მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაძვირდება თუ არა პური ?

61a9db30ca2a2
ვიქტორია მღებრიშვილი
03.12.21 19:20
1083
„დღეს 1 ტომარა ფქვილის ფასი 73 ლარია, როდესაც სეზონის დასაწყისში 60 ლარი იყო“, - ამის შესახებ "საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა ფქვილის და შესაბამისად პურის ღირებულების საკითხზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

ლევან სილაგავამ ის მიზეზები განმარტა, რომლებიც საქართველოში ფქვილის გაძვირებას იწვევს და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბაზარზე არსებული მდგომარეობა ადგილობრივი წარმოების ფქვილის ფასზე უკვე აისახა. ის აღნიშნავს, რომ ახალი წლიდან საქართველოში ფქვილის ღირებულებაზე კიდევ 2 დამატებითი ფაქტორი იქონიებს გავლენას, შესაბამისად მოსალოდნელია პროდუქტის კიდევ უფრო გაძვირება.

„ფქვილის ფასი, სამწუხაროდ, გაზრდილია იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო ბაზრებზე მოსავალი საკმაოდ დაბალი იყო და მოლოდინიც არ არის კარგი. ამასთან არის გამოწვევები, რომლებიც 8 ექსპორტიორ ქვეყანაში ხორბლის კრიზისს უკავშირდება. 

ახალი წლიდან ველით ორ გამოწვევას - ეს რუსეთის მხრიდან ხორბალზე კვოტების დაწესებას შეეხება, რომელიც სავარაუდოდ 15 თებერვლიდან 1 ივლისამდე მცურავ ბაჟთან ერთად ამოქმედდება და მსოფლიოსთვისაც გარკვეული გამოწვევა იქნება.

მეორე ფაქტორი - წლის ბოლოს ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამა სრულდება. წლის დასაწყისში ელ.ენერგიის გაძვირების გამო იმ წარმოებებს, რომლებიც პირველადი მოხმარების პროდუქციას უშვებენ, სახელმწიფომ გაძვირებული გადასახადის ნახევარი დაუსუბსიდირა და ეს პროგრამა სრულდება და ეს აისახება ფქვილის ფასზე და მეპურეებსაც იგივე გამოწვევა აქვთ. მსოფლიო ანალიტიკოსები ბაზრებზე საკმაოდ კრიტიკულ მდგომარეობას პროგნოზირებენ. ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთება მარტი-აპრილისთვის შეგვეძლება. საკმაოდ რთული პერიოდი გველოდება მარტამდე“, - აცხადებს ლევან სილაგავა.

"საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" ხელმძღვანელისგან განსხვავებული პროგნოზი "პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარე მალხაზ დოლიძეს აქვს, რომელიც მსოფლიოში ხორბლის მოსავლიანობის შემცირებისა და ფასების ზრდის ფაქტორებს აანალიზებს, თუმცა ამბობს, რომ ახალ წლამდე საქართველოში ყველა ფაქტორის გათვალისწინებით პური არ გაძვირდება. მეტიც ის იმედოვნებს, რომ პურის არსებული ფასი ახალი წლის შემდეგაც შენარჩუნდება.

„ახალ წლამდე პურზე ფასი არ შეიცვლება, თუმცა გარკვეული პრობლემები არსებობს ხორბლის მსოფლიო ფასთან დაკავშირებით და დღეს მსოფლიო ბირჟებზე 1 ტონა ხორბლის ღირებულება 315-320 დოლარია.

რუსეთში დაწესებული საბაჟო გადასახადების გამო ადგილობრივი მწარმოებლებს ხორბლის იმპორტი გაუძვირდათ, შესაბამისად ადგილობრივი ფქვილის ღირებულება 71 ლარამდე გაიზარდა, ხოლო იმპორტირებული რუსული ფქვილი 66-67 ლარი ღირს. აქედან გამომდინარე პურის წარმოებები ფასს ჯერჯერობით არ ცვლიან, გარკვეული სტაბილიზაცია პურის ბაზარზე არის და ვიმედოვნებ, რომ ახალ წლამდე ასე იქნება. ახალი წლის შემდეგ მიმაჩნია, რომ ეს მდგომარეობა შენარჩუნდება. უნდა აღვნიშნოთ, რომ 1 დეკემბრიდან რეგიონებში ბუნებრივ აირის გაძვირება პურის წარმოებებზე არ ვრცელდება და ამიტომ ეს არ იმოქმედებს პურის ფასზე... მაგრამ თუ მსოფლიო ბირჟებზე 1 ტონა ხორბლის ფასი 400 დოლარს გადასცდება, მაშინ პური 10-15 თეთრით გაძვირდება“, - განმარტა მალხაზ დოლიძემ.