მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადახედავს თუ არა ეროვნული ბანკი ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს?

5dd563a5c2dd9
დავით ჯალაღონია
20.11.19 21:21
1365
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განმარტებით, 2020-2022 წლებისთვის თარგეტირებული ინფლაციის 3%-იანი მაჩვენებელი ლიმიტი არ არის. ამის შესახებ გვენეტაძემ ჟურნალისტებს ირაკლი კოვზანაძის მოსაზრების შეფასებისას განუცხადა, რომლის თანახმად, "უნდა მოხდეს რეალობის გათვალისწინება, თუ რამდენად შესაძლებელია, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის (3%-ის) მიღწევა".

"ეს არ არის ლიმიტი. ეს არის მიზნობრივი მაჩვენებელი. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფაქტორის გამო, შესაძლებელია, ინფლაცია იყოს ამ მაჩვენებელზე მაღალი, ან დაბალი. ეროვნული ბანკის ფუნქცია ამ შემთხვევაში არის ის, რომ მიიღოს ადეკვატური და თანმიმდევრული ზომები, რომელიც მიმართული იქნება იმისკენ, რომ ორივე შემთხვევაში, როდესაც მაღლა არის ფაქტიური ინფლაცია, ან ქვემოთ არის მიზნობრივ ინფლაციაზე, დაუახლოვოს მიზნობრივ ინფლაციას. აქედან გამომდინარე, ჩვენი ყველა ქმედება ამაზე იქნება დაფუძნებული", – განმარტა გვენეტაძემ, თუმცა არ დაუზუსტებია, წლის ბოლომდე ინფლაციის პროგნოზს შეცვლის თუ არა.

შეგახსენებთ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარადგინეს.