მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაძვირდება თუ არა დოლარის სესხები FED-ის გადაწყვეტილების შემდეგ?

62ab28965ad9c
მარიამ ვარადაშვილი
17.06.22 09:00
3172
თიბისის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია აცხადებს, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (FED) მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შემდეგ, საქართველოში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები გაძვირდება.

გუშინ, 15 ივნისს, FED-ის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი 75 საბაზო პუნქტით გაიზარდა. განაკვეთის 0.75%-იანი ზრდა აშშ-ის ისტორიაში უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია - მსგავსი გადაწყვეტილება FED-მა ბოლოს 1994 წელს მიიღო. გამკაცრების შედეგად, FED-ის ძირითადი განაკვეთი 2.25 – 2.5%-ის ფარგლებში მერყეობს და მოსალოდნელია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი წლის ბოლომდე 3.5%-მდე გაიზარდოს.

“FED-ის მიერ განაკვეთის აწევა მოლოდინების შესაბამისი იყო. უნდა ითქვას, რომ საქართველოში რეკორდულად დაბალი საპროცენტო განაკვეთების პერიოდი უკვე დასრულებულია და საპროცენტო განაკვეთების ზრდა დოლარისა და ევროს სესხებზეც აუცილებლად იქნება. ეს რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკისთვის, მსესხებლებისთვის და საერთაშორისო ბაზრებიდან მოზიდული თანხებისთვის კარგი არ არის. განაკვეთების ზრდის მიუხედავად, დოლარის გამყარებას არ ველოდებით. ზოგადად, ძალიან რთულია პროგნოზი ბაზარზე მერყეობის გამო, თუმცა საშუალოვადიან პერსპექტივაში უფრო მყარ ევროს ველოდებით, ვიდრე დოლარს. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს: პროცენტის შესაძლო ზრდა დოლარის არსებულ ფასში უკვე ჩადებულია, ხოლო დოლარის კურსის ფორმირებაზე, მოლოდინებზე მეტად განაკვეთის ზრდა მოქმედებს. მეორე ფაქტორი არის ის რომ დოლარი, ევროსაგან განსხვავებით, ისედაც მყარია. და მესამე, რომ გრძელდავიანი განაკვეთების პროგნოზი უფრო ევროს სასარგებლოდაა, ვიდრე დოლარის”,-აცხადებს ნადარაია.

ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის ჯერომ პაუელის განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გარდაუვალი იყო, რადგან ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდის დონე მნიშვნელოვნად გასცდა FED-ის მიერ განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებელს. გასულ თვეს აშშ-ში ინფლაციის დონემ 8.6%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც ბოლო 40 წლის უმაღლესი მაჩვენებელია.

“ეს რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ ქართველ მომხმარებელს დოლარში აღებული სესხი გაუძვირდება. სამწუხაროდ, საერთაშორისო ბაზრებიდან მოზიდული სახსრები ავტომატურად გაძვირდება, რადგან ეს დამოკიდებულია ამ განაკვეთებზე. სესხები ფინანსდება ორივე რესურსით საერთაშორისო ბაზრებიდან მოზიდული სახსრებიდანაც და ადგილობრივი დეპოზიტებით. სესხები სამწუხაროდ გაძვირდება, მაგრამ უფრო შერეული ზეგავლენით, ვიდრე ის პროცენტი, რაც საერთაშორისო ბაზრებზე დაფიქსირდა, რადგან ადგილობრივ დოლარის დეპოსიტებზე უფრო ნაკლებ ზრდას ველით”,-აცხადებს ნადარაია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, აპრილში დოლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის საშუალო მაჩვენებელი 7.31% იყო. ცენტრალურ ბანკს მაისის მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია.