მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გადაზიდვების დღევანდელი მდგომარეობა ქვეყანამ ჭკვიანურად უნდა გამოიყენოს“ - დარგის გამოწვევები

62e7727963b4c
ვიქტორია მღებრიშვილი
31.07.22 15:00
1007
„როგორც იქნა საქართველოს ტრანზიტული ქვეყნის სტატუსი შეგვიძლია რეალობად ვაქციოთ, თუმცა სამწუხაროდ, საქართველო ინფრასტრუქტურულად ამისთვის მზად არ არის“ - ასე აფასებს კომპანია Logistics Solutions-ის გენერალური დირექტორი ირაკლი ცანკაშვილი გადაზიდვების სფეროში დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას.

BM.GE-სთან საუბრისას ის იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომელიც კომპანიებს გადაზიდვების პროცესში ექმნებათ.

„იმ მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც უკრაინაში ხდება საქართველოს სატრანსპორტო დერეფანზე მოთხოვნა გაზრდილია. როგორც იქნა ტრანზიტული ქვეყნის სტატუსი შეგვიძლია რეალობად ვაქციოთ, თუმცა სამწუხაროდ, საქართველო ინფრასტრუქტურულად არ არის მზად იმისთვის, რომ ამ დიდი დატვირთვას გაუძლოს.

ეს ქვეყანას ძალიან აზარალებს. პორტები გაზრდილ ტვირთნაკადს ვერ ამუშავებენ და ყველაფერი გაჭედილია. მიუხედავად იმისა, რომ სარკინიგზო ინფრასტრუქტურა უკეთეს მდგომარეობაშია, რკინიგზაც ვერ უწყობს ფეხს, რადგან ყველაფერი ერთმანეთთან ჯაჭვურ რეაქციაშია, პორტში გაჩერებული ვაგონები ვერ იტვირთება. ახლაც დასატვირთი გვაქვს ვაგონები, თუმცა ცარიელი ვაგონები ვერ შემოგვყავს, რადგან სანამ უკვე სხვადასხვა ტერმინალებში არსებული ვაგონების დატვირთვა და გაშვება არ განხორციელდება, ფიზიკურად ახალი ვაგონებისთვის ადგილი არ არის და ისინი საზღვარზე, დამახარისხებელ სადგურშია გაჭედილი.

ეს კომპანიისთვისაც საკმაოდ შემაფერხებელია, რადგან ყველაფერი გვიანდება. კონტეინერები მოცდენაზე მიდის, ტვირთებს დამატებითი შენახვის ხარჯები ერიცხება, რომელიც დამატებით ხარჯს წარმოადგენს ჩვენთვის. ვცდილობთ მაქსიმალურად ჩვენ თავზე ავიღოთ რისი საშუალებაც გვაქვს და კლიენტი არ გავანაწყენოთ, თუმცა ყველაფერს ჩვენს თავზე ვერ ვიღებთ და ეს დამატებითი დანახარჯები კლიენტების უკმაყოფილებას იწვევს. ყველაფერი ეს მიწოდების ჯაჭვის შეფერხებას და გადაზიდვის სატრანზიტო დროის გაზრდას იწვევს“, - განმარტავს ცანკაშვილი.

აღსანიშნია, რომ ლოგისტიკური კომპანიის დატვირთვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 30-40%-ით გაიზარდა. კომპანიის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ქვეყნისთვის გრძელვადიან პერიოდში, გადაზიდვების კუთხით გაზრდილი მოთხოვნის შენარჩუნება უნდა მოხდეს, ეს საკითხი კი სამთავრობო დონეზე უნდა გადაწყდეს.

„ადრე ტვირთების დიდი ნაკადი რუსეთის სატრანზიტო (ე.წ. ჩრდილოეთ) დერეფნით მიდიოდა, რაც ჩვენს დერეფანზე გაცილებით იაფი ჯდებოდა. ეს ცალკე პრობლემაა. ამაზე ქვეყნებს შორის სამთავრობო დონეზე ცალკეული შეთანხმებები უნდა მოხდეს. ახლა კომპანიები იძულებული არიან ჩვენი დერეფნით გადაიტანონ ტვირთები, რადგან რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო სხვა გზა არ აქვთ, თუმცა როგორც კი სანქციები მოიხსნება, ან ალტერნატივა გაჩნდება, თუ სატარიფო პოლიტიკა არ დარეგულირდება, კლიენტი მაშინვე სხვაგან გაიქცევა, სადაც უკეთესი პირობები იქნება. დღეს არსებული მდგომარეობა ქვეყანამ ჭკვიანურად უნდა გამოიყენოს, რომ საქართველოსკენ წამოსული კლიენტები და ტვირთნაკადი შეინარჩუნოს“, - ამბობს ცანკაშვილი.

Logistics Solutions-ის დამფუძნებელი ქვეყანაში ლოგისტიკის სფეროში არსებულ გამოწვევაზეც ამახვილებს ყურადღებას. ის ამბობს, რომ საქართველოში ლოგისტიკურ კომპანიებს ოპერირებისას პრობლემებიც ექმნებათ. მისი შეფასებით, დარგი არ რეგულირდება, რაც მხარეებს შორის მომსახურების გაწევა-მიღებისას გარკვეულ რისკებსა და სირთულეებს ქმნის.

„სფერო არ რეგულირდება. ნებისმიერს, ვისაც გაუხარდება შპს-ს დარეგისტრირება და თავის „ექსპედიტორად მონათვლა“ შეუძლია. ისინი აცხადებენ, რომ ექსპედიტორები არიან და შესაძლოა, სახლიდან ერთი ლეპტოპითაც ახორციელებდნენ სერვისს, ყოველგვარი პასუხისმგებლობის და კაპიტალის, ცოდნის, გამოცდილების გარეშე. ეს არის დარგი, რომელიც კონტროლს და რეგულირებას უნდა ექვემდებარებოდეს. არ შეიძლება ნებისმიერი კომპანია ექსპედიტორად დარეგისტრირდეს. მაგალითისთვის გეტყვით, რომ გერმანიაში კომპანიის დასარეგისტრირებლად მინიმალური საწესდებო კაპიტალი 25 000 ევროა, საქართველოში ასეთი მოთხოვნა არ არსებობს. ერთი მხრივ ეს ბიზნესის გახსნის სიმარტივის კუთხით კარგია, მაგრამ არ შეიძლება ეს ნებისმიერ სფეროზე ვრცელდებოდეს. ასეთ კომპანიებს არც ინფრასტრუქტურა აქვს და არც დაზღვევა. პასუხისმგებლიანი კომპანიები კი მომსახურებას დაზღვევით სთავაზობენ და მართვის სტრუქტურა გამართული აქვთ, რაც უფრო მეტ საოპერაციო ხარჯთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე არათანაბარი კონკურენტული გარემო იქნება. ამიტომ რთული სათქმელია, რა ბაზრის წილი უკავია დღეს Logistics Solutions-ს საქართველოში“, - განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა.