული შეთანხმება, რომელიც არის ერთგვარი მოლაპარაკების სივრცე ბიზნესისა და მისი კრედიტორებისთვის. ამგვარი პროცედურები ახლა ინერგება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 2019 წლის დირექტივის ძალით,”- აცხადებს ასოციაციის ხელმძღვანელი.

ნანა ამისულაშვილის განცხადებით, რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაცია (BRIPA) 2018 წელს დაფუძნდა და მის მიზანს ამ საკითხთან მიმართებით კერძო სექტორის დაინტერესების ზრდა წარმოადგენს.